ავტორი:

"ბოევიკებმა მძევლებად აგვიყვანეს, ერთი ავტომატს ნიკაპზე ამომდებდა, ლულას მომაბჯენდა და..." - "ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის მძიმე წარსული და თხოვნა სახელმწიფოს

"ბოევიკებმა მძევლებად აგვიყვანეს, ერთი ავტომატს ნიკაპზე ამომდებდა, ლულას მომაბჯენდა და..." - "ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის მძიმე წარსული და თხოვნა სახელმწიფოს

წლების წინ საქართველოს ინტელექტუალური ტლეშოუების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ადამიანმა მაქსიმალური თანხა მოიგო და ეს იყო 20.000 ლარი. მისი მფლობელი ქალბატონი საქართველოში მასობრივად სწორედ მაშინ გაიცნეს. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ის პედაგოგი და სამაჩაბლოდან დევნილი გახლდათ... თუმცა ქალბატონ მანანას მისი ცხოვრების იმ რთულ ეპიზოდებზე, რაც თავის მშობლიურ სოფელში გადაიტანა, იმ პერიოდში არასდროს უსაუბრია. დღეს კი, ამ გადასახედიდან, როდესაც 30 წლის წინანდელ უმძიმეს ამბებს იხსენებს, ამბობს, რომ ის ყველაფერი ერთი სრულმეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარია და მასზე კარგი რეჟისორი ფილმსაც გადაიღებდა.

1990 წლამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო... თავის სოფელში, საყვარელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ასწავლიდა სკოლაში, უვლიდა კარმიდამოს, სახლს, მეურნეობას...

მანანა მაისურაძე:

- 30 წელი გავიდა, კინაღამ ნახევარი სიცოცხლე, რაც ჩვენი სამკვიდრო დაგვატოვებინეს და ლტოლვილებად გვაქციეს. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით სამხრეთ ოსეთად წოდებულ შიდა ქართლში, ძირძველ ქართულ მიწაზე, ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთში. მე და ჩემი მეუღლე პედაგოგებად ადგილობრივ სკოლაში ვმუშაობდით, ვზრდიდით ორ შვილს, გვქონდა მეურნეობა. არავის ხელში შემყურეები არ ვიყავით. მაგრამ, როგორც ძალიან ბევრ ზღაპარშია, დატრიალდა უბედურება და შემდეგ, მართლაც, ზღაპარივით წაეწყო ერთმანეთს უბედურება და ძნელბედობა. ჯერ სახლ-კარი დაგვიწვეს, შემდეგ ლტოლვილებად ვიქეცით და დავინახეთ, რომ აღარავინ ვიყავით.

არა, როგორ არ ვიყავით, მაგრამ იცით, ვინ? მაწანწალა, უსახლკარო, უსტატუსო, რომელსაც ბინის შეძენის უფლებასაც კი არ აძლევდნენ (აქ რომ შეიძინონ, მერე თავის სოფელში აღარ დაბრუნდებიანო). გადავდიოდით ნათესავიდან ნათესავთან, სანამ აგარაში ნათესავმა გოგია მინაძემ ბინა არ დაგვითმო. კარგად მახსოვს, მუყაოს ყუთებში გვეწყო ტანსაცმელი, თეთრეული - მაგიდაზე. რა დამავიწყებს იმ ღამეს, როცა ლეიბი გაშლილ გაზეთებზე დავაგე. აბა, რა ვიცოდი? არასოდეს არ მძინებია გაზეთებზე. მთელი ღამე საშინლად ჭრაჭუნობდა საწოლი.

- რატომ მაინცადამაინც აგარაში და არა, ვთქვათ, თბილისში? მაშინ დევნილების უმეტესობა დედაქალაქისკენ მოდიოდა.

- აგარა ჩვენი სოფლიდან 15 კმ-ით იყო დაშორებული. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, სამ თვეში დაბრუნდებითო, შეურაცხყოფად მივიღებდით. რატომღაც გვეგონა, რომ ორ კვირაში ყველაფერი ჩაწყნარდებოდა... ხშირად წამოუძახებიათ, რას გამორბოდით, ვერ დაეტიეთ თქვენს ადგილზეო? აბა, ის გადახდენოდათ, რაც მე გადამხდა და ვნახავდი, როგორ დაეტეოდნენ... წამოსვლამდე, ავად თუ კარგად, ვცხოვრობდით სოფელში, მხოლოდ ბავშვები გავიყვანეთ. ერთ ღამეს კი ოსი ბოევიკები თავს დაგვესხნენ და მძევლები აიყვანეს, მათ შორის, მეც (გადასაცვლელად ვჭირდებოდით).

- თქვენს მძევლად აყვანაზე მგონი, საჯაროდ არასდროს გისაუბრიათ...

- არა... ერთი მომიჩინეს დარაჯად. იდგა ჩემს წინ, ავტომატს ამომდებდა ნიკაპზე, ამაწევინებდა თავს, მერე შუბლზე მომაბჯენდა ლულას. რამდენჯერმე ასე რომ გააკეთა, ხელი ავუკარი და ვუთხარი, არა გრცხვენია? ისედაც მეშინია შენი-მეთქი. გამიკვირდა, უცებ რომ დაუშვა ლულა დაბლა. ერთმა კი დამიზნებით მესროლა ჩვეულებრივი თოფი - მორჩა თქვენი ბაირამობა, ახლა ჩვენი ჯერიაო. უკანასკნელ წამს ვიღაცამ აუკრა ხელი და ტყვიამ ახლოს გაიზუზუნა... ასეთი ეპიზოდი კიდევ ბევრი იყო...

როცა გაგვამწკრივეს და მანქანისკენ წაგვიყვანეს, მაშინვე ვიფიქრე: შე საწყალო ქართველო, როდემდე უნდა იარო შენს საკუთარ მიწაზე დატყვევებულმა?! ვიცოდი, გადასავარდნი ადგილი, სადაც იყო და ვიფიქრე, მანქანიდან გადავხტები და თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ რომ გადავიხედე, ორმეტრიანი თოვლი იდო და არ მოვკვდებოდი. იცით, ქალს რისიც ეშინია ყველაზე მეტად, მეც მეშინოდა. იქ მოვახერხე და უსაფრთხო სამართებლის პირი ვიშოვე. თუ რამე მოხდებოდა, ვენებს აუცილებლად გადავიჭრიდი. ძალიან ძნელია ყველაფრის მოყოლა, რაც იქ გადაგვხდა, ნერვიულობისაგან სახე გამიშეშდა, უცებ 10 წლით დავბერდი. მერე სამარცხვინო გზაზე გაგვატარეს - გვიყვიროდნენ, გვაგინებდნენ, გვაფურთხებდნენ... სახელი და გვარებიც მახსოვს მათი, მაგრამ ღმერთმა გადაუხადოს ის სულნამცეცობა და არაადამიანობა...

- სახელმწიფომ არაფერი იღონა თქვენს გამოსახსნელად?

- არა, როცა ჩემი გადაცვლა შესთავაზეს, ქარელის მაშინდელმა (1991 წლის თებერვალი) მილიციის უფროსმა შემოთვალა, ეგ კი არა, ჩემი შვილიც რომ იყოს, არ გადავცვლიო... რა ცინიზმია... ამ დროს არც მე ვიყავი იაკობ ჯუღაშვილი, არც ის გადასაცვლელი ოსი გენერალი პაულიუსი და არც ის მილიციის უფროსი სტალინი. ბოლოს ისევ ადგილობრივებმა იმარჯვეს, იმათი ბოევიკების მამები და ძმები დააკავეს გადასაცვლელად. მახსოვს, კობა გაბარაევზე გადამცვალეს. ჩემი შვილის მეგობარი იყო და სანახევროდ ჩემს სახლში გაზრდილი. გადაცვლის პროცედურა კიდევ სხვა იყო, ბევრი საშინელება გამოვიარე...

- მძევლობის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- გაუსაძლისი წლები დაიწყო გადარჩენისთვის. 90-იანებში ყველამ ვიცით, რაც გადავიტანეთ... რაღაც ტექნიკუმში ვმუშაობდი, თვეში სამ ლარს ვიღებდი. ბოლოს, როგორც იყო, გამოანათა. "რუსთავი 2“-მა დაიწყო პროექტი, რომელშიც, როგორც ცნობილია, პირველი ვიყავი, მაქსიმალური თანხა რომ მოიგო. ეს ჩემთვის ღვთის წყალობა იყო...

- ის გამარჯვება და თქვენი საოცარი შედეგი მართლაც დაუვიწყარია...

- ...იმ თანხით ბინის ყიდვა შევძელი, ასე თუ ისე, თავი დავიმკვიდრე... მე ვარ საქართველოს მოქალაქე და, ბუნებრივია, ჩემი სამოქალაქო მოვალეობა მაკისრია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მაგრამ ქვეყანასაც ხომ უნდა ჰქონდეს მოვალეობა თავისი მოქალაქის წინაშე?! 30 წელია, 1991 წლი 20 სექტემბერს დამწვარი სახლის კომპენსაცია ვითხოვ და არ მაძლევენ, გაქვს ბინაო. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ესე იგი, 30 წელი უბინაოდ უნდა ვყოფილიყავი, რომ მაგათ რამე მოეცათ? ამ ცდაში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და საფლავში წაიღო კომპენსაციის სურვილი. იქნებ მე მაინც მომცენ... ვიყავი მინისტრის მოადგილე ვინმე მამუკა ცოტნიაშვილთან. ხელგაშლილი შემხვდა, უი, ასეთ ქალს როგორ გახვეწნინებენ, აქამდე რატომ არ მოგცეს ბინაო? ძალიან დაიმედებული გამომიშვა და უკან წერლი მომაყოლა, ხანგრძლივ მომლოდინეთა სიაში ხართო. რატომ მაშინვე არ მითხრა, თუ ეგრე იყო? თუ იცოდა, რატომ არ თქვა, თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა?! ეს ყველაფერი ბოლო დროს ძალიან მაწუხებს...