ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება ქურდების დასაკავებლად და შემთხვევით მოკლული მეგობარი - აფხაზეთში მომხდარ ფაქტს ადგილობრივების მწვავე რეაქციები მოჰყვა

სისხლიანი დაპირისპირება ქურდების დასაკავებლად და შემთხვევით მოკლული მეგობარი - აფხაზეთში მომხდარ ფაქტს ადგილობრივების მწვავე რეაქციები მოჰყვა

20 ოქტომბერს, გუდაუთის რაიონის სოფელ ააცში, კრიპტოვალუტის მოწყობილობის ქურდობის მცდელობას ადგილობრივი ასტამურ არძინბა ემსხვერპლა. აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობით, მაინინგ-მოწყობილობის ქურდებს, არძინბა და მისი მეგობარი რენატ ფაჩალია შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ფაჩალიას მეგობარი მოძალადეებში აერია და ცეცხლი გაუხსნა. შედეგად არძინბა ადგილზე გარდაიცვალა.

"ფაჩალია შეიარაღებული იყო "კალაშნიკოვის" ავტომატით და სმირთან, გეზერდავასთან, ოტირბასა და არძინბასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწია ყაჩაღებს. შუაღამის 12-ის ნახევარი იყო და ფაჩალიამ მიმართულება სწორად ვერ განსაზღვრა და ცეცხლი მის ახალგაზრდა მეგობარს გაუხსნა" - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში, ე.წ. პროკურატურის ინფრომაციაზე დაყრდნობით.

აფხაზურმა "მილიციამ" ფაჩალია იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, ასევე გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ამოღებულია ორი ავტომატი, პისტოლეტი და ვაზნები. თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, თუმცა, ცნობილია, რომ ისინი ხუთნი იყვნენ.

ადგილობრივ საზოგადოებაში არსებული მღელვარების მიუხედავად, შემთხვევის შესახებ, მედიაში ძალიან ცოტა ინფორმაცია გავრცელდა. გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია არც ერთ ე.წ. ოფიციალურ უწყებას, რამაც ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია.

ასევე ადგილობრივის ცნობით, ქურდებს მილიციის თანამშრომელი ეხმარებოდა, "ის აწვდიდა ინფორმაციას, რაც ოკუპირებულ რეგიონში საკმაოდ აპირებირებული მეთოდია".

აფხაზი პუბლიცისტი დავით დასანია წერს, რომ გარდაცვლილი მისი უფროსი ვაჟის კლასელი იყო და შვილივით უყვარდა. თუმცა, კომენატრებში დასმულ კითხვაზე, საიდან ჰქონდა არძინბას იარაღი, არ პასუხობს...

"ასტამური საოცრად აღზრდილი ბავშვი იყო. საკუთარი შვილივით მიყვარდა. დანგრეული ვარ. რამდენიმე დღეა ვტირი... ერთადერთი მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, წყეული იყოს მისი მკვლელი. აღარ მაქვს იმედი, რომ ოდესმე აფხაზეთში სიმშვიდე და წესრიგი იქნება. რას აკეთებს ჩვენი ხელმძღვანელობა ამისთვის? ვიცი, რომ ამ კოშმარში ცხოვრება არ შემიძლია და არც მინდა. რაღაც ძალა მეძახის, რომ დავტოვო აქაურობა, რათა ჩემი შვილები გადავარჩინო, შვილიშვილები, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში გაიზარდნენ... ღმერთო, უშველე ჩემს ოჯახს.

ასტამურს ნორმალურ ქვეყანაში რომ ეცხოვრა, ის ცოცხალი იქნებოდა. ასეთ ქვეყანად რუსეთს კარგა ხანია არ ვთვლი და ამის უამრავი არგუმენტი მაქვს..." - წერს ის.

"ეს მოგვიტანა იარაღის უკონტროლო ტარებამ, რომელიც 30 წელია ვერ ამოვძირკვეთ. ჯერ ქართველების მიერ დატოვებული ქონების გამო ვხოცავდით ერთმანეთს, ახლა მაინინგის მოწყობილობა შემოგვიგდო რუსეთმა და მშვენივრად მუშაობს მისი გეგმა. იარაღი კი გვაქვს, სამუშაო არ არის, ვიღაც ფულს აკეთებს, ვიღაც - ვერა. ჰოდა, მუქთა ფული უყვართ ჩვენს ახალგაზრდებს, კარგი მანქანებისთვის, გართობისთვის, ნარკოტიკისთვის სჭირდებათ და ყაჩაღობენ. მეგობარი რუსეთი კი, გვიყურებს შორიდან. ცალკე თავის საქმეს იკეთებს, იქიდან შემოტანილი მაინინგის მოწყობილებობებით ფული შესდით... ცოტა წინ თუ გავიხედავთ, მივხვდებით, რაც გველის" - წერს სოხუმელი თამილა აჟიბა.