ავტორი:

როცა პოლიტიკურ ლიდერებში მხოლოდ ქარიზმას ვენდობით და მათგან, როგორც მესიისგან, ხსნას ველით - პოლიტიკური ლიდერები: გამსახურდიადან გახარიამდე...

როცა პოლიტიკურ ლიდერებში მხოლოდ ქარიზმას ვენდობით და მათგან, როგორც მესიისგან, ხსნას ველით - პოლიტიკური ლიდერები: გამსახურდიადან გახარიამდე...

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ პარტიების იდეოლოგიაზე, საკადრო რესურსსა თუ სამოქმედო პროგრამაზე, პოლიტიკური წარმატებისთვის ლიდერი მაინც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ამის მაგალითები საკმარისად გვაქვს, რათა დავასკვნათ, რომ ამომრჩეველთა განწყობები უპირველესად კონკრეტულ პიროვნებებზე ნაწილდება, ვიდრე პოლიტიკურ ძალებზე.

ლიდერის ჩამოყალიბება პოლიტიკურ სიტუაციაზე, არსებულ გარემოსა და საზოგადოებრივ მოლოდინებზე დიდადაა დამოკიდებული.

  • პირველი ლიდერი დამოუკიდებელ საქართველოში

ექსპერტთა მოსაზრებით, საბჭოთა გამოცდილებამ და დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე შექმნილმა რთულმა სოციალურ - ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ ქვეყანაში ქარიზმატული ლიდერის აუცილებლობა წარმოშვა და გარკვეულწილად, დღემდე ამ მოცემულობაში ვრჩებით.

რამაზ საყვარელიძე, სოციოლოგი, პოლიტოლოგი:

"დასავლეთში ქარიზმატული ლიდერების მიმართ, წარსული გამოცდილების გამო, უარყოფითი დამოკიდებულებაა. ამის განმაპირობებელი კლასიკური მაგალითი ადოლფ ჰიტლერია. ქართველებს კი კვლავაც ქარიზმატული ლიდერები გვხიბლავს. ასეთ დროს, მთავარი დამოკიდებულება იმის ფიქრია, რომ "ის რაც მას ესმის და მან იცის, მე არ მესმის და არ ვიცი.“ქარიზმატულ ლიდერს მაინც გარემოება წარმოშობს და დონალდ ტრამპის მაგალითზე ვნახეთ, რომ ამ ტიპის პრეზიდენტი ახლახან აშშ-საც კი ჰყავდა“.

საქართველოს დამოუკიდებლობა პირდაპირ ზვიად გამსახურდიას სახელს დაუკავშირდა და ამან პირველი პრეზიდენტის მაღალი რეიტინგი განაპირობა, თუმცა შემდეგ ამ ყველაფრის შესაბამისი კაპიტალიზაცია ვერ მოხერხდა - სახელმწიფოში, რომელსაც დამოუკიდებლობა ახალმოპოვებული ჰქონდა, მეტი რაციონალური ნაბიჯი და ნაკლები ემოციები თუ რომანტიზმი იყო საჭირო. სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ინსტიტუციური რეფორმები სჭირდებოდა.

ამას ნაციონალიზმის გამოვლინებები მოჰყვა. "ეროვნულ მოძრაობაში“ დაწყებულ დაპირისპირებას არათუ ხელი შეეშალა, პირიქით, ხელი შეეწყო. საბოლოოდ, ახლადშექმნილი სახელმწიფო კრიზისმა და ქაოსმა მოიცვა.

რამაზ საყვარელიძე:

"საზოგადოებაში ზვიადის მიმართ სიყვარული იგრძნობოდა. ესაა მდგომარეობა, რომელიც რაციონალურობას გამორიცხავს და ამყარებს ფორმულას, რომ ლიდერი ყველაფერზე მაღლა დგას. "ზვიადიზმი“ - როგორც მიმდინარეობა, ისე ჩამოყალიბდა. ამას მითოლოგიზებაც დაემატა. გვახსოვს, პრეზიდენტი საინფორმაციო მიტინგებს მართავდა, რაც მის სტატუსს არ შეეფერებოდა და მიზნად ემოციური დამოკიდებულების ზრდას ისახავდა. მნიშვნელოვანია, რომ გამსახურდიას ძირითადად, ყოფილი თანამებრძოლები დაუპირისპირდნენ, ვისთვისაც ის მითოლოგიზირებული არ იყო და ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამდნენ".

  • ქარიზმა, როგორც პრობლემა?

რამაზ საყვარელიძე: "როცა ლიდერს თაყვანს სცემენ და ტაშს უკრავენ, შეცდომის დაშვების ალბათობა მეტად იზრდება. მით უფრო, თუ ამას ზებუნებრივობის განცდა ემატება, ილუზიაში გადაშვება უფრო რეალურია. ამიტომ მთავარია, ამ ტიპის ლიდერებმა სიფრთხილე შეინარჩუნონ.

იმ დონის პოლიტიკურ ლიდერსაც კი, როგორიც დე გოლი იყო, ე.წ. დეგოლიზმის პრობლემები შეექმნა".

  • შევარდნაძე ნაკლები ქარიზმით

ამის შემდეგ, საქართველოში სხვა ტიპის მმართველი იყო, რომლის არჩევაც ქარიზმას ნაკლებად უკავშირდებოდა. ედუარდ შევარდნაძის პირველი საპრეზიდენტო ვადა უფრო მეტად სიტუაციის ესკალაციასა და დასავლეთთან კომუნიკაციას დაეთმო, მისი მმართველობის მეორე ნახევარში კი კრიზისმა ყველა მიმართულება მოიცვა. ამ პერიოდში კორუფცია გამძაფრდა, მომავლის კონტურები კი არ იკვეთებოდა და რევოლუციური სიტუაცია მომწიფდა.

რამაზ საყვარელიძე:

"შევარდნაძე აღიქმებოდა პიროვნებად, რომელსაც სიტუაცია უნდა დაერეგულირებინა. მან სხვა ტიპის შეცდომები დაუშვა. მთავარი მაინც ის გამოდგა, რომ პოლიტიკაში წარსული დამსახურება გადამწყვეტი ვერ გამოდგება. მას, როგორც გერმანიის გამაერთიანებელს, პატივს სცემდნენ. დაფასება სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა, მაგალითად, ისრაელში საბჭოთა კავშირიდან ებრაელების დაბრუნებას მის დამსახურებად მიიჩნევდნენ, თუმცა როცა სოხუმს ვკარგავდით, საგარეო მეგობრებისგან, ფაქტობრივად, ერთი მხარდამჭერი დეპეშაც კი არ მიუღია.

მას ზედმეტი ნდობა ჰქონდა საკუთარი წიაღიდან წამოსული ე.წ. რეფორმატორების მიმართ, რაც საბოლოოდ რევოლუციით დასრულდა. შევარდნაძე, რომელმაც ქარიზმატული ლიდერი შეცვალა, ასეთივემ ჩაანაცვლა".

  • სააკაშვილის იმიჯი და დაუცველიდან საშიშ სახელმწიფომდე

2003 წელს "ვარდების რევოლუცია“ დიდწილად მიხეილ სააკაშვილი ქარიზმამ განაპირობა. ის მანამდე, როგორც იუსტიციის მინისტრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ენერგიისა და საკუთარი თავის პრეზენტაციის უნარებით გამოირჩეოდა, რაც იმდროინდელ პოლიტიკურ სპექტრში ნაკლებად შეინიშნებოდა.

რევოლუციური წარმატება სამ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილს, ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიას უკავშირდებოდა, თუმცა სააკაშვილი, სწორედ ქარიზმის გამო, იმდენად აღიარებულ ლიდერად მიიჩნეოდა, წარმოუდგენელიც იყო, საპრეზიდენტო კანდიდატად სხვა გვეხილა.

რამაზ საყვარელიძე:

"სააკაშვილი პერფორმანსებით გამოირჩეოდა. მედია კი პირველ რიგში, მსგავს ქმედებებს "იწოვს“ და ავრცელებს. ის წარმოჩინდა, როგორც კორუფციასთან მებრძოლი რაინდი. ამის შემდეგ, შეიქმნა მითი მის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლეობაზე, მათ შორის დასავლეთში. რევოლუციური ლიდერებიდან სხვა ამ დონის ფიგურად რატომ ვერ ჩამოყალიბდა? მაგალითად, ზურაბ ჟვანიას აკლდა ზუსტად ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.“

მიხეილ სააკაშვილმა სწორად "დაიჭირა“ ის დაკვეთა, რაც საზოგადოების მხრიდან იყო - სწრაფი ცვლილებები და ინსტიტიციური გაძლიერება. თუმცა, ამან იმდენად უკიდურესი ფორმები მიიღო, როდესაც სუსტი და დაუცველი სახელმწიფო მალევე საშიშად იქცა.

  • ისევ რაციონალიზმი და ივანიშვილის ფაქტორი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო მუხტის მიუხედავად, მოსახლეობის სურვილების ასახვა სათანადოდ ვერ მოხერხდა. ლევან გაჩეჩილაძე იყო ამ პერიოდის მეტ-ნაკლებად ყველაზე გამორჩეული ლიდერი, რომელშიც ამომრჩევლის ნაწილს სწორედ მისი ემოციურობა და ე.წ. ხალხურობა მოსწონდა, თუმცა მასში, როგორც ლიდერში, რაციონალობის მარცვალიც კი არ ჩანდა. მას ასევე ნაკლებად ენდობოდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რაც გამოჩნდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც.

2011 წელს მთელი ყურადღების ბიძინა ივანიშვილზე გადავიდა. ისიც, შევარდნაძის მსგავსად, ნაკლებად ქარიზმატული ლიდერი იყო, რომელიც სიტუაციის ეპიცენტრში სწრაფად მოექცა და მიზანი - ხელისუფლების შეცვლა - მშვიდობიანად და წარმატებით განახორციელა, თუმცა მის მიმართაც საზოგადოებაში სწორედ მესიანისტური მოლოდინი იყო. მოვიდოდა ივანიშვილი და ჯადოსნური ჯოხის აქნევით ყველაფერს მოაგვარებდა, - ამგვარი განწყობა ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში იყო, რაც საბოლოოდ იმედგაცრუებად იქცა.

რამაზ საყვარელიძე:

"ივანიშვილის მხარდაჭერა ამგვარ ლოგიკას ეფუძნებოდა - მან ბევრი სიკეთე გააკეთა, თანხა დახარჯა და სახელმწიფოს სათავეში უფრო მეტს გაგვიკეთებსო...“

  • ვინ ვერ შედგა?

ქართულ პოლიტიკაში არიან ლიდერები, რომლებთაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ, მაგრამ ეს მხარდაჭერა გაანიავეს...

ერთ-ერთი "უძველესი“ პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილია. მისი იმიჯი ცვლილებებისთვის ბრძოლასთან ასოცირდებოდა, თუმცა გარკვეული შანსის არასათანადოდ გამოყენების გამო, რეალურად ვერც ხელისუფლებაში მოსვლა მოახერხა და ოპოზიციურ ფრონტზეც, მისი რეიტინგი მკვეთრად შემცირდა.

დავით უსუფაშვილი საკმაოდ დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია. მისი გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკოსის იმიჯი, სამწუხაროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის ყურადღებას იმსახურებდა ყოველთვის, თითქოს განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია, თუმცა სოციოლოგიურ კვლევებსა თუ არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობის დროს, ვრწმუნდებით, რომ ის საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით არ სარგებლობს.

დიდი ალბათობით, ამის მიზეზი ნაკლები პოპულიზმი და ქარიზმის არქონაა. ძლიერ ლიდერად პოტენციალი თითქოს ჰქონდა ირაკლი ალასანიასაც, თუმცა საბოლოოდ ეს მან ვერ შეძლო. ამაში ალბათ მასაც ხელი შეუშალა მუდმივად ზედმეტად ზომიერმა პოზიციამ.

  • რა ხდება დღეს?

რამაზ საყვარელიძე:

"პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნას სიტუაცია განსაზღვრავს. ბოლო წლებია, საზოგადოებაში ე.წ მესამე ძალის "გამოჩეკვის“ მოლოდინია. ამის პირველი მცდელობა პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა. როგორც ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში, ერთ-ერთი ფაქტორი კონსტანტინეს შვილობის ფაქტორი იყო, აქაც საქმეში "მსოფლიო ბანი“ ჩაერთო და იმდროინდელი კვლევებით, მხარს 12%-მდეც კი უჭერდა. თუმცა, საბოლოოდ, მისი ნაბიჯები რეიტინგზე უარყოფითად აისახა. დღეს ეს ეს მოლოდინი გიორგი გახარიას მიმართ გაჩნდა. მან როგორც კოვიდის წინააღმდეგ წარმატებით მებრძოლმა, ასევე პერსონამ, რომელიც ოპოზიციასთან დებატებში წარმატებული გამოდიოდა, პოლიტიკური რეიტინგი დააგროვა.

ბოლო პერიოდის ქმედებები გახარიას, როგორც ძლიერ ლიდერს, არ წარმოაჩენს - მაგალითად ყოფილი პრემიერის მხრიდან დედაქალაქის მერობის სურვილი ამომრჩეველმა ცუდად აღიქვა, ისევე როგორც ნარკოტესტთან დაკავშირებული უცნაური პროცესი. ლიდერი ამომრჩეველში გარკვეულ სიტუაციებში გამარჯვებასთან უნდა ასოცირდებოდეს“.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობის“, ასევე "ქართული ოცნების“ წიაღში ახალი ლიდერების წარმოჩენა პრობლემურია. სამშობლოში დაბრუნებული და ციხეში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი როგორც პარტიაში, ასევე ამომრჩევლებში, დღემდე დიდ გავლენას ინარჩუნებს და ყოველდღიურობაშიც აქტიურადაა ჩართული, ბიძინა ივანიშვილი დეკლარირებულად პოლიტიკიდან კი წავიდა, თუმცა ის, რომ ხელისუფლების საქმეებში არ ერევა, ბევრს მაინც არ სჯერა.

ხელისუფლებაში მეტ-ნაკლებად ყველაზე დამოუკიდებელ ფიგურად კახა კალაძე ჩანს. ის სხვადასხვა თანამდებობაზე იმ იმიჯს ირგებს, რომ ბევრ რამეს პირადად განსაზღვრავს. დედაქალაქში კი ისეთი კომპლექსური საკითხი გაააქტიურა, რაც მანამდე არ დაძრულა.

კალაძე მუდმივად რეიტინგის ზრდაზეა ორიენტირებული - პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობს.

"ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერი ყველაზე ნაკლებად ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ მისი პოლიტიკურ მომავალი მხოლოდ სხვაზე, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულების პირდაპირპროპორციულია.

ახალი თაობის ლიდერებიდან გამოირჩევა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება აშკარად მიიქცია ქარიზმით, თუმცა ბოლო ხანს აშკარად გამოარჩევს რაციონალური მიდგომები, მაგრამ მის პრობლემად ჯერჯერობით რჩება ის, თუ რამდენად მოახერხებს ის ინდივიდუალურ მოთამაშედ ქცევას და მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან გამოსვლას.

რამაზ საყვარელიძე:

"არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა - ამომრჩევლები თავიანთ საქმეებზე არიან კონცენტრირებულნი და არავის აქვს განსაკუთრებით დიდი დრო, რათა პარტიულ პროგრამებში იქექოს. ამის გამოა, გადაწყვეტილებების მიღება უფრო ზედაპირულად რომ ხდება.

პოლიტიკური დებატების კულტურაც იმას ემსახურება, იქ მონაწილეთა კრედო უკეთ გამოჩნდეს და ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ასე მიიღოს და არა მხოლოდ ისეთი ფაქტორით, როგორიც ჰალსტუხის ფერია."

სამწუხაროდ, დღემდე ქართველი ამომრჩევლის ყურს მეტად იტაცებს მყვირალა და იაფფასიანი განცხადებები, ვიდრე რეალური, საქმეზე ორიენტირებული და რაციონალური მსჯელობა. შესაბამისად, ვიდრე პოლიტიკურ ლიდერებში კვლავ ემოციურობას მივაქცევთ ყურდაღებას, ქარიზმას ვენდობით და როგორც მესიისგან, ხსნას დაველოდებით, მივიღებთ იმავე შედეგს, რაც აქამდე გვქონდა - იმედგაცრუებას...

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე