ავტორი:

"ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე"- რას წერს უკრაინელი იურისტი, რომელიც სააკაშვილთან შესახვედრად საქართველოში მოემგზავრებოდა

"ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე"- რას წერს  უკრაინელი იურისტი, რომელიც სააკაშვილთან შესახვედრად საქართველოში მოემგზავრებოდა

უკრაინელი იურისტი ევგენ გრუშოვეცი აცხადებს, რომ არ მიეცა უფლება საქართველოში მიხეილ სააკაშვილს შეხვედროდა. გრუშოვეცი "ფეისბუკზე" წერს, რომ თბილისის აეროპორტში მიზეზის აუხსნელად არ შეუშვეს საქართველოში. თვითმფრინავში პასპორტი ჩამოართვეს და „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდეს.

"ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე ვიგრძენი", - წერს გრუშოვეცი.

შსს-ში ambebi.ge -ს განუცხადეს, რომ მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 -ლ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.