ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლება მოქალაქეებს "ქამრების შემოჭერისკენ" და უფრო ნაკლები საკვების მიღებისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებს მიმართავენ, რომ სულ მცირე, 2025 წლამდე უფრო ცოტა საჭმლის მიღება მოუწევთ.
ეს არის თარიღი, როცა ქვეყანა ჩინეთთან საზღვრის სრულად გახსნას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ რადიო "თავისუფალი აზია" წყაროზე დაყრდნობით წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტეს, აღნიშნულის გამო კი ქვეყანაში საკვები პროდუქტების მარაგის კრიზისია.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოქალაქეები მომდევნო წლების განმავლობაში მოსალოდნელი გასაჭირის შესახებ გააფრთხილა, ადამიანები სასოწარკვეთილნი არიან და ამბობენ, რომ საკვების არსებული მარაგით ამ ზამთარსაც კი ვერ გაიტანენ.
"საკვების დეფიციტი უკვე საგანგაშოა და ადამიანებს ეწურებათ მარაგი. ამ დროს კი ხელისუფლება ეუბნება მათ, რომ 2025 წლამდე ქამრები შემოიჭირონ და ნაკლები საკვები მოიხმარონ. ადამიანებში ახლა მხოლოდ სასოწარკვეთა და უიმედობაა", - ეუბნება გამოცემას წყარო.
ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პანდემიამდეც იყო საკვების დეფიციტი, თუმცა პანდემიის შემდეგ, საზღვრების ჩაკეტვამ ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
გარდა პანდემიისა, საკვების დეფიციტს ჩრდილოეთ კორეაში უცხო ქვეყნებისგან დაწესებულ სანქციებსა და სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფებს უკავშირებენ.
წყარო:rfa.org