ავტორი:

"ეს ინფორმაცია არის ტყუილი" - განათლების სამინისტრო 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებას პასუხობს

"ეს ინფორმაცია არის ტყუილი" - განათლების სამინისტრო 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებას პასუხობს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 27 ოქტომბერს აღნიშნული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამარ თაბუაშვილი დაინიშნა, რის გამოც ბრეგვაძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა კატეგორიულად მიუღებელია.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.

სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება“,- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის 119-ე სკოლის მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა ბრეგვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

როგორც თეა ბრეგვაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა თავად ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებსა და "ნაციონალური მოძრაობისადმი“ მის მხარდაჭერას უკავშირებს. ბრეგვაძის ინფორმაციით, მის ნაცვლად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დანიშნეს.