"ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ქმნის სახელმწიფოებს შორის უხერხულობას ის, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები არ შემოუშვეს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, 30 ოქტომბრის შემდეგ ყველანაირი უხერხულობა გაქრება.
"პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილის თემა დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება. აქედან გამომდინარე გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ საქართველოში კონკრეტული პირი, განმარტებას ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ფაქტზე ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია.