ავტორი:

ავღანელმა მშობლებმა, დანარჩენი შვილების გამოსაკვებად, ჩვილი 500 დოლარად გაყიდეს - "ბავშვები შიმშილით მეხოცებოდნენ"

ავღანელმა მშობლებმა, დანარჩენი შვილების გამოსაკვებად, ჩვილი 500 დოლარად გაყიდეს - "ბავშვები შიმშილით მეხოცებოდნენ"

ავღანელი ქალი ამბობს, რომ ოჯახის, დანარჩენი შვილების დასაპურებლად, ჩვილი გაყიდა. ქალმა ამის შესახებ BBC-სთან საუბრისას განაცხადა. ის ამბობს, რომ ბავშვი 500 დოლარად გაყიდა.

მრავალშვილიანი დედა ავღანეთის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებია. მისი თქმით, მყიდველი მამაკაცია და გოგონა იმ მიზნით შეიძინა, რომ მომავალში თავის ვაჟზე დააქორწინოს.

მან წინასწარი გადასახადი - 250$ უკვე გადაიხადა. როგორც BBC-ი წერს, ეს თანხა ოჯახს რამდენიმე თვე ეყოფა საკვებისთვის. დანარჩენ ფულს მყიდველი მას შემდეგ გადაიხდის, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს.

"დანარჩენი შვილები შიმშილით მეხოცებოდნენ და ამიტომ გავყიდე ჩემი გოგონა. როგორ არ განვიცდი, ნეტავ სხვა გზა მქონოდა“. - ამბობს სასოწარკვეთილი დედა.

ჩვილის მამა, რომელიც ფულს ნაგავსაყრელზე შეგროვებული ნივთების გაყიდვით შოულობდა, გაზრდილი ფასების გამო ვეღარ ახერხებს ოჯახის შენახვას.

"ვშიმშილობთ. ახლა ოჯახში არც ფქვილი და არც ზეთი გვაქვს. არაფერი გვაქვს. არ ვიცი ჩემს პატარა გოგონას რა ბედი ელის. არ ვიცი მომავალში თუ გაგვკიცხავს ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა“, - ამბობს მამა.

ბავშვების ნაადრევად დაქორწინება ავღანეთში საუკუნოვანი ტრადიციაა, მაგრამ რაც უფრო უარესდება ქვეყნის ეკონომიკა, მშობლები მით უფრო პატარა ასაკში ათხოვებენ თავიანთ ქალიშვილებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ.

ბიჭების მშობლები რაც უფრო პატარა გოგონას ჩაიგდებენ ხელთ, მით მეტი დრო აქვთ, რომ გადასახდელი თანხა შეაგროვონ.

  • მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ავღანეთში, მომავალ რამდენიმე თვეში, 22.8 მილიონი ადამიანია მწვავე შიმშილის ფონზე გარდაცვალების საშიშროების ქვეშ.

მსპ-ს შეფასებით, ამგვარი დასასრულის თავიდან ასაცილებლად მილიონობით დოლარია საჭირო.

  • მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში, ქაბულში უკვე 8 ბავშვი გარდაიცვალა შიმშილით.

პარალელურად, სოფლებში მცხოვრებ 7.3 მილიონ ადამიანს მკაცრი ზამთარი ელის. სანამ გვალვა დაატყდებოდათ თავს, ისინი ფერმაში მოყვანილი პროდუქტით ახერხებდნენ თავის გატანას. ახლა კი უსახსროდ არიან დარჩენილი.

თალიბების შემოსვლამდეც, ავღანეთის მშპ-ის 40%-ს სხვა ქვეყნებიდან შემოსული დაფინანსება შეადგენდა.

მსოფლიოს ლიდერები ეძებენ გზებს, რომ ავღანეთის მოსახლეობას გადასცენ 1მილიარდიანი დახმარება ისე, რომ თალიბანმა არ მიისაკუთროს ის და ხალხი ისევ სასიკვდილოდ არ გაწიროს.

ავღანეთის ისედაც სუსტი ეკონომიკა პამდემიის, გაუსაძლისი გვალვის და თალიბანის შეჭრის ფონზე, ახლა უკვე კოლაფსის წინაშეა.

წყარო:

მოამზადა ანა სიბოშვილმა