ნერვული სისტემა, სტრესი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები

ნერვული სისტემა, სტრესი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც კუჭ-ნაწლავის პრობლემას ერთხელ მაინც არ შეუწუხებია, მაგრამ თუ კუჭის ტკივილი, შებერილობა, ყაბზობა თავს ხშირად გახსენებთ, უკვე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებთან გვაქვს საქმე.

ასეთი სიმპტომებით გატანჯული ადამიანები ხშირად თავისი ძალისხმევით ცდილობენ დელიკატური პრობლემების მოგვარებას, მაგრამ დროებითი შვების შემდეგ გადის ხანი, ახლობლებისა თუ ნათესავების მიერ შერჩეული წამლები აღარ გვშველის და იძულებული ვხდებით, ექიმს მივმართოთ.

ბოლო ხანს საკმაოდ გავრცელდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელსაც საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომები ახლავს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ცენტრალური ნერვული სისტემა ასრულებს და ეს დაავადება ყველაზე ხშირად ემოციურ ადამიანებს ემართებათ. გვესაუბრება გასტროენტეროლოგი თამარ შაშიაშვილი:

- კუჭ-ნაწლავის პრობლემები უმთავრესად თანამედროვე ცხოვრების თავისებურებებით, დაძაბული სოციალური ფონით, არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობით არის განპირობებული. სტრესი, უძილობა, ცხოვრების დაძაბული რიტმი ადამიანის ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება, ნერვულ სისტემაში არსებული დარღვევები კი საყლაპავის პრობლემებს განაპირობებს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა ყლაპვის გაძნელება, ანუ დისფაგია.

დისფაგია შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ამა თუ იმ დაავადებით გამოწვეული, ასევე არაორგანული, ფსიქოემოციური, ნერვული სტრესის ფონზე განვითარებული. ის გამოიხატება ყელზე ლუკმის დადგომის შეგრძნებით, რომელიც "ნევროზული ლუკმის" სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფს არა მარტო მკვრივი, არამედ თხიერი საკვების გადაყლაპვაც უჭირს.

შესაძლოა იყოს გადანაცვლების დარღვევა, როდესაც ლუკმა საყლაპავში ვერ გადაადგილდება; შესაძლოა მკერდის ძვლის უკან აღმოცენდეს ტკივილი და ბეჭებისკენ გადაინაცვლოს. ამ დროს აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაციაც, რათა სტენოკარდიული შეტევა გამოირიცხოს. მოსალოდნელია საყლაპავის ქვედა ან ზედა რგოლის მოშლაც, რასაც აგრეთვე ნერვული სისტემის მდგომარეობა განაპირობებს.

- წყლულოვან დაავადებაზე რას იტყოდით?

- თუ არ ჩავთვლით ჰელიკობაქტერიას, რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ნერვული სისტემა წყლულოვანი დაავადების განვითარებაში მართლაც უდიდეს როლს ასრულებს. მყავდა პაციენტი, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი, რომელიც დაბომბვაში მოყვა, როდესაც მამიდასთან ერთად კატერში იჯდა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა, მაგრამ სტრესული წყლულებით განვითარებული სისხლდენის გამო სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში მოიყვანა. როდესაც გავსინჯე, წყლულოვანი ეროზიული ფორმებით კუჭის მთელი ლორწოვანი გარსი ჰქონდა დაფარული.

ნერვულ სტრესს უკავშირდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც. მას თავის ტვინისა და ნაწლავის ღერძის კავშირის დარღვევა განაპირობებს. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ბიოფსიქოსოციალური დაავადებაა. მას მდიდარი სიმპტომატიკა აქვს, ამიტომ საჭიროა იმის დადგენა, ორგანული დაავადება ხომ არ არის. თუ მძიმე ორგანული დაავადება გამოირიცხა, ესე იგი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ, მათ შორის - ნერვულ სისტემაშიც.

- რა როლს ასრულებს გენეტიკა წყლულოვანი დაავადებებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ჩამოყალიბებაში?

- გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს წყლულოვანი დაავადებების ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ ანამნეზის შეკრების დროს აუცილებლად ვარკვევთ პაციენტს მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხელშემწყობი ფაქტორები კი არის ნერვული ფონი, მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი, არასწორი კვება და სხვა.

- როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ადამიანის შრომისუნარიანობასა და განწყობაზე?

- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხან ფაღარათით, ხან შეკრულობით მიმდინარეობს, თან ახლავს მუცლის შებერვა, ტკივილი, ავადმყოფი განუწყვეტლივ წუხს. როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ნორმალურად მუშაობს და შიგთავსის გადაადგილებაც ნორმალურია, ადამიანს განწყობაც კარგი აქვს.

ბერძენი მედიკოსები ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ აღნიშნავდნენ, რომ შეკრულობისას ვითარდება ინტოქსიკაცია, რომელიც სახის კანზეც და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება, ეს ყველაფერი კი განწყობასა და შრომისუნარიანობას თრგუნავს. ყველაფერთან ერთად ამ დაავადების დროს ადამიანს საშინელი დისკომფორტის შეგრძნება აქვს.

- რას ურჩევდით ასეთი პრობლემების მქონე ადამიანებს?

- აუცილებლად მიმართონ ექიმს, რადგან სამკურნალო საშუალებების არამიზნობრივმა გამოყენებამ და თვითმკურნალობამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს. ეს არ არის მარტივი პრობლემა. უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რაც დიაგნოზის დაზუსტებას შეუწყობს ხელს და მკურნალობის მიმართულებაც, შესაბამისად, ზუსტი იქნება.

ცნობისათვის

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მქონეთა 40-70%-ს აქვს, ამასთანავე ქალებში ორჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. მის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უარყოფით ემოციებს მიიჩნევენ. წყლულოვანი დაავადების გახშირების ტენდენციას კი უკავშირებენ ურბანიზაციის პროცესს,

ასევე - ნერვულ-ფსიქიკურ გადაძაბვას, სტრესს, ქრონიკულ ინტოქსიკაციას (თამბაქო, ალკოჰოლი), ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ცხოვრების რიტმისა და საკვების ხასიათის შეცვლას, არარეგულარულ კვებას და სხვა მავნე ფაქტორებს. ზოგჯერ წყლულის გაჩენას წინ უძღვის გასტრიტი. წყლულოვან დაავადებას პერიოდული, სეზონური ხასიათი აქვს, ჩვეულებრივ, მწვავდება ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)