ავტორი:

თაღლითობა შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით - რა განცხადებას ავრცელებს უწყება

თაღლითობა შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით - რა განცხადებას ავრცელებს უწყება

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, გარკვეული ადამიანების ჯგუფები, შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით, კომპანიებს თანხებს სძალავენ. უწყების ცნობით, განიხილავენ რამდენიმე ოფიციალურ განაცხადს მსგავსი ტიპის სავარაუდო შემთხვევების შესახებ, რაც ინსპექციის განცხადებით, დამატებით სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

„სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას.

შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას.

ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპეტორი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირისგან მოითხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში, რომელიც შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.