ავტორი:

"ცხოვრებამ უდიდესი ტკივილისთვის გაწირა - შვილები და ერთადერთი შვილიშვილი წაართვა" - რას წერენ უხუცეს ვეტერან ქალბატონზე, რომელიც 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ცხოვრებამ უდიდესი ტკივილისთვის გაწირა - შვილები და ერთადერთი შვილიშვილი წაართვა" - რას წერენ უხუცეს ვეტერან ქალბატონზე, რომელიც 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი ქალბატონი, ევდოკია კლიმოვა, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 წლის სმოლენსკელი მედდა, ევდოკია კლიმოვა ომში, 1945 წელს მოხალისედ წავიდა და ომის დამთავრებამდე, ბელორუსიის პირველ ფრონტზე, დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი მებრძოლი, გიორგი ლორთქიფანიძე;

მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ომის დასრულების შემდეგ, ევდოკია, გიორგის, საქართველოში გამოჰყვა. ვეტერან ქალბატონს, საქართველო, მეუღლის, შვილების და შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგაც არ მიუტოვებია და სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი შორენა სიხარულიძე ევდოკია კლიმოვას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"შარშან შევპირდი, დაბადების დღეზე მოვალთ გოგოები და მოგილოცავთ, სუფრასაც ჩვენ გავამზადებთ, შენ არ იწვალო-მეთქი... არაო, თავისი ბუთქუნა ხელი გაასავსავა - ჩემი ხელით უნდა გაგიკეთოთ ტოლმა, თქვენ ჩემნაირი არ გეცოდინებათო მე უნდა გავამზადო კერძები თქვენ მხოლოდ მოდითო... მთელი დღე გველოდა-თურმე... თან იძახდა - არ მომატყუებენ, აუცილებლად მოვლენო... მივედით, ლამაზი თაიგული ვაჩუქეთ, ნინამ -წითელი პომადა მიართვა, რომელიც ძალიან უყვარდა და სილამაზეზე მეტად, იმიტომ ისმევდა, რომ იმ ცხოვრებისთვის გაეწნა სილა, რომელმაც ძალიან გაიმეტა და ჩაწიხლა, ყველაზე დიდი ტკივილისთვის გაწირა - შვილებიც წაართვა და ერთად ერთი შვილიშვილიც... აღარ მინდა სიცოცხლე, ღმერთს ვევედრები, წამიყვანოს ჩემებთან, მენატრებიანო, შემომტირებდა, დავიღალე სიცოცხლითო... მერე დედა ღვთისმშობლის ხატს დახედავდა და თითქოს, დარცხვენილი, დამნაშავესავით ეტყოდა - მაპატიე, ტკბილო დედავ, მაგრამ ვეღარ ვუძლებო...

მერე ჩვენ შემოგვხედავდა და ისევ გაიცინებდა - ტკივილს და ცრემლს სადღაც დამალავდა, გადმოიღებდა თავის ძველ, სურათების ალბომს და გვაჩვენებდა - თავს იწონებდა თავისი ახალგაზრდობის სილამაზით, ახოვანი მეუღლით, რომელიც ფრონტზე გაიცნო, ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალა დაჭრილს, მერე კი სმოლენსკიდან თბილისში გამოჰყვა.

თუმცა, მალევე დაკარგა. წამითაც არ უფიქრია საქართველოს დატოვება, მაშინაც კი, როცა შვილები და ერთადერთი შვილიშვილიც დაკარგა! ვინც მიყვარდა, ყველა ქართულ მიწას მივაბარე და მე სად წავიდეო?ერთი ფოტო მოსწონდა თავისი, მომღიმარი, ყვავილებით ხელში იყო, თან ჩვენი სამსახურის ნაჩუქარი, სამადლობელი სიგელიც ხელთ ჰქონდა. ის დავუბეჭდე მივუტანე დაბადების დღეზე. დახედა და გაიცინა - გაისად ამ დრომდე ვერ მივაღწევ და ეს ფოტო გამიდიდეთო.

დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილე. წავიდა ძალიან ბევრი ცრემლით და ტკივილით დასერილი გულით, უსიხარულოდ და საკუთარი მონაგარიდან, არავინ ჰყავდა დამტირებელი, მეგობრების და ჩვენს გარდა.

დიდუბის ტაძარში ესვენა. მიმქრალიყო და გალეულიყო, თუმცა, თავთით ედო ის ფოტო, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელსაც დანახვისთანავე გამოუტანა ''განაჩენი''.. ევდოკია კლიმოვა 103 წლის იყო. ბევრია, არა? რაღა დროს მასზე ცრემლის ღვრააო, იტყვის მავანი... იქნებ, მართალიც ხართ, მაგრამ არავინ არავის ნაცვლად არ კვდება და ყველას თავისი წილი დაბადება, სიცოცხლე და გარდაცვალება აქვს. მისგან იმდენი რამ ვისწავლე. თავისი ერთი გაღიმებით გასწავლიდა, რომ სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იცოცხლო და არ მოკვდე სიკვდილზე ადრე! ანდერძად დაუტოვა მომავალ თაობას: ''გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, ხშირად უთხარით, რომ გიყვართო''. მშვიდობით, ევდოკია... მშვიდად განისვენე მართალთა შინა ..მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა..." - წერს სიხარულიძე.