ავტორი:

"ყველა დეტალი განვიხილეთ, რაც არჩევნებს შეეხება - სააკაშვილზე საერთოდ არ გვისაუბრია" - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

"ყველა დეტალი განვიხილეთ, რაც არჩევნებს შეეხება - სააკაშვილზე საერთოდ არ გვისაუბრია" - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათთან საუბრის მთავარი საკითხი საარჩევნო პროცესი იყო.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„ყველა თემას შევეხეთ, რაც არის ასახული სხვადასხვა სადამკვირვებლო ანგარიშებში, მათ შორის კითხვები დაისვა კონკრეტულ ასპექტებზე. დეტალებზე არ შემიძლია ვისაუბრო, რადგან შეხვედრა იყო დახურული, მაგრამ ყველა დეტალი განვიხილეთ, რაც ზოგადად, არჩევნებს შეეხება. სააკაშვილზე საერთოდ არ გვისაუბრია. მთავარი გზავნი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სათანადოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „ის მძარცველია“ , კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მთელი საქართველოსთვის არის ცნობილი და მისივე თქმით, ეს არ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

„რაც შეეხება კეზერაშვილს, ის, რომ მძარცველია, ყველამ იცის. ეს არაა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ეს არის პოლიტიკური განცხადება, გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს კეზერაშვილთან დაკავშირებით. კაცი იყო მინისტრი, უცბათ, გახდა ბიზნესმენი და ლამის მილიარდელი ბიზნესმენი. ის, რომ მძარცველია, იცის სრულიად საქართველომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტარებით დაკომპლექტებული სადამკვირვებლო მისია საქართველოშია. დღეს ევროპარლამენტარები ინესე ვაიდერე, ხავიერ ნარსი და რიჩარდ თარნეცკი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეხვდნენ.