ავტორი:

"ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ბავშვების ავადობის მაჩვენებელს ზრდის... სულ უფრო მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია" - რატომ მოიმატა ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა?

"ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ბავშვების ავადობის მაჩვენებელს ზრდის... სულ უფრო მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია" - რატომ მოიმატა ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა?

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, სულ უფრო იმატებს ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყოველი ახალი შტამის გამოჩენა, ბავშვთა ავადობის მაჩვენებელს ზრდის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებული მოსახლეობის 15% ბავშვია.

"პანდემიის დასაწყისში, როდესაც ე.წ. ვუჰანის ვირუსი დომინირებდა, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. მაშინ ამ ვირუსით ავადობის მაჩვენებელი 7 %-ს შეადგენდა, შემდეგ, ბრიტანული შტამის გამოჩენამ ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაზარდა, ხოლო ახლა, დელტა შტამის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 15%-ია. ეს არის ძალიან მაღალი წილი, თუმცა ინფიცირებული ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მათ არ სჭირდებათ სამედიცინო ჩარევა. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, 2020 წელთან შედარებით მდგომარეობა დამძიმებულია, უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ბავშვი გარდაიცვალა“, - განაცხადა ივანე ჩხეიძემ "პალიტრანიუსთან“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“.

მხოლოდ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდს 90 ბავშვი ებრძვის. მათგან 1/3 1 წლამდე ასაკის ჩვილია. კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე AMBEBI.GE - სთან აცხადებს, რომ პაციენტების გარკვეული ნაწილი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საერთო ჯამში, საშუალო სიმძიმისაა.

"ძირითადად შემოჰყავთ ისეთი პაციენტები, რომლებსაც აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ამ ეტაპზე რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან არცერთს არ ესაჭიროება მართვითი სუნთქვა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ახალ პაციენტებსაც, ადგილები გვაქვს", - ამბობს მაია ჩხაიძე.

ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში იზრდება. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქვეყნები მცირე ასაკის ბავშების იმუნიზაციას იწყებენ.

ჩინეთში, შესაბამისმა უწყებებმა გასცეს ნებართვა, აცრები 3 წლის ასაკიდან დაიწყოს. უფრო მეტიც, ჩინეთში უკვე სამმა პროვინციამ (სრულ ტერიტორიაზე) და კიდევ ორი პროვინციის ორმა ქალაქმა გასცა ბრძანება, 3-დან 11-წლამდე ბავშვების სავალდებულო აცრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა თახმობა პეკინში წარმოებული "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინების 3-დან 17 წლამდე ბავშვებში გამოყენებაზე.

ბავშვებში "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ეფექტიანობის, ასევე მისი უსაფრთხოების განსასაზღვრად, სხვადასხვა ქვეყანაში კვლევა სექტემბერში დაიწყო, კვლევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 14.000 მოზარდი აცრეს. კვლევამ გაიარა ორი ფაზა და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მიიღეს ჩინეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში 3 წლის ასაკიდან ბავშვების მასობრივად ვაქცინაციის გადაწყვეტილება.