ავტორი:

"ჩარმაღან ნოინს არ უკადრია ცოტნე დადიანზე ეთქვა, ადამიანს აქვს მზეზე თაფლწასმული ჯდომის უფლებაო" - რას ამბობს იურისტი ღარიბაშვილის ნათქვამზე, რომ კანონით ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება

"ჩარმაღან ნოინს არ უკადრია ცოტნე დადიანზე ეთქვა, ადამიანს აქვს მზეზე თაფლწასმული ჯდომის უფლებაო" - რას ამბობს იურისტი ღარიბაშვილის ნათქვამზე, რომ კანონით ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "TV იმედის" ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, განაცახდა, - ადამიანს თუ თვითმკვლელობა სურს, ამის უფლება აქვს და ამაში სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებსო...

"ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არასოდეს გაივლის ქვეყანა. ის ალბათ გვისმენს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის იქნება დიდხანს ციხეში... ფინალი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს, უფრო მეტი, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას", - ბრძანა ღარიბაშვილმა.

"კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანს აქვს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება, მაგრამ მასში არაფერი წერია სიკვდილის უფლებაზე“, - გვიხსნის იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

"კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უფლება აქვს და არაფერი წერია სიკვდილის უფლებაზე. თუმცა მეორეს მხრივ, თავისუფლების გაგება, მისი ნამდვილი შინაარსი გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება (ამას ნეგატიური გაგება ჰქვია), რომ საკუთარ თავს რამე დაუშავონ, ეს მათი უფლებაა და ამისთვის სახელმწიფო, ცხადია, ადამიანს ვერ დასჯის. თუმცა ამის მიღმა არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რომ როდესაც ადამიანი მისი კონტროლის ქვეშ არის და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველა ზომას მიმართოს მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად იმ ფარგლებში, რომელიც არ გამოიწვევს თავად მსჯავრდადებული პირის ფუნდამენტური უფლებების შელახვას. ამავდროულად, სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მსგავსი განცხადება არის ფრიად არაჰუმანური და შეუსაბამო იმ მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან, რომელიც მას თანამდებობრივად ეკისრება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ:

1. არცერთ კანონში არ წერია მსგავსი რამ, რასაც ბატონი ღარიბაშვილი ამბობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ან კვლავ ცრუობს, ან მეტი ცოდნა არ აქვს;

2. კონსტიტუცია სიცოცხლის უფლებას იცავს;

3. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ადამიანზე იძალადოს ან დასაჯოს, თუ კი ის თავს რაიმეს უშავებს;

4. პროტესტის არაძალადობრივი და მშვიდობიანი გამოხატვის შემთხვევაში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მსგავსი ლექსიკით არ უნდა ლაპარაკობდნენ. ისტორიის განმავლობაში ასეთი რამ ჯერ არავისგან გვსმენია, ყველაზე პირსისხლიანი ტირანებისგანაც კი. მათ შორის, ჩარმაღან ნოინს არ უკადრია ცოტნე დადიანზე ეთქვა, - ადამიანს აქვს მზეზე თაფლწასმული ჯდომის უფლებაო.

არც შევარდნაძისგან გვსმენია, - გამსახურდიას ჰქონდა თვითმკვლელობის უფლებაო.

- წარუმატებელი თვითმკვლელობის მცდელობა მართლა დასჯადია?

- არა, ეს ტყუილია. რამდენიმე წლის წინ, ეს ერთ-ერთი ჩემი კოლეგის არაკვალიფიციური ნათქვამი აზიარა სხვადასხვა მედიასაშუალებებმა. წარუმატებელ თვითმკვლელობაზე არანაირი ჯარიმა არაა და ვერც იქნება იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი თავისი თავისთვის მიყენებული ზიანის გამო დასაჯოს სახელმწიფომ.