"სიკვდილისთვის გადადეს, შეიძლება ძილის დროს რამე მოუვიდეს...“ -ამბობს ბუბა კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ტვ პირველის“ ეთერში. მომღერლის თქმით, ექსპრეზიდენტს ძალიან კარგად იცნობს და მთელი ოჯახით განიცდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
- მიშა ჩემი ახლობელია, ძალიან მიყვარს და ვნერვიულობ რომ შიმშილობს. ღმერთმა დაიფაროს, მაგას რამე რომ მოუვიდეს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და წითელი ხაზი, გადასულები არიან უკვე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიკვდილისთვის გადადეს, მე მგონი უნდა მოეგონ გონს. მაგას შეიძლება ნებისმიერ დროს რამე მოუვიდეს, შეიძლება ძილის დროს, ღამე, მერე უკვე გვიან იქნება. მე ვუსურვებ მიშას მხნეობას და რადგან ასე გადაწყვიტა, მაინც უნდა ეცადოს, რომ არჩევნებამდე გაძლოს და მერე ყველაფერი გამოჩნდება, სად არის თეთრი და სად - შავი.
საავამდყოფოში რომ არ გადაყავთ, ეს იმას მიანიშნებს, რომ მაგისი სიკვდილი უნდათ. ნიკა ყიფშიძე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ვიცი, რომ ნებისმიერ დროს მანდ ყველაფერი შეიძლება შეტრიალდეს. მთელი მსოფლიო უყურებს ახლა ამ პატარა საქართველოს და ბოლომდე ნუ შევირცხვენთ თავს. შეურაცხყოფას გვაყენებენ სულ ყველას, უწმაწური სიტყვებით, გამოთქმებით, რაღაცებს გვაბრალებენ.
დღეს კიდევ მქონდა ერთი ინტერვიუ და გეუბნებით, მრცხვენია, რომ მე ვარ ქართველი.
ჩაფლულები ვართ ჭაობში, ცოტაღა დარჩა, რომ ბოლომდე დავიღუპოთ. ყველას ვისაც შეუძლია მოძრაობა და ვისაც სამშობლო უყვარს და სურს საქართველო გამოვიდეს ამ გომორული მდგომარეობიდან, უნდა წავიდეს არჩევნებზე. ყველანი მოდით და უშველეთ სამშობლოს. კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
ცვლილებები რეალურია, მაგრამ მაინც ბევრი სისაძაგლე მოხდება. ჩვენზეა ახლა დამოკიდებული, რამდენი ხალხი მივა არჩევნებზე, რომ ეს პატარა ჩვენი საყვარელი ქვეყანა გადაარჩინოს. მეგონა, ყველას უყვარდა და თურმე ნახევარს არ უყვარს. არ მეგონა, რომ ქართველი ქართველს დაარტყამდა, შეაგინებდა და თურმე ეს ყველაფერი მოსულა.
ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, ბევრი და თვალყური უნდა ადევნონ ყველაფერს, რადგან საარჩევნო უბნებზე დიდი გლახაობა წავა.
მე ვიცოდი, რომ მიშა ჩამოვიდოდა, ეჭვიც არ მეპარებოდა. ჩამოვიდა, მოიარა საქართველო და მერე გაიგეს ამათ, რომ აქ იყო. შიმშილობა რომ დაიწყო, ამას არ ველოდი. ვაჟკაცი კაცი ყოფილა.
მიშამ იცის, რომ ძალიან მიყვარს. საერთოდ პატივს ვცემ განათლებულ, ჭკვიან ადამიანებს. მიშა არის განსხვავებული პიროვნება, ერთ-ერთი დიდი პოლიტიკოსია. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და ვნერვიულობ მთელი ჩემი ოჯახით. მინდა, რომ სიკეთით დაამთავრდეს ყველაფერი. ვკოცნი შორიდან.
ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ყველაფერი უნდა დამთავრდეს ლამაზად და კარგად. მთავრობამ უნდა იცოდეს რომ შვილები და შვილიშვილები ჰყავთ და ამ სირცხვილს ვერ ჩამოირცხავენ. პირველი პრეზიდენტი მოკლეს და მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს. რაღა დარჩა? - ბევრი ხალხი გასულია საზღვარგარეთ, სამუშაო არ არის...