ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ფიზიკაზე და რადიოლოგიაზე სწავლის პარალელურად სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა და თან ფიქრობდა, რომ საკმაოდ კარგად ერკვეოდა ავტომობილებში. მანქანების განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი გახდა მიზეზი, რომ შემთხვევით ნანახ შეთავაზებას „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გულგრილმა ვერ ჩაუარა. ასე დაიწყო 21 წლის მარიამ წამალაშვილის კარიერა.
„თეგეტა აკადემიაში პირველად რომ შევაბიჯე და დავინახე ეს ნაწილები, ძრავი, კოლოფი, სხვადასხვა მანქანის უამრავი დეტალი, ძალიან დავიბენი. ვიფიქრე, რომ სხვაგან მოვხვდი, საერთოდ სხვა სამყაროში. მივხვდი, რომ თურმე მანქანის არაფერი გამეგება, მაგრამ უკან დახევაზე არც მიფიქრია, ჩემს თავს ვუთხარი ,,შენ ამას შეძლებ“ და შევძელი კიდეც.“
თვენახევრიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. დატვირთული რეჟიმი აკადემიელის მაქსიმალურ ჩართულობას, საკუთარი თავის რწმენას და შრომისმოყვარეობას მოითხოვდა. იყო მეცადინეობაში გათენებული ღამეები, თავდაუზოგავი შრომა და იყო მიზანი - წარმატებული კურსდამთავრებულის სტატუსის მოპოვება, რაც ავტომატურად თეგეტას თანამშრომლობას ნიშნავდა.
„სერვისში ჩავდიოდით და უშუალოდ ვაკვირდებოდით პროცესებს, ვეხებოდით ყველა დეტალს. სწავლაც ნელ-ნელა უფრო მარტივდებოდა. იყო არასწორი გადაწყვეტილებებიც, თუმცა სწორედ ასე, ჩვენივე შეცდომებზე გვასწავლიდნენ, რაც საბოლოოდ ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდა“.
ახალ სტუდენტებს თეგეტა აკადემიაში კვლავ ელოდებიან. განაცხადების მიღებაც დაწყებულია და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. მარიამის მსგავსად, ახალმისულებიც ჯერ თეორიულ კურსს და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. შემდეგ კი გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერის ან პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდებიან.
ექვს თვეზე მეტია, მარიამ წამალაშვილი გაყიდვების კონსულტანტია - ზეთების მიმართულებით, თუმცა კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვას არ წყვეტს. სწორედ ამიტომ მუშაობის პარალელურად აკადემიაში ტრენინგებს და პრაქტიკას გადის.
,,საკუთარი თავის რწმენა, რაც პირველ რიგში, ცოდნას მოაქვს, საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა უკვე შემიძლია თამამად ვუპასუხო მომხმარებლის ყველა შეკითხვას. სხვათაშორის ხშირად უკვირთ, როცა ქალი ეხმარებათ და ამომწურავად უხსნის დეტალებს მანქანის შესახებ. საინტერესო და თან აზარტულია და ჩემი მოტივაციაც თითქოს ასმაგდება, მინდა მეტს მივაღწიო. ამის საშუალებას კი თეგეტა ნამდვილად იძლევა. ჰოდა, მეც მინდა ძლიერი და საამაყო თანამშრომელი ვიყო.
მიიჩნევს, რომ გამოწვევებითა და ამოუწურავი შესაძლებლობებით სავსე, საინტერესო გზას გადის. მათ კი, ვინც ამ პროცესში ჩართვას ახლა ფიქრობს ურჩევს:
,,არ დანებდე, არ შეგეშინდეს, მოინდომე, ისწავლე. აქ თუ ფეხს შემოდგამ უსასრულოდ შეგიძლია წინ იარო.“
თეგეტა აკადემიაში ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ასევე გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ფილიალებში თბილისის მასშტაბით.
სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია ,,თეგეტა მოტორსის“ მიერ.
NS