ავტორი:

"ბოშების მეფის“ 27 წლის ასაკში მოგებული მთავარი ბრძოლა, შემდეგ: დეპრესია, ნარკოტიკები, სიმსუქნე და... კვლავ რინგზე - "ამბობდი, რომ დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ!"

"ბოშების მეფის“ 27 წლის ასაკში მოგებული მთავარი ბრძოლა, შემდეგ: დეპრესია, ნარკოტიკები, სიმსუქნე და... კვლავ რინგზე - "ამბობდი, რომ დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ!"

ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხება შეუძლებელი ჩანდა. გაწონასწორებული, ცივსისხლიანი, მშვიდი უკრაინელი ზედიზედ 11 წელი მარცხის გარეშე წინ მიიწევდა. 2004 წლის შემდეგ ვლადიმირმა 22 მოწინააღმდეგე, პრაქტიკულად, უმარტივესად გაანადგურა და კრივის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სპორტსმენად ჩაიწერა. ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა და უკრაინელი დიდი ტრიუმფების შემდეგ, ლურსმანზე ხელთათმანებს დაკიდებდა, თუმცა გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მის რეზიუმეში ცვლილებები შეიტანა.

ტრადიციული, ნამდვილი ბოშა ტაისონ ფიური 2015 წელს ვლადიმირს ხვდება და სენსაციურად ასრულებს მის 11 - წლიან დომინანტობას.

"ბოშების მეფე“ მაშინ 27 წლის იყო და ცხოვრების ყველაზე დიდ გამარჯვებას ვერ გაუმკლავდა: ჩავარდა დეპრესიაში, შეჯდა ნარკოტიკებზე, გალოთდა და არარეალურად გასუქდა.

"ყოველთვის ერთადერთი მიზანი მქონდა - დამემარცხებინა კლიჩკო. ეს მიზანი წლების განმავლობაში მიცავდა და სწორ გზაზე დამატარებდა. როდესაც მიზანს მივაღწიე, საერთოდ აღარაფერი დარჩა, რაც მოტივაციას მომცემდა. სიცოცხლე აღარ მინდოდა, სიმართლე გითხრათ, უბედნიერესი ვიქნებოდი თუ 27 წლის ასაკში მოვკვდებოდი", - აღიარა ფიურიმ.

საქმე იმაშია, რომ ტაისონი ბიპოლარული აშლილობით იტანჯება. ეს მან გადაცემა "Gloves Are Off-შიც“ აღიარა. გადაცემაში ფიური მშვიდი იყო და კლიჩკოს ფსიქოლოგიურად, ფაქტობრივად, ანადგურებდა. არადა, ამ გადაცემამდე, "ბოშების მეფე“ იმპულსური, ეპატაჟური საქციელებით გამოირჩეოდა - მოდიოდა პრესკონფერენციაზე ბეტმენის ფორმით, აყირავებდა მაგიდას, იკრავდა ლეიკოს პირზე, იცინოდა, მხიარულობდა. თავად ვლადმაც აღიარა: "ეს ბიჭი ბიპოლარულია, ვერასდროს გაიგებ რა აქვს ჩაფიქრებული“. კლიჩკოს დამარცხების შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლი სრულად დაკარგა. 2 წელი რინგზე არ გასულა, ყველა ტიტული ჩამოართვეს, დოპინგ-კონტროლი კოკაინის შემცველობაზე ჩააგდო და ცხოვრებისეულ ფსკერზე დაეშვა.

"2016 წელს უახლესი "ფერარი“ ვიყიდე, დიდი სიჩარე ავაკრეფინე და ხიდისკენ გავემართე. ყველაფერი სულერთი იყო, ცხოვრება მეკიდა, მაგრამ როცა მივუახლოვდი იმ ნაწილს, რომელზეც შეჯახებას ვაპირებდი, თავში ხმა ჩამესმა: "არა, ტაისონ, ეს არ გააკეთო! იფიქრე შვილებზე, ოჯახზე, ბავშვებზე, რომლებიც მამის გარეშე გაიზრდებიან“.

იმ პერიოდში ფიური უიმედოდ გამოიყურებოდა - მისი კრივში დაბრუნების აღარავის სჯეროდა, ხოლო ინტერნეტში გავრცელებული სურათები, თანაგრძნობას კი არა, სიბრალულს, საცოდაობის შეგრძნებას იწვევდა. ჩემპიონი, რომელმაც 1 წლის წინ კლიჩკო დაამარცხა, 170 კგ-ს იწონიდა და მტკივნეულად ჭარბწონიანად გამოიყურებოდა.

"მწყურია კრივი? ღორივით მსუქანი ვარ და ერთადერთი რაზეც ვოცნებობ, ბუტერბროდებია“, - ხუმრობით ამბობდა ფიური, როცა ჟურნალისტები მის დაბრუნებაზე ეკითხებოდნენ. თუმცა სიცილის უკან ტაისონი სერიოზულ მენტალურ პრობლემებს მალავდა, რომლებაც მოკრივე თითქმის დამარხეს.

"ბოშების მეფე“, ფაქტობრივად, 2 წელიწადი დეპრესიაში იყო, ვიდრე არ მიხვდა, რომ დრო იყო ფსკერიდან წამომდგარიყო და კრივს დაბრუნებოდა. ეს კი საკმაოდ მოულოდნელად მოხდა.

"ჰელუინის“ წვეულება იყო, 29 წლის ვიყავი, ჩონჩხის ფორმა მეცვა. ვიფიქრე: "აი, ეს მინდა მე ამ ცხოვრებისგან? თავს დაბერებულად ვგრძნობ, ეს მე არ ვარ.“ წვეულება დავტოვე და შინ დავბრუნდი. ყველაზე ბნელ ოთახში შევიკეტე, გავიხადე ჩონჩხის კოსტიუმი, შორს მოვისროლე და ღმერთს ვთხოვდი, რომ დამხმარებოდა. ხშირად ვლოცულობდი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ვტიროდი, ცრემლები მომდიოდა და მთელი ნიკაპი და მკერდი სველი მქონდა. ღმერთს ვთხოვდი, ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, ვევედრებოდი, რომ დამხმარებოდა. ათი წუთი ვლოცულობდი. როცა დავასრულე და ფეხზე წამოვდექი, თითქოს მთელი ჩემი წონა მომეხსნა. გულახდილად ვამბობ, მომეშვა. უკვე შეგუებული ვიყავი, რომ ჩვეულებრივი ლოთი გავხდი და ლოთობით დავასრულებდი სიცოცხლეს. მაგრამ ამ ლოცვის შემდეგ, წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ მე კრივში დავბრუნდებოდი“, - იხსენებს მოკრივე ჯო როგანის პოდკასტში.

ეს იყო 2017 წლის ბოლო პერიოდი - ზუსტად მაშინ ხელახლა ირწმუნა ფიურიმ ღმერთის და დაუბრუნდა ვარჯიშებს. ჩვეულებრივ, ტაისონი ბრძოლამდე 120 კგ-ს იწონიდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 60 კილოგრამი უნდა დაეკლო. ექსჩემპიონის მოტივაცია კი იმ მომენტისთვის დაუმარცხებელი დეონტეი უაილდერი გახდა.

ამერიკელი მძიმე წონის ყველაზე საშიშ მებრძოლად მიიჩნეოდა - 39 მოგება ჰქონდა და აქედან 38 ნოკაუტით. უაილდერს მიიჩნევდნენ, კრივის ისტორიაში ყველაზე ძლიერ დამრტყმელად. მოწინააღმდეგის უგონოდ დამარცხებისთვის მას სულ რაღაც ერთადერთი სუფთა დარტყმა სჭირდებოდა.

იმ წლის დეკემბერში ტაისონმა ისტორიული ვიდეო ჩაწერა, რითაც უაილდერთან ტრილოგიას ჩაუყარა საფუძველი. ფიური სარბენად გავიდა და ემინემის "without me"-ს ფონზე დეონტეის მიმართა:

"გამოიცანით, ვინ დაბრუნდა? ერთადერთი და განუმეორებელი. მე მივმართავ დეონტეი უაილდერს. დიდი მადლობა, რომ მოტივაცია მომეცი. ამბობდი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი და დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ, შენთვის ვბრუნდები!“

ფიური ვარჯიშებს დაუბრუნდა, რათა 2018 წლისთვის უკვე რინგზე გასულიყო. ის არასდროს გამოიყურებოდა ათლეტურად, თუმცა იმ პერიოდში ტაისონის გარეგნობა ნამდვილად კომიკური ჩანდა.

თუმცა სწორმა დიეტამ, დისციპლინურმა ვარჯიშებმა ეფექტიანად იმოქმედა და მორკივემ 60 კგ დაიკლო. 2018 წლის ივნისში ფიური სეფერ სეფერის შეხვდა, რა დროსაც 125 კგ-ს იწონიდა, აგვისტოში უკვე ფრანჩესკო პიანეტას დაუპირისპირდა და უკვე 117 კგ იყო. ეს კი შთამბეჭდავი შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი 2 წლის განმავლობაში თავის ორგანიზმს ანადგურებდა, ხოლო ნახევარ წელიწადში ასე გახდა.

"მან არა მხოლოდ წონა დაიკლო, არამედ განწყობა და ხასიათიც დაიბრუნა. ეს მებრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია“, - ამბობდა დიეტოლოგი.

შემდეგ წლებში კი ფიურიმ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა: უაილდერთან პირველ შეხვედრა ფრედ დასრულდა. მე-12 რაუნდში დეონტეიმ ბრიტანელი უმძიმეს ნოკდაუნში გაგზავნა, ის, ფაქტობრივად, გათიშული იყო, თუმცა არამიწიერი ძალის დახმარებით გამოფხიზლდა და 10 თვლაზე ფეხზე იდგა. მსგავსი რამ, ზოგადად, საბრძოლო სამყაროსთვისაც კი უპრეცედენტო იყო. მეორე ბრძოლაში ამერიკელი ჩემპიონი უსასტიკესად გაანადგურა და მერვე რაუნდში დაასრულა ბრძოლა. გასულ კვირას მებრძოლები ერთმანეთს, უკვე მესამედ შეხვდნენ. მათი შეხვედრა იყო ლომების ჯახი, კრივის ექსპერტები 21-ე საუკუნის ორთაბრძოლადაც კი ასახელებენ. მესამე რაუნდში ჯერ ფიურიმ გაუშვა ნოკდაუნში უაილდერი, მე-4-ში კი თავად, თანაც ორჯერ აღმოჩნდა იატაკზე. თუმცა უდრეკმა ხასიათმა და ჩემპიონის გულმა თავის საქმე გააკეთა, ფეხზე წამოდგა და მე-11 რაუნდში დაანოკაუტა უაილდერი.

ერთადერთი მოკრივე, რომელიც მისთვის ახლა გამოწვევას წარმოადგენს, უკრაინელი ოლექსანდრ უსიკია. უსიკი 4 ძირითადი ტიტულიდან 3-ს ფლობს, ერთიც ფიურის აქვს, მათ შორის გამარჯვებული მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი ხდება და თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივედ შევა ისტორიაში.

ავტორი: ანრი კურტანიძე