ავტორი:

მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები - რას ამბობს საგარეო უწყება გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები - რას ამბობს საგარეო უწყება გავრცელებულ ინფორმაციაზე?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

აღნიშნულით უწყება „ინტერპრესნიუსთან“ უკრაინის რადას დეპუტატის იულია კლიმენკოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე დიპლომატიური მოლაპარაკებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და არ ვადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამ საკითხზე უკრაინულ მხარესთან დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - აღნიშნავენ უწყებაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არც აქამდე ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, უკრაინის რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, რომ ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, დეპუტატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს. ამ პროცესს დროს დასჭირდება, ერთ დღეში ვერ გადაწყდება. როგორც უკრაინის ელჩმა გვაცნობა, რომელსაც ჩვენ შევხვდით, მოლაპარაკებები უწყვეტად მიმდინარეობს“, - აღნიშნა დეპუტატმა.