ავტორი:

"მეუღლე იურისტი მყავს, ჩემი შვილი კლინიკაში დამხმარედ მუშაობს..." - როგორია "ბონდოიას" რეალური ცხოვრება და რაზე საყვედურობენ ოჯახში?

"მეუღლე იურისტი მყავს, ჩემი შვილი კლინიკაში დამხმარედ მუშაობს..." - როგორია "ბონდოიას" რეალური ცხოვრება და რაზე საყვედურობენ ოჯახში?

ბონდოია ჩცდ-ს, პოპულარული სერიალის მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟია. მისი საქციელი უმეტესად ღიმილს და პოზიტიურ გაწყობას იწვევს. ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა, თითქმის ყველა სერიაში უწევს თამაში. ამ როლს მსახიობი გიორგი გოგიშვილი ასრულებს, ადამიანი, რომელიც თავის საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული.

რას ფიქრობს სერიალში თავის პერსონაჟზე, პარტნიორებზე, რა ასწავლა ემიგრაციაში გატარებულმა პერიოდმა - ამ და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE-ს მისთვის ჩვეული გულწრფელობით ესაუბრება.

- თქვენი პერსონაჟი სერიალში, მგონი, ძალიან გამოცოცხლდა...

- არჩვენების პერიოდია, შვილი კენჭს იყრის და მამაც გვერდით ჰყავს. სანამ მისი შვილი ფულს იშოვიდა და პოლიტიკას "მოსინჯავდა", იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდად არ შეცვლილა... მე ასე ვხედავდი და ვხედავ მას - რეალურად არის ობოლი, ჩასიძებული, პატიოსანი, მშრომელი კაცი, რომელსაც შეიძლება დიდად არ მოსწონს, ცოლი რომ ცოტას ავიწროებს, მაგრამ უკეთეს პირობებშია მაინც, ვიდრე სხვა შემთხვევაში, ან მარტო ცხოვრებისას იქნებოდა. ოჯახი ბაქარის წყალობით გამდიდრდა, მაგრამ ეს მაინც შეშას აპობს, მიწას ამუშავებს, ოღონდ, დალევა უყვარს. სიმამრი უდიდეს პატივს სცემდა. რა ქნას, ისეთ ოჯახში ჩავარდა, სადაც მეტი ძალაუფლება ქალებს აქვთ, ვერაფერს ცვლის, ობლობაშია გაზრდილი და კომფორტს ეძებს. ბოროტი არ არის, ერთი ჩრუტუნა, გამოუსვლელი კაცია.

- წინა სერიებში უღალატა ნუნუკას...

- თვითონ დიდად ვერც ხვდება, რას აკეთებს, დიდად ტვინს არ აყოლებს საკუთარ ნამოქმედარს. არიან ასეთი ადამიანები, შვილის გამო რომ აკეთებენ დაუფიქრებლად რაღაცებს - მით უფრო, თუ ცოლი ეტყვით. ცოლმა უთხრა, მიდიო და მივიდა... ის გააკეთა, რაც უთხრეს. ნუ, ცოტა ეშმაკიცაა. ცოლთან არ აქვს მაინც ურთიერთობა და ქალთან ამიტომაც გაძვრა. კი არაფერი გამოუვა, მაგრამ თავს მაინც კომფორტულად გრძნობს.

- საბოლოოდ ასეთი საქციელის შემდეგ ოჯახში სტატუსს მაინც შეინარჩუნებს?

- ალბათ შეინარჩუნებს. თუმცა ეს ქალბატონ დევდარიანზეა დამოკიდებული.

- მგონი, თქვენი პერსონაჟი მას უყვარს...

- მიმაჩნია, რომ ხშირ-ხშირად რომელიმე პერსონაჟის სერიალში გამოჩენა, გინდაც ბონდოია იყოს, მომაბეზრებელია. იმაზე ვფიქრობ, ბონდოია არ გახდეს ასეთი. ზოგადად კი გადაღებებს რა სჯობია, მაგისგან რა დამღლის, ჩემი პროფესიაა, რომელიც უზომოდ მიყვარს. მაგრამ ამაზე მაინც ვფიქრობ.

- ბონდოს რაიმე თვისება ხომ არ გაქვთ?

- არა, ასეთი "ბულკიც" არ ვარ და არც ასეთი ჩრუტუნა. შრომა მეც მიყვარს და მიმაჩნია, რომ ადამიანს შრომა უნდა უყვარდეს და საქმე აკეთოს...

- უშუალო პარტნიორებზე, მსახიობებზე - ქეთი ჩხეიძე (ნუნუკა) და ბუბა მირცხულავა (ბაქარი) რას გვეტყვით?

- ქეთიზე მე რა უნდა ვილაპარაკო? უმშვენიერესი ქალბატონი, კარგი დედა და მაღალი დონის მსახიობია. გიზო ჟორდანიას ლეგენდარული ჯგუფის წევრია... ამას წინათ ვუთხარი, მისი ნათამაშევი სცენა ბონდოიას (ანუ მე) სარკიდან რომ მაფასებს, - იყავი იქო? ეს კადრი ნებისმიერი ფილმისთვისაც დიდებული იქნებოდა. ნუნუკას მართალია, ქმარი ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ მაინც ქალი რომაა, მის ამ ნაბიჯს შეურაცხყოფად იღებს... ქეთისთან ვმეგობრობთ, კარგი ადამიანია. ისიც ჩემი არ იყოს, სულ საქმეში და გადარბენებზეა.

ბუბა არის ფანტასტიკური ადამიანი. სერიალში მოსვლის შემდეგ ასეთ წარმატებას მიაღწია, მაგრამ თავში არ ავარდნია. ცოლი ცოტა ხნის წინ მოიყვანა, შვილიც შეეძინა. ვულოცავთ თქვენი საშუალებითაც. რაღაცნაირად მგონია, რომ ეს ბიჭი ჩემი ახლობელია.

- მოკლედ, თეატრი, თქვენი საქმე ისე გიყვართ, ცოტა ხნის წინ ემიგრაციაში რომ იყავით, იქაც კი თეატრში საქმიანობდით...

- კი, ასეა... იქ მუდმივი დასი არ იყო, თვითონ მოჰყავდათ დასები, მაგრამ დარბაზი ღონისძიებებით სულ დატვირთული იყო... ტექნიკურ ნაწილში ვიყავი, რამე რომ ფუჭდებოდა, მისი შეკეთება მევალებოდა (უფრო მეურვე გახლდით) ვაწყობდი მაგიდებს, რადგანაც გარდა სპექტაკლებისა, როგორც ვთქვი, სხვადასხვა შეკრება იმართებდა. მოკლედ, იქ ბევრი რამის გაკეთება მიწევდა, თეატრი დამილაგებია კიდეც. თუმცა თეატრს ახლაც და საქართველოშიც ვალაგებ, ვაწესრიგებ.

- როგორც ვიცი, სოხუმის თეატრის მთავარი ინჟინერი ხართ, სადაც სცენის ტექნიკური მხარე გაბარიათ. "მოზარდში" დასში ხართ და იქაც ტექნიკურ მხარეებზე ზრუნავთ, თოჯინების თეატრში სადადგმო ნაწილის გამგე და მსახიობიც, ხომ?

- კი, ასეა, სამ თეატრში სხვადასვა პოზიციაზე მიწევს საქმიანობა, მაგრამ იქვე სცენაზე დგომაც. არცერთ თეატრში არანაირი პრობლემა არ მაქვს იმის, რომ სცენაზეც ვიდგე... სოხუმის თეატრში ახლა დარბაზს ვაშენებთ. პარტერის დასალაგებლად ბევრი რამ იყო გასაკეთებელი... „თოჯინებშიც“ ნიკა საბაშვილი, კარგ საქმეს აკეთებს და გვერდში დავუდექი. თან მოგეხსენებათ, სახსრები არ არის,ზოგ რამეს საკუთარი თანხებითაც ვაკეთებთ...

- ასეთი რამ იშვიათია, როცა მსახიობი თეატრში მხოლოდ სცენაზე კი არ დგას, მას ალაგებს, აშენებს, აჭედებს და შეიძლება ითქვას, რომ იქ ცხოვრობს...

- კი, თეატრის დალაგება მიყვარს, მაგრამ სხვა ვერც ერთ შენობას ვერ დავალაგებ. მგონია და ვთვლი, რომ თუ მსახიობობა გიყვარს, იქ უნდა ცხოვრობდე კიდეც, მსახიობიც უნდა იყო, ინჟინერიც, აფიშის გაკვრაც უნდა შეგეძლოს, გიხაროდეს. კი, მე ვცხოვრობ თეატრით და თეატრში. მის დაცვაშიც შემიძლია ვიმუშავო, ოღონდ, თეატრში ვიყო. თუ გიყვარს, ასეც უნდა იყოს. არადა, თეატრში ისეთ ხელფასებია, ნებისმიერ ადგილას გარეთ რომ მუშაობდე, მეტს იშოვი.

- ისრაელში შრომა დაგიფასდათ, ხომ?

- გაცილებით დიდ თანხას ვიღებდი. თავიდან რომ ჩავედი, სხვა საქმეზე ვიყავი, მერე ახლობლების დახმარებით გადმოვედი თეატრის შენობაში. რომ შეხედეს, იქიდან არ გამოვდიოდი, ყველაფერს (სამი კაცის საქმეს) ვაკეთებდი, ხელფასიც და საათებიც დამიმატეს. მეპატრონე, ვისაც ის შენობა ებარა, დღეს ჩემით იწყებდა, გვერდიდან არ მიცილებდა. ახლა სამივე სამსახურში რასაც ერთ თვეში ვიღებ, იქ 4 დღენახევარში მიხდიდნენ...

- ემიგრანტობის ის ორი წელი რომ შევაფასოთ - როგორც ვატყობ, კმაყოფილი ხართ...

- ჩემი იქ გამგზავრება ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა. იმ პრობლემებს აქ ყოფნით ვერაფრით გამოვასწორებდი... იქ ყოფნამ მასწავლა შრომის ფასიც და ისიც, რომ არანაირი შრომა სირცხვილი არ არის. ეს კი ვიცოდი, მაგრამ ამაში მეტად დავრწმუნდი. იქ ვნახე, რომ დამლაგებელი ისევე დაფასებულია, როგორც დირექტორი. ეს არის ქვეყანა, სადაც გამორჩეულად ვინმეს კი არ უყვარხარ, უბრალოდ, კანონი გიცავს და არეგულირებს ყველაფერს. თავს ადამიანად გრძნობ.

გიორგი გოგიშვილი მეუღლესთან ერთად

რაც შეეხება თეატრს, ეს ჩემთვის ცხოვრებაა, როცა ამ საქმეში ვარ, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. ახლა სანამ "თოჯინებში", სოხუმის თეატრში დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან, რა დამასვენებს?!. ჩემი ხელით კულისი უნდა შევკერო, თოკს გავუყრი, მერე კი ამოვისუნთქავ... რა ვქნა, ხომ ვამბობ, ასეთი თეატრი მიყვარს, რომელსაც საკუთარი ხელით აკეთებ. სპექტაკლსაც რომ ვთამაშობ, რაღაც დეტალს ჩემი პერსონაჟის კოსტიუმისთვის მე ვქმნი. "მოზარდში" "მარიო და ჯადოქარში" მთელი კოსტიუმი ჩემი შეკერილია. ასეთი აქტივობა მეხმარება როლის მეტად გათავისებაში.

- "დაქალების" გადაღებები როგორც მსახიობს ხომ გეხმარებათ?

- მსახიობს იმაში გეხმარება, რომ ქუჩაში გცნობენ. ეს იმ თეატრისთვის, რომლის სცენაზეც ხარ, კარგია, მაყურებელი მეტად მოდის. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ რუსულ, უკრაინულ ფილმში მაქვს ნათამაშევი, რომელსაც მოწონებაც ჰქონია, სერიალი პოპულარობის კუთხით უფრო გეხმარება.

- მეუღლე როგორ გაფასებთ?

- რა ვიცი, მგონი, მოვწონვარ როგორც მსახიობი.

გიორგი გოგიშვილის მეუღლე და შვილები

- თავადაც მსახიობი ხომ არ არის?

- იურისტია, ამჯამად დიასახლისი, ოჯახს და ბავშვებს უვლის. ისე, მას რომ პროფესია აქვს, ასეთი უნდა. ინგლისურის სპეციალისტიც არის, ბუღალტერიაც დამთავრებული აქვს. ახლა თეატრალურ უნივერსიტეტში თეატრალური კოსტიუმებისა და აქსესუარების კურსი გაიხსნა და იქ სწავლობს. ისედაც კარგად კერავდა და ახლა ამასაც სწავლობს. ვეუბნები - შენს მომზადებაში უფრო მეტი ფული მაქვს დახარჯული, ვიდრე უფროსი შვილის, სანდროს მომზადებაში-მეთქი, რომელიც მომავალ წელს სკოლას ამთავრებს. სამედიცინოზე უნდა ჩაბარება. ალადაშვილის კლინიკაში დამხმარედ მუშაობს, ასე მოინდომა. არასრულწლოვნებს კვირაში 6 საათის მუშაობის უფლება აქვთ და ამას ასე იყენებს. უმცროსი გოგონა ანა-მარია ჯერ 12 წლისაა და კარგად ხატავს, ასევე კარგად სწავლობს. სანდროც კარგი მოსაწავლეა, მაგრამ მინდა, ერთი წაიკითხოს და გაიაზროს, ვიდრე ბევრი და აზრი არ დაატანოს. არ ვერევი მის გადაწყვეტილებაში, ექიმობა უნდა, მიზანი აქვს და დაიწყო უკვე ამ მიმართულებით შრომა.

- სულ სამსახურში რომ ხართ - ოჯახში არ გსაყვედურობენ?

- კი, სახლში ცოტა დროს ვატარებ. ჩემი ცოლი მეხუმრება, გაგაგდებდი, მაგრამ სახლში არ ხარ და როგორ გაგაგდო, სულ თეატრში ხარო... დროს როგორც კი გამოვძებნი, ვცდილობ, სახლში მეუღლეს მივეხმარო... მოკლედ, ასე ვართ და ვცხოვრობთ...