სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, ამირან ჯანაშია დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამირან ჯანაშია ზუგდიდის ციხის უფროსი 2009-2012 წლებში იყო.
არსებული ინფორმაციით, ის წარსულში გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. საქმეზე, რომლის გამოც ჯანაშია პასუხისგებაში იყო მიცემული, ათობით პირია დაზარალებულად ცნობილი.
2013 წელს ჯანაშია დაკავებული იყო წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე.
თუმცა დაკავებულის ახლობლები ფიქრობენ რომ ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს, რადგან ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი.
ამირან ჯანაშია იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
"ეს იმ სიბინძურის გაგრძელება არის, რა სიბინძურეც დააანონსა პრემიერ - მინისტრად წოდებულმა ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ წავიდა ეს მოქმედებები. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს და სახლში, ბავშვის და მეუღლის საწოლის ლეიბიდან ამოუღეს ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი და ხელყუმბარები. ამ სიბუნძურეზე წავიდნენ. შემდეგ შევიდნენ სამმართველოს ყოფილი უფროსის, რუსლან შომახიას სახლში. მან წინასწარ იციდა, რომ მასზე იყო რაღაც მოქმედებები, ამიტომ სახლში არ დახვდა. იქ რომ არ დახვდათ გადაიფიქრეს და წაიღეს მისი კუთვნილი სანადირო თოფი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კიდევ აპირებდნენ თადარიგის ოფიცრების დაკავებას. ყველას მოვუწოდებ, ხვალ მოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. ვაფრთხილებ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ამ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა, არავის ეს არ შერჩება, ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე იმიტომ, რომ მსგავსი სიბინძურეები ამ ქვეყანაში უნდა მორჩეს“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.