მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, მე გუშინ, ბუნებრივია, ვსაუბრობდი შიმშილობაზე, შიმშილობის დეფინიცია კანონმდებლობით არის განსაზღვრული და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზეც და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, მათ შორის დაკავებულის თუ პატიმრის უფლებაა შიმშილობა.
„მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა. მეტსაც გეტყვით, ჩემივე დავალებით, ციხის საავადმყოფოში, მანამ, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ჩვენ სრული გადაიარაღება, განახლება განვახორციელეთ, უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით აღვჭურვეთ ციხის საავადმყოფო. იქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს ვუმკურნალოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში.