ღიად თქვეს, ვიყიდით, დავაშინებთ, „ქართული ოცნება“ ამას გააგრძელებს. სამწუხაროდ, ვიღაცები ამას გაუძლებენ, ვიღაცები ვერ გაუძლებენ, მაგრამ ჩვენთვის ეს პოზიტიური პროცესია - ჩვენ არასდროს გვექნება ისეთი ფინანსური რესურსი, როგორც „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ბათუმის შემდეგ მის პარტიას სხვა ქალაქის საკრებულოების წევრებიც დატოვებენ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ვინც გასაყიდია, უნდა გაიყიდოს“.
„გახარიას გუნდი აგრძელებს ბრძოლას თავისი ამომრჩევლებისთვის, მომავლისთვის, ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებისთვის. ერთი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს, მეორე იძიებს. ამ ცირკში გვაცხოვრებენ და ამით გვაიძულებენ არჩევნების წინა დღეს, რომ არჩევანი გავაკეთოთ. მშვიდობიანი ცვლილებები დაიწყება ეზოდან, ქალაქიდან, რაიონიდან და ქვეყნიდან. ამას ვაკეთებთ ყველგან და მათ შორის, გავაკეთებთ ბათუმში. ჩემმა კოლეგებმა კარგი კომენტარი გააკეთეს. ვინც გასაყიდია, უნდა გაიყიდოს, ჩვენი ერთობა ფასეულობებზეა დაფუძნებული და ჩვენ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით გავაგრძელებთ საქმიანობას“,- განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება იმას, ითანამშრომლებს თუ არა მისი პარტია რეგიონებში სხვა პარტიებთან, გახარია ამბობს, რომ კოალიციას არავისთან შექმნის.„პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენ, დღეის მონაცემებით, კოალიცია არავისთან გვექნება. დღეს, პირველი 9 და მეორე 9 წლის შემდგომ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორ ცუდს შორის ვირჩევთ და მათ ეს არ ერიდებათ. მათი კამპანიის ძირითადი საყრდენი იყო ის, რომ გვეუბნებოდნენ - ის უფრო ცუდიაო. იქ, სადაც შესაძლებლობა იყო, ეს იყო ძირითადად „ლელოსთან“ და დიახ, ჩვენ ვითანამშრომლებთ“,- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, გუშინ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.