შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ქეთევან კოვზიაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, მე- 20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კოვზიაშვილმა განაცხადა, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები შექმნილია.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები. დღეს, ისევე, როგორც არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
დეტალურად გაგაცნობთ არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის, პოლიციის მიერ დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ:
ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს;
ზუგდიდში, უკვე დასახელებულ საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით;
გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე.
მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩევნების მეორე ტურის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.
პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე“, - განაცხადა კოვზიაშვილმა.