ავტორი:

"განზრახული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება... არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც" - სუს-ის უფროსი საქმის ახალ დეტალებზე

"განზრახული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება... არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც" - სუს-ის უფროსი საქმის ახალ დეტალებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლა იგეგმებოდა, რის გამოც, უწყებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს „გრიფით საიდუმლოთი“ მიმართა, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს.

ლილუაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებას შეეხება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, საქმე გამოძიების საწყის ეტაპზე, საქმის მასალების გასაიდუმლოება კი გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე იმ ეტაპამდე მოხდება, სადამდეც ამის საჭიროებას გამოძიება დაინახავს.

"განცხადებაში მითითებული იყო, ბრიფინგზეც მივუთითეთ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 351-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას შეთქმულების გზით. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მოპოვებული იქნა კონკრეტულ პირთა ჯგუფის მიერ განზრახვის შესახებ, რაც ავტომატურად იწვევს გამოძიების დაწყებას, ეს ნორმალური პროცესია.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს საქმე დაწყებულია სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ეს არის უბრალოდ საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისათვის, რამაც თავისთავად, საპრევენციო ხასიათის როლი შეასრულა, ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებით თუ უნებლიედ, მომხვდარიყო ამ გაუგებრობაში, ინფორმაცია მივეცით განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას, მათ შორის, არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც. სხვათა შორის, სხვადასხვა ინტერპრეტაციები მისცეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირებმა ამ ჩანაწერებს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ველოდებით მათ დაკითხვას. მათ უარი განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოცხადებაზე, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ, თუმცა, უახლოესი საათების განმავლობაში, ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საუბრის შინაარსი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, თუმცა, ეს ვარაუდია, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება, უნდა გამოიკითხონ მოწმეები, ეს პირები და შემდეგ შეგვეძლება დადასტურებით ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ის ასევე განმარტავს, თუ რატომ დაემთხვა არჩევნების პერიოდს საქმის გამოძიების დაწყება.

"ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიების პროცესში, დაკითხვების, ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე გვექნება უფრო მეტი არგუმენტი იმისა, რომ ვამტკიცოთ თუ რომელი პირი შეიძლება გამოიკვეთოს აღნიშნულ საქმეში. ის გამოთქმული აზრი, რომ მაინც და მაინც არჩვენების წინა დღეს გამოაშკარავდა, ეს დაკავშირებული იყო საჯარო ეთერში გასულ იმ განცხადებებთან, რომლითაც კონკრეტული პოლიტიკური პირები აანონსებდნენ დაკავებული პირის ცუდად გახდომას და შესაბამისად, მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას, სწორედ ამ საუბრიდან გამომდინარე იქ საუბარია სწორედ ამ პროცესის ხელის შეშლაზე და ეს იყო აუცილებლად გასაკეთებელი. გარდა ამისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით, „გრიფით საიდუმლოთი“ არსებული საფრთხეების შესახებ იმავე დღეს მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის, ტრანსპორტირებისთვის იყო განთვალისწინებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რათა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.