ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით, უკომპრომისო ბრძოლა იქნება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვიწროპარტიული ინტერესები და პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს.
"ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენს წინაშე, უკომპრომისო ბრძოლა იქნება. ვიწროპარტიული ინტერესები აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს. იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვიძა. რა არის ჩვენი ამოცანა? ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არამხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრვად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების, ინჟინრების, ყველა ვინც გულახდილად არის შეწუხებული, რომ სახელმწიფოში არჩევნები ივანიშვილის პირობები აღარ ჩატარდება.
ჩვენ ხვალ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით და როგორც რიგითი მოქალაქე გპირდებით, რომ ბრძოლა უკომპრომისო იქნება. სიტყვებს ასე უბრალოდ, ჰარი - ჰარალოზე არ ვისვრით. ბიძინა ივანიშვილს შანსი მივეცით და არ გამოიყენა“, - აღნიშნა მელიამ.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაუქმებულია.
"არც მეტი და არც ნაკლები, ნურავინ ნურავის ნუ მოვატყეუებთ, ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს. ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილის პირობებში, ამ ქვეყნაში არჩევნები ჩატარდება, ვერანაირად ვერასდროს მის მოსაზრებას, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერ გავიზიარებ, რადგან არ მჯერა. მოპოვებული გამარჯვევები ძალიან ბევრ მუნიციუპალიტეტებში, თითქოს არც იყო მოპოვებული, ბიძინა ივანიშვილმა წაიღო სხვადასხვა რეზიდენტციებში - მოიპარა. მე ბიძინა ივანიშვილს დავპირდი, მეგობრებთან ერთად 14 ოქტომბერს, როდესაც გაიმართა ძალიან დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე, ყველაფერი იქნებოდა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა იგი 30 ოქტომბერს. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და მან დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა და პასუხი იქნება ადეკვატური“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც მელიამ აღნიშნა, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორთან და უთხრა, რომ არჩევნები ქვეყანაში გაუქმებულია.
“მთელი ამ საათების განმავლობაში, პირადად მე, კომუნიკაცია მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთანაც. არ დავუმალე ის, რასაც ახლა თქვენ გესაუბრებით. მათ ვუთხარი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმებულია, მანამდეც მქონდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათთან საუბარი. მერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანი, ქართველი, თუ უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორი თუ თანამებრძოლი, ვინც არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას. აღარ არის მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი. დიახ, ჩვენ ვიქნებით ავანგარდში, მაგრამ ჩვენი სურვილია, ეს ბრძოლა ფართო კოალიციური მოძრაობით წარიმართოს“,- აღნიშნავს მელია.