"მიშას ფაქტორი თუ მეორე ტური საქართველოში, როგორც რეფერენდუმი", "სააკაშვილი თავის ტკივილი "ოცნებისთვის", თუ პირიქით, ექსპრეზიდენტის შიშით, ძალაუფლების გამყარების შესაძლებლობა", - ამ თემების გარშემო რუსული მედია ბოლო დღეებში აქტიურად მსჯელობს. ბეჭდვურ, თუ ონლაინ გამოცემებში, ბლოგებსა და სხვა სახის საინფორმაციო საშუალებებში წერენ, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენა-გათავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან და ოპოზიციის შემდგომ ნაბიჯებთან.
"მოშიმშილე პრეზიდენტმა ფსონი გამსახურდიას მომხრეებზე დადო", - წერს მოსკოველი კორესპონდენტი მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, რომლის ცნობითაც, საქართველოში მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა სააკაშვილი ციხეში.
"მმართველმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა. ოპოზიცია კი, ფალსიფიცირებულ შედეგებზე საუბრობს. ორი ქართული ტელეკომპანიის, "იმედისა" და "მთავარი არხის" მიერ დაქირავებული კომპანიების შედეგები სრულიად განსხვავებულია - "გორბის" შედეგებით, კახა კალაძემ ხმათა 57 % აიღო, ოცნების წარმომადგენლები გამარჯვებას ზეიმობენ ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში.
თუმცა, ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ დაქირავებული ორგანიზაციის შედეგებით, ნიკა მელიამ 51 % აიღო და იმავე ქალაქებშიც გამარჯვებას ოპოზიციის კანდიდატები ზეიმობენ...", - წერს ტელეკომპანია tvrain.ru.
"ურთიერთგამომრიცხავი შედეგები საქართველოს არჩევნებზე" - ასე ეხმიანება rg.ru საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურს. სტატიაში ნათქვამია, რომ ოპოზიციასთან დაახლოებული ტელეკომპანია, "მთავარი არხი" აცხადებს, რომ თბილისსა და ქვეყნის დიდი ქალაქებში ოპოზიციური ძალები იგებენ.
dw.com-ის, რუსული სამსახური საქართველოში განვითარებულ წინასაარჩევნო პროცესებს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით - "მიშას ფაქტორი, თუ მეორე ტური საქართველოში, როგორც რეფერენდუმი." სტატიაში აღნიშნულია, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებს ფონად გასდევდა ექსპრეზიდენტის შიმშილობა, რომელსაც დღემდე შემორჩა მომხრეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. მისი ციხეში ყოფნა და შიმშილობა კი, ქვეყანაში ისედაც დაძაბულ გარემოს, უფრო ამწვავებდა.
სტატიის ავტორი წერს, რომ ის თავად იმყოფებოდა საქართველოში და თვალს ადენებდა პოლიტიკურად დაპირისრებული ორი ძალის მონაცვლეობით გამართულ აქციებს, რომელსაც ყოველთვის თან სდევდა კამათი - რომელ მხარეს ჰყავს უფრო მეტი მომხრე.
თბილისში, ოპოზიციის მიტინგზე დასასწრებად ჩამოვიდა novayagazeta.ru-ს კორესპონდენტი, ირინა ტუმაკოვა, რომელიც თავის რეპორტაჟში აღნიშნავს - თბილისში "ჯანმრთელი ადამიანის", ცივილიზებული ევროპული ქვეყნის, ცივილიზებული პროტესტი იხილა, რომელიც ქართული კოლორიტებით იყო გარშემორტყმული.
"მიტინგებზე ძნელად მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მითარგმნიდა, თუ რას ამბობდნენ სცენაზე. უფროსი თაობის ქართველები არც ისე ადვილად გადადიან რუსულ საუბარზე, იმიტომ კი არა, რომ არ უყვართ რუსული, უბრალოდ, არ სჭირდებათ და თანდათან დავიწყებას მიეცა. ახალგაზრდა ქართველები კი, ადვილად გადავიდნენ ინგლისურ ენაზე. იქ რუსული ძალიან ცოტამ იცის. საქართველომ ეს მარტივად გადალახა", - წერს ჟურნალისტი.
მისივე თქმით, პუშკინის ქუჩაზე, პროტესტის მონაწილეები ისვენებდნენ. მინი-მარკეტებთან რიგი იდგა, მომხმარებლები, პანდემიის გამო, შვიდ-შვიდად შედიოდნენ. "ჩემ თვალწინ, ახალგაზრდა, "ცხელი" ქართველები ლიმონათებსა და მინერალურ წყლებს ყიდულობდნენ. არც ერთი არ მინახავს, ვისაც ხელში ლუდი მაინც ეჭირა", - აღნიშნავს ტუმაკოვა.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, წინასაარჩევნო პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის შესახებ მოამზადა პუბლიკაცია riafan.ru--მ პოლიტოლოგი ნიკოლაი სტარიკოვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობით თავის თავს ინადგურებს. "სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ციხეში, ისე, როგორც ეს რუსეთს სურს და არა საქართველოს. ეს პირველი. მეორე, როგორც ვიცი, ის შიმშილობს, ეს მეთოდი ანადგურებს ჯანმრთელობას... ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ის თავად იკლავს თავს...", - ამბობს სტარიკოვი.
eadaily.com.ru-სთან საუბრისას, ებრაელი პოლიტოლოგი იაკოვ კედმი ამბობს, რომ სააკაშვილი ახლა უკრაინელ და ბელარუს ხალხს ასახიერებს. ანალიტიკოსის თქმით, კარგი იქნება, თუ ისინი ამას გააცნობიერებენ და მიხვდებიან, თუ რას ნიშნავს საკუთარ სამშობლოში ციხეში ჯდომა.
"შეხედეთ მას. ეს არის თქვენი მომავალი... ასე მოსდის ადამიანს, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია. ასე მოგივათ თქვენც", - ამბობს ის.
"თუ ახლა ოპოზიციამ წააგო, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს კიდევ 7 წელი მოუწევს ქართულ ციხეში ყოფნა. 30 წელია რაც ხდება ყველაფერს რუსეთს აბრალებენ, ჯერ კიდევ 20-იანი წლების ისტორიიდან. ამ პატარა ერს უჭირს დამოუკიდებლობის გზით სიარული", - მიაჩნია ინტერნეტმომხარებელ სტანისლავ ბილოუსკოს.
"რას ვიზამთ, ჩვენთვის გაუგებარია, საიდან აქვს ამდენი ბრძოლის ჟინი და ენერგია ქართველ საზოგადოებას, ჩვენ ხომ დიქტატორის სტაბილურობას ვართ შეჩვეული?! ამიტომაც, ჩვენი შვილების კი არა, შვილიშვილების თაობაც ვერ გაიგებს თავისუფლების გემოს", - წერს ილია ტკაჩენკო.
"დასავლური მედიის ნაწილი წერს, რომ სააკაშვილი ციხიდანაც აზანზარებს საქართველოს ხელისუფლებას და მგონი, ასეც არის. თუ "ოცნება" დარწმუნებულია, რომ ეს გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს, მაშ რისი ეშინიათ?! გაათავისუფლონ ეს კაცი და როგორც ამბობენ, ირბინოს. თუ არადა, მაშინ აშკარად კითხვებს აჩენს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს, ვისი მომხრეც არ უნდა იყვნენ, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ დამოუკიდებლობა სურთ, არც პუტინის მსგავს ტირანს შეეგუებიან და არც რუსეთისნაირ ჭაობში იცხოვრებენ. ამიტომ მიყვარს საქართველო. ღმერთი ფარავდეს მათ", - წერს სერგეი ვოლკოვი სოციალურ ქსელში.