ავტორი:

"საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს" - კახა კალაძე

"საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს" - კახა კალაძე

"ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ვიქნები თბილისში მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, ეს ასეა, ასე იყო და, რა თქმა უნდა, ასე იქნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ახალი ენერგიით შეუდგება ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას.

„არჩევნები დასრულდა, დასრულდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული თბილისელისა და საქართველოს მოქალაქის გამარჯვებით. ყველას გილოცავთ და გიხდით მადლობას. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩემს თითოეულ თანამებრძოლს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და დაუღალავად იბრძოლა იმისთვის, რომ არამხოლოდ მე ან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ სამართლიანობას, მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას გაემარჯვა. რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ახლა მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს, ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ვიქნები თბილისში მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანის მერი. თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და, რა თქმა უნდა, ასე იქნება. ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაზე დასაკარგი დრო.

ჩვენ ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებითა და მიდგომებით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას. ამ მიზნების მისაღწევად კი ჩვენ თითოეული თქვენგანის თანადგომა, ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ, ყველა თბილისელი, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად. მე ამ საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად შეუძლებელს შევძლებთ“,- განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძე ამბობს, თუ მოქალაქეები ერთად იდგებიან, ქალაქი იქნება ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, მწვანე, ჯანსაღი, კეთილდღეობითა და სიცოცხლით სავსე.

„მე ამას თბილისელებს ვპირდები. ჩვენ, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანებული და ერთიანი საქართველო. ეკონომიკურად ძლიერი განვითარებული სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბევრად ბედნიერად და ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრებენ. ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას ყოველგვარი მტრობის გამორიცხვით, ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით შევძლებთ.

ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ არა ერთმანეთზე, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის“,- განაცხადა კალაძემ.