ავტორი:

"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს "ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს" - ირაკლი კობახიძე

"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს "ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია.

"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ასეთი პრეტენზიები ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს "ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში მმართველობა მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, "ქართულ ოცნებას" აქვს უმრავლესობა თითქმის ყველა საკრებულოში, ხოლო რამდენიმეში, სადაც ასე არაა, მისი თქმით, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.

"რაც შეეხება შედეგების შეჯამებას, "ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც ჩვენ გავაუმჯობესეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე წარმატებით დაწყებულია. ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში "ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული 1 წლის მანძილზე გამოვიარეთ“, - განაცხადა კობახიძემ.