ავტორი:

"იმედგაცრუებული ვარ" - რა განაცხადა ჯო ბაიდენმა რუსეთსა და ჩინეთზე?

"იმედგაცრუებული ვარ" - რა განაცხადა ჯო ბაიდენმა რუსეთსა და ჩინეთზე?

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით იმედგაცრუებულია იმით, რომ "დიდი ოცეულის“ რომში გამართულ სამიტზე რუსეთმა და ჩინეთმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ვალდებულება არ გამოხატეს.

"იმედგაცრუება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ განუცხადებიათ ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების კუთხით. არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა იმ პროგრესზეც ისაუბრა, რასაც რომში გამართულ სამიტზე მიაღწიეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

"მივიღეთ მთელი რიგი დებულებები ნახშირის სუბსიდიების დასასრულებლად. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმაზე ორიენტირება, თუ რას არ აკეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი, რას არ აკეთებს საუდის არაბეთი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, "დიდი ოცეულის“ სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს გაიმართა. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო კომუნიკეში კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის და აღნიშნულია, რომ ნახშირბადის ნულოვანი ემისიის ანუ ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა დაახლოებით საუკუნის შუა პერიოდისთვის იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვან და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებენ იმისთვის, რომ გლობალური დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც, მეცნიერების განმარტებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დონეა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.