ავტორი:

"აქ ბრძოლა იყო... მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს" - წალენჯიხის არჩეული მერი

"აქ ბრძოლა იყო... მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს" - წალენჯიხის არჩეული მერი

"პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმის“ ეთერში წალენჯიხის არჩეულმა მერმა, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ საკუთარი გამარჯვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, წალენჯიხა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი იდეოლოგიური ფრონტი ყოველთვის იყო.

"თავისი დანიშნულებით და ისტორიული კვანძებით, წალენჯიხა გაუტოლდა საქართველოს დიდ ქალაქებს, როგორც იდეური ფრონტის ხაზი. აქაური ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანი განწყობებით. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში იმუშავა რამდენიმე ფაქტორმა, ესენია - განწყობები, ცვლილებების სურვილი, ავანგარდში მყოფი ისტორიული გამოძახილი და მთელი კოალიციური გუნდი. აქვე იმუშავა იმ ფაქტორმაც, რომ ამ ქალაქში გაზრდილი ვარ. სამოქალაქო ომის პერიოდში ფაქტობრივად ვპატრულირებდი ამ ქალაქში. ყველა ოჯახთან საკუთარი ურთიერთობა მაქვს და პირველ ტურში გამაოგნებელი ამბები ხდებოდა აქ. "ოცნებას" რომ ეგონა, მათ მიერ დამუშავებული ელექტორატის რიგებშიც პერსონალური სიმპათიები იყო, რადგან 200-ზე მეტი მოსწავლე მყავს ამ ქალაქში გაზრდილი და მთელი ცხოვრება ამ ქალაქის კეთილდღეობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გავატარე“, - განაცხადა ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერი მიიჩნევს, რომ არჩევნები უსამართლო პირობებში მიმდინარეობდა.

"აქ ბრძოლა იყო, ეს არ იყო არჩევნები თავისი კლასიკური გაგებით. ცივილიზებულ არჩევნებში დაახლოებით 65-35-ზე არის ნამდვილი მაჩვენებელი. ამ მაჩვენებელს ჩაურთეს რეპრესიული მექანიზმები, მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს. ჩვენ ახლაც მობილიზებული ვართ მთელი ადამიანური, ინტელექტუალური და იურიდიული რესურსით, რათა ეს გამარჯვება არამხოლოდ მერისთვის, არამედ საკრებულოს დონეზეც ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.