ავტორი:

„პრაქტიკული აკადემია” მულტიმედია ჟურნალისტიკის ახალ კურსს იწყებს

„პრაქტიკული აკადემია” მულტიმედია ჟურნალისტიკის ახალ კურსს იწყებს

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე ახალი, მე-5 ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამის ხანგრძლივობა 2 თვეა, რომლის განმავლობაშიც კურსის მონაწილეები მულტიმედია ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულებას გაივლიან. ისინი შეიძენენ ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რომლებიც პროფესიით დასაქმებაში დაეხმარება.

კურსის ხელმძღვანელის ნინო ტურაშვილის განმარტებით, მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაში თეორიულ ცოდნასთან ერთად დიდი ყურადღება პრაქტიკულ გამოცდილებას ეთმობა:

„პროგრამის მთავარი უპირატესობაა თეორიული სწავლის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრაცია. სასწავლო სილაბუსი აგებულია სასემინარო შეხვედრებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებზე. საწყის ეტაპზე სტუდენტები ესწრებიან სემინარებს, შემდეგ კი ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკულ სამუშაოებში ერთვებიან. პროგრამის დასასრულს კი მონაწილეები ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობენ. საბოლოოდ, 2-თვიანი კურსის შემდეგ ჩვენ ვიღებთ პროფესიონალებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ „პალიტრა მედიის“ პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმდნენ,“ - განმარტავს ნინო ტურაშვილი.

პრაქტიკული აკადემია აქტიურად თანამშრომლობს მედია საშუალებებთან და კურსის გავლის შემდეგ მონაწილეების 80% დასაქმებულნი არიან შემდეგ ორგანიზაციებში: PalitraNews, რადიო პალიტრა და გაერთიანებული ნიუსრუმი. ისინი საქმიანობენ როგორც ტელევიზიასა და ახალი ამბების სააგენტოში, ისე მენეჯერულ პოზიციებზე.

მარიამ ტურძილაძე, კონტენტმენეჯერი: „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ დაახლოებით ორი წლის წინ, „პრაქტიკული აკადემიის“ დასრულებისთანავე, დავსაქმდი. თავდაპირველად, კონტენტმარკეტინგის დეპარტამენტში ჟურნალისტად ვმუშაობდი, ამჟამად კი ამავე დეპარტამენტში კონტენტმენეჯერი ვარ. პარალელურად, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვწერდი სხვადასხვა საიტისა თუ ჟურნალისთვის, რამაც მრავალმხრივი გამოცდილება მომცა. „პრაქტიკულ აკადემიაში“ გატარებული სამი თვე ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ხოლო „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ - ის ადგილი, სადაც განვითარებისა და კარიერული წინსვლის მეტი შესაძლებლობაა.“

ლევან ლაუდაძე, PalitraNews-ის წამყვანი: „სასიამოვნო განცდაა, როდესაც ვიცი, რომ ნულიდან დავიწყე ახალი საქმე და დღეს დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ვარ ტელევიზიაში. მანამდე, 2 წელი რადიო პალიტრას წამყვანი ვიყავი თამთა კვარაცხელიასთან ერთად. ყველაფერი კი „პრაქტიკული აკადემიით“ დაიწყო, რისთვის ყოველთვის მადლობელი ვიქნები ამ პროექტის და იმ ადამიანების, ვინც მასში იყო და არის ჩართული.“

ლაშა ჯავახიშვილი, ახალი ამბების კორესპონდენტი: „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ პრაქტიკული აკადემიის შესახებ ტელევიზორიდან შევიტყვე. მაშინ, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე ვსწავლობდი. მინდოდა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა, სპეციალობიდან გამომდინარე, პოლიტიკასთან ყოფილიყო კავშირში. ერთ-ერთ ასეთ გზად კი ჟურნალისტიკა მესახებოდა. ჟურნალისტიკაში იმ დროისთვის არანაირი გამოცდილება არ მქონდა და დიდად არც იმის იმედი, რომ გამოცდილების არ ქონის გამო, თუნდაც, „პრაქტიკულ აკადემიაში“ ამიყვანდნენ, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა. „პრაქტიკულ აკადემიაში“ სამი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი თვე გავატარე, რის შემდეგაც მუშაობა „ინტერპრესნიუსში“, ჟურნალისტის პოზიციაზე დავიწყე. IPN-ში უმნიშვნელოვანესი და გამოცდილებით სავსე წელიწად-ნახევარი გავატარე. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ ჟურნალისტური საქმიანობა სატელევიზიო მიმართულებით გამეგრძელებინა. ჩემი ინტერესები ხელმძღვანელებმაც გაითვალისწინეს და დღეს ჟურნალისტურ საქმიანობას „პალიტრანიუსში“ ახალი ამბების მიმართულებით ვაგრძელებ.“

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე სწავლის საფასური 550 ლარია. პროგრამაზე სწავლა შეუძლია18 წელს ზემოთ ნებისმიერ ადამიანს. სპეციალური უნარები ან ცოდნა სავალდებულო არ არის.