ავტორი:

მარიტა, დარინა, შორენა კოლონკელიძე... - ვინ არის ქალი, რომელმაც ყველასთვის საყვარელი კინოგმირები გაახმოვანა და რატომ ეძახდნენ "სნაიპერს"?

მარიტა, დარინა, შორენა კოლონკელიძე... - ვინ არის ქალი, რომელმაც ყველასთვის საყვარელი კინოგმირები გაახმოვანა და რატომ ეძახდნენ "სნაიპერს"?

მთაწმინდაზე, "ვარსკვლავების ხეივანში“ საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სამი დიდებული დიქტორის, სამი ულამაზესი ქალბატონის და მართლაც ჭეშმარიტი ვარსკვლავის, თანაც, არა მარტო ტელევიზიისა და რადიოს ისტორიის, არამედ - საქართველოს ისტორიის განუყრელი ნაწილის - თინა მგალობლიშვილის, ირმა გურიელისა და ირინა მათიაშვილის ვარსკვლავები გაიხსნა. ბედნიერი ვარ, რომ სამივე მათგანს ვიცნობ, წლების განმავლობაში, ტელერადიომაუწყებლობაში მუშაობის პერიოდში, სამივეს თითქმის ყოველდღიურად ვხვდებოდი, მით უფრო - ქალბატონ თინას, და მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი მათით. სწორედ ამ უკანასკნელს დავურეკე მისალოცად და ინტერვიუს ჩასაწერად - საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყოფილ ტელერადიოდიქტორს, "სამი მიკროფონის დედოფალსა“ და დღეს უკვე "ვარსკვლავოსანს“ - ქალბატონ თინა მგალობლიშვილს.

ცხადია, უპირველესად, ვარსკვლავის გახსნა მივულოცე და გულწრფელ მადლობას მოაყოლა, - ვითხოვე, ჩემი ვარსკვლავი დათო სოკოლოვის ვარსკვლავის გვერდით გაეკეთებინათ, იმიტომ, რომ მე და დათო განუყრელად, ყველგან ერთად ვიყავით - რადიოშიც, ტელევიზიაშიც და კინოსტუდიაშიცო. ვთხოვე, წარსული გაიხსენეთ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რადიო, ტელევიზია, კინოსტუდია-მეთქი და, - იცით, ირმა, შინ მყავს საშინელი კრიტიკოსი - შვილიშვილი ელენე ჯანელიძე, ძალიან ნიჭიერი გოგონა, თავადაც წერს, ორი წლის წინ წიგნიც დაუბეჭდეს და ძალიან მოუწონეს. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ბაკალავრიატი და ახლა მაგისტრატურა უნდა გაიაროს. ჰოდა, ამ ჩემმა კრიტიკოსმა შვილიშვილმა მკითხა, ბებო, ინტერვიუებში სულ ერთსა და იმავე ამბავს რატომ ჰყვებიო? - მეც ვუპასუხე, - რა ვქნა, სცენაზე არ ვიყავი, მაგრამ ამ დიდი მსახიობების, რეჟისორებისა და, ზოგადად, ხელოვანების გვერდით რომ ვიდექი, თანაც, ჩემდა საბედნიეროდ, ყველგან მთავარი როლი რომ მქონდა, ამას ვლაპარაკობ, სხვა რა ვთქვა - მეთქი? დავუდასტურე, - ეს თქვენი ცხოვრების ამბებია, ფაქტებია და მას ვერაფრით შეცვლით. თაობები კი იცვლება და ამიტომ ეს ამბები ყველამ უნდა იცოდეს. დარწმუნებული ვარ, ელენემაც კარგად იცის, რომ ასეთი გამორჩეული ბებია ჰყავს, სხვა შემთხვევაში, თავის "ფეისბუქგვერდზე" არ დაწერდა სტატუსად: "ამის იქით სიამაყის გრძნობა აღარც ვიცი... ბებიაჩემის ვარსკვლავის გახსნაა. ახლახან 100%-იანი გრანტი მივიღე მაგისტრატურისთვის, თუმცა ბებიის გავარსკვლავების მერე ეს რა მოსატანია!“ ამიტომ ელენე, ალბათ, გეხუმრებათ ხოლმე, თორემ ხომ ხედავთ, რა ამაყია თქვენით-მეთქი! მერე კი ჩავეკითხე, რატომ არჩია თეატრის სცენას რადიო და ტელევიზია.

  • რადიო და ტელევიზია

- მეორე კურსიდან, ასე ვთქვათ, გეზი მიკროფონისკენ ავიღე. მეტყველებას განუმეორებელი პედაგოგები - მალიკო მრევლიშვილი, კოტე მახარაძე და თვით დიდი სერგო ზაქარიაძე მასწავლიდნენ. იმხანად ტელეწამყვანისთვის აუცილებელი იყო სილამაზე, მე კი სილამაზის იმდროინდელ ნორმებში ვერ ვჯდებოდი - ძალიან გამხდარი ვიყავი, რაც მოდური არ იყო. თუმცა დრო გავიდა და აქცენტები ჩემს სასარგებლოდ შეიცვალა. მანამდე კი რადიოში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მე და ნიჭიერმა მსახიობმა, კითხვის ოსტატმა თინათინ ელბაქიძემ გავიმარჯვეთ. აქედან იწყება ჩემი წარმატებული ბიოგრაფიაც. დიდი ასპარეზი მქონდა - რადიო, ტელევიზია, კინოსტუდია... რადიოში თავს იყრიდნენ კითხვის საუკეთესო ოსტატები. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ყველა კარგ წამკითხველს სწორედ რადიოს სკოლა აქვს გავლილი-მეთქი. დღეს თუ მიკროფონთან თავდაყირაც დგებიან, იმხანად სიტყვაც რომ "აგყირავებოდა“, სამსახურსაც დაკარგავდი და - თავსაც. ერთხელ საქართველოს ტელევიზიის პირველ დიქტორს, ძალიან ნიჭიერსა და სიმპათიურს, თხემით ტერფამდე ინტელიგენტსა და უსაყვარლეს ადამიანს - ომარ ტივაძეს (სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა) გავეხუმრე: რის ტელევიზია, რა ტელევიზია! რადიო აკადემიაა-მეთქი. მას შემდეგ, სადაც შემხვდებოდა, "აკადემიურო“, როგორ ხარო? - ასე მომმართავდა. საერთოდ კი, ტელევიზია ძალიან საინტერესოა და იქაც საკმაოდ პრივილეგიური ვიყავი - ყველა ჟანრის გადაცემა მიმყავდა, მათ შორის - საინფორმაციო "მოამბე“. თუმცა ძალიან მღლიდა, სულ ფორმაში რომ უნდა ვყოფილიყავი. ერთი სული მქონდა, როდის მოვიშორებდი მაკიაჟს და ჩემს "სამშობლოში“ - რადიოში გადავინაცვლებდი თავისუფალი და - თმაგაჩეჩილიც კი. მახსოვს, ერთი პაწაწინა გოგონა, დღეს ცნობილი და საყვარელი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი დამდევდა და "გაჩეჩილაძეს“ მეძახდა... სხვათა შორის, ხანდახან გამორჩეულობა საჩოთიროც კი იყო. მაგალითად, მე მომიწია ზვიად გამსახურდიას ცნობილი "აღიარებისა“ და ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ამბავზე პატარა შესავლის წაკითხვა. მთლიან ტექსტს დავით სოკოლოვი კითხულობდა. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ რა მექნა? გმირობა ვერ შევძელი და უარი ვერ ვთქვი - მაშინ სამსახური უნდა დამეტოვებინა. თუმცა მოგვიანებით ჩემი პრინციპული პოზიციით მაინც გამოვასწორე შეცდომა და სამსახურიდან წამოვედი.

ხანდახან წამოგვკრავენ ხოლმე ხელს, - დიქტორები დაწერილ ტექსტს კითხულობდნენო. კი, ბატონო, ვკითხულობდით, მაგრამ, წერა სხვა არის, კითხვა სხვა არის. ჩვენთან, ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, კითხვის ისეთი ოსტატები იყვნენ, რომ... იმ ტექსტს რომ კითხულობ, ამ დროს პედაგოგიც ხარ, ისტორიკოსიც ხარ, მსახიობიც ხარ - ყველაფერი ხარ. საოცარი სკოლა იყო რადიოში, ფანტასტიკური. ქართული სიტყვის ოსტატები იყვნენ სათავეებთან - კითხვის დიდოსტატები - ქეთო ლანდია, თინა ელბაქიძე... ამიტომ ასე არ შეიძლება ლაპარაკი. იმის თქმა მინდა, რომ ამ ხალხმა ხომ არ იცის ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. კიდევ ვამბობ, ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ძალიან განათლებულები იყვნენ ყველანი. თამაზ ჭყონია ისეთი ისტორიკოსია, არაჩვეულებრივად აზროვნებს, განათლებულზე განათლებული, თავის ქვეყანაზე შეყვარებული...

ჰოდა, ამას მოვაყოლე, მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ იმ დაწერილ ტექსტს უბრალოდ არ ვკითხულობდით. იყო ასეთი ნიჭიერი ჟურნალისტი - ლამარა კიკილაშვილი, თქვენც გეხსომებათ. მას ჰქონდა ძალიან კარგი მხატვრული გადაცემები მწერლებზე, ლიტერატურაზე, რომელიც მე მიმყავდა. მახსოვს, კლასიკოს მწერალ თამაზ ჭილაძეზე იყო გადაცემა, ეთერში ძალიან კარგად წავიდა, ავტორი ლამარა კიკილაშვილი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ლამარა შემხვდა და მითხრა, - თინა, ძალიან უნდა გაგახარო - თამაზს ძალიან მოეწონე, მკითხა, ლამარა, მითხარი, თინა მგალობლიშვილი გადაცემის თანაავტორი იყოო? ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის ეს კომპლიმენტი რას ნიშნავდა - ალბათ, ისეთი გათავისებული მქონდა ტექსტი და ისე მიმქონდა მაყურებელთან და თანაც - ისეთთან, როგორიც ბატონი თამაზი იყო, რომ თანაავტორადაც კი წარმომიდგინა...

ჩემს წარმატებაში ლომის წილი ბატონ არმაზ სანებლიძეს ეკუთვნის. ძალიან მინდოდა, ვარსკვლავის გახსნის დღეს ბატონი არმაზი ჩემ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ გულის ოპერაცია გაუკეთებია და ვერაფრით მოვიდოდა. იმ პერიოდში ბატონი არმაზი საინფორმაციო გადაცემა "მოამბეს“ კურირებდა და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ მიცნობდა, ეთერში გადიოდა უნიჭიერესი ჟურნალისტის, მარიკა ბაქრაძე-ჩხარტიშვილის ლიტერატურული გადაცემა ქართულ ხალხურ პოეზიაზე. მასში მონაწილეობდნენ ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსი ჭინჭარაული, მურმან ლებანიძე, გურამ საღარაძე, ანზორ ერქომაიშვილი თავისი გუნდით. გადაცემის წამყვანი მე ვიყავი. როდესაც ბატონმა არმაზმა გადაცემა ჩაიბარა, ჩემით დაინტერესებულა, წამყვანი ვინ არისო? უთქვამთ, რადიოს დიქტორიაო. - რას ამბობთ, რადიოში რა უნდა, "მოამბეზე“ უნდა დაჯდესო. ასე აღმოვჩნდი "მოამბის“ წამყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რედაქციასთან ვთანამშრომლობდი, "მოამბის“ წამყვანი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ამ ვარსკვლავს არავინ გამიხსნიდა.

  • "სამი მიკროფონის დედოფალი“ - კინოსტუდიის "სნაიპერი“

"ბედმა გამიღიმა და თეატრალურ უნივერსიტეტში არაჩვეულებრივ გარემოში მოვხვდი. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, ჩვენი კურსიდან თითოეული - სტუდენტობიდანვე ყველასგან გამორჩეული, ნაღდი "ვარსკვლავი“ და ხალხის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გამოგვაკლდა, ასევე, ზურა ქაფიანიძე, შოთა სხირტლაძე, სანდრო მრევლიშვილი, ჩემი გოგონები - ზანდა იოსელიანი, ლია თოხაძე, ცისანა კობახიძე და სხვები - ჩვენ-ჩვენი საქმით დავკავდით და მეტ-ნაკლები წარმატება გვქონდა, მაგრამ დღემდე ისე არავინ მემშობლიურება, როგორც იმ, დაუბრუნებელ წლებში შეძენილი მეგობრები..."

კურსელებთან ერთად

დავინტერესდი, - ბევრი კინოგმირი გაახმოვანეთ, ფაქტობრივად, ყველა მთავარი გმირი, ამას, ალბათ, განსაკუთრებული არტისტიზმი სჭირდება-მეთქი? და გახმოვანების მინიმასტერკლასიც მივიღე, მოგონებებთან ერთად.

- გახმოვანება (დღევანდელ სისტემას არ ვგულისხმობ) ძალიან სპეციფიკური სფეროა. ჯერ კარგად ვსწავლობდით როლს, გმირის ბუნებას, მერე კი ჩაბნელებულ ოთახში შევყურებდით ეკრანს და მსახიობის ტუჩების მოძრაობას ვამთხვევდით ჩვენს ლაპარაკს. ყველა არ მოდიოდა გახმოვანებაზე. არაჩვეულებრივები იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე, მაგრამ ნათარგმნი ფილმების გასახმოვანებლად არ დადიოდნენ. თუნდაც ბუმბერაზი მსახიობი აკაკი ხორავა, რადიოშიც კი არ მოდიოდა - მიკროფონი არ უყვარდა. კარგ გამხმოვანებლებს, მაგალითად, ოთარ მეღვინეთუხუცესს, გურამ საღარაძეს, ლეილა ძიგრაშვილს, ლამზირა ჩხეიძეს, კიდევ რამდენიმეს და, მათ შორის - მეც, "სნაიპერებს“ გვეძახდნენ. მოკლედ, ასე იყო - მსახიობების ნაწილი კადრს მიღმა ვმუშაობდით, ყველა ქულა კი იმ მსახიობს რჩებოდა, ვინც ეკრანზე ჩანდა, თუმცა მათი წარმატება-წარუმატებლობა დიდად იყო დამოკიდებული ჩვენზე. კინოსტუდიაში უდიდეს რეჟისორებთან და მსახიობებთან მიმუშავია. უბედნიერესი ვარ, რომ გავახმოვანე მსოფლიოში აღიარებული ოთარ იოსელიანის ყველა ფილმი. ჩემს დახასიათებაში, იცით, რა დაწერა? - თინა მგალობლიშვილთან თანამშრომლობა იყო ჩემთვის ყოველჯერ აღტაცების მომგვრელიო.

სხვათა შორის, ყველა ფილმში მიწვევდა სათამაშოდ, მაგრამ რაღაც კომპლექსი მქონდა და სულ ვუარობდი. ახლა კი ვნანობ, მაგრამ - რაღა დროს? ამა თუ იმ პერსონაჟის გასახმოვანებლად ხშირად მიწვევდა ბატონი გუგული მგელაძე. საოცარი იყო თენგიზ აბულაძესთან, ამ ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანთან, მუშაობა. ერთხელ, გახმოვანებისას, მახსოვს, გვერდით მედგა და ფროიდის ფილოსოფიას მიხსნიდა, მე კი მასაც ვუსმენდი და ეკრანზე კადრებსაც თვალს ვაყოლებდი, ტექსტი რომ არ გამომრჩენოდა. დაუვიწყარი იყო ძველი პლეადის უნიჭიერეს რეჟისორ კოტე მიქაბერიძესთან მუშაობა. საოცარი აკურატულობითა და პუნქტუალურობით გამოირჩეოდა. ვერ ეგუებოდა დამგვიანებლებს, მე კი, ამ მხრივ, ცოტას ვცოდავდი. ერთხელაც, უცხოური ფილმის დუბლიაჟისას, დავაგვიანე და ბატონი კოტე გამძვინვარებული დამხვდა. "სნიატ“ (მოხსენით - ი.ხ.) მგალობლიშვილიო! - დაიყვირა და ვიგრძენი, როგორ მოვიკუნტე, დავპატარავდი. ცოტა ხანში დაიძახა, დაიწყეთ მუშაობა, ამას მერე შევცვლიო! დავდექი მიკროფონთან და ჩავწერეთ. მახსოვს, ნელ-ნელა გაუნათდა სახე - ჩანს, ძალიან მოსწონდა. ბოლოს კი მოვიდა და ჩამიხუტა - ასე შევირიგე...

გავახმოვანე 600-მდე მთავარი როლი - ვგულისხმობ დუბლიაჟსაც. მიხარია, რომ დღეს თუნდაც საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიით რასაც უჩვენებენ, თითქმის ყველა ფილმის მთავარი გმირი ჩემი ხმით მეტყველებს, მაგალითად, მარიტა - "ნატვრის ხიდან“, თამარი - "მთვარის მოტაცებიდან“, შორენა - "დიდოსტატის მარჯვენიდან“, ნატა ვაჩნაძის ესმასაც მე ვახმოვანებ. ქართულ ტელეფილმებზეც ვმუშაობდი. გამორჩეულად მაინც მარიტა მიყვარს და ეს მარტო გმირის კი არა, ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის დამსახურებაცაა. ერთხელ, პატარა რომ იყო, 10 წლის, ჩემმა შვილიშვილმა ელენემ მითხრა, ბებო, სულ გული მწყდება, შენ რომ ეკრანზე ჩანდი, იმ დროს რომ ვერ მოვესწარიო. თუმცა მჯერა, რომ ქართული კინო მუდამ იცოცხლებს და ჩემი ხმაც შემორჩება შთამომავლობის სმენას - მეტი რაღა მინდა?!

შემოქმედებითი ცხოვრება არ არის სტაბილური - არის აღფრთოვანება, არის იმედგაცრუება, არის წარმატება, ტკივილი, სიხარული - ასეთი მონაცვლეობაა ემოციების, ამიტომ... რთულია ეს გზა და როდესაც შენ ამ გზით დადიხარ ათეული წლის განმავლობაში და მოხვალ, აი, აქ, ამ ვარსკვლავამდე, ეს არის დიდი გამარჯვება!

ავტორი: ირმა ხარშილაძე