როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტსა და პოლიტიკაში ყოფნასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი და ამბიცია ჰქონდა, ხოლო იმ რეალობამ, რაც დადგა, გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, - ასე ხსნის “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი “ლელოს“ ლიდერის გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ხაზარაძის წერილობითი განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ჯერ არ მიუღია.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში, ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ რომ არ დაიშალოს, საჭირო იქნება გამოკლებული წევრის ნაცვლად, ფრაქციაში პარლამენტის სხვა წევრი შევიდეს და ფრაქცია თუნდაც რომელიმე საარჩევნო ბლოკიდან გასული სუბიექტით შეივსოს.
“როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკით განიხიბლა - დაინახა, რომ პროცესები გაცილებით რთულია, მეტ მოთმინებასა და თანმიმდევრულობას საჭიროებს. პარლამენტში მისი შემდგომი ყოფნა მისი ავტორიტეტისა და პირადი პატივმოყვარეობისთვის შეურაცხმყოფელად ჩათვალა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.