ავტორი:

"აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით... შემთხვევით არაფერი ხდება " - გია ვოლსკი

"აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით... შემთხვევით არაფერი ხდება " - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ აქციების თავდაპირველად 7 ნომებერს დაანონსება შემთხვევითი არ იყო.

მისი თქმით, შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია 90- იანი წლებიდან მოყოლებული, გრიგალის პირობებში ცხოვრობს საქართველო. ბოლო პერიოდში ეს დაძაბულობა ახალ მუხტს იღებს, საქართველოში ოპოზიცია როგორც ასეთი, მისი უმრავლესი ნაწილი არ ასრულებს თავის მოვალეობას და მთავარი თემა იმ დღის წესრიგიდან არ გამოსვლაა, რაც სააკაშვილმა შესთავაზა, ეს არის რევოლუცია, დესტაბილიზაცია. გადახედვა მართებს ოპოზიციას, ინტელექტუალური რესურსიც გააჩნია, მხარდამჭერებიც საკმაოდ ჰყავს იმისათვის, რომ განახორციელოს ეფექტური მართვა ამ პროცესების, ჩაერთოს ეკონომიკურ, სოციალური საკითხების განხილვაში. წარმომადგენლობაც საკმარისი ჰყავს.

აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით, 7 ნოემბერი არის ერთ - ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის" სადისტური სახის. ასე რომ, შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მოგონილი მიზეზით უარის თქმა პარლამენტში მუშაობაზე იმას ნიშნავს, რომ მუშაობის რესურსი არ აქვს.

"ოპოზიციას აქვს მძლავრი მექანიზმები, რათა მართოს სიტუაცია, შექმნას საგამოძიებო კომისიები, მოითხოვოს მთავრობის წევრების ანგარიშები და როცა ამ რესურსზე უარს მოგონილი მიზეზით ამბობ, იმას ნიშნავს, რომ ელემენტარულად მუშაობის რესურსი არ გააჩნიათ. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არ გვყავს საქართველოში, გვყავს ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს და ნებისმიერი გზით ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მაგრამ არის ოპოზიციაც, რომელიც მუშაობს, კრიტიკულია და პარლამენტში მუშაობა აინტერესებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.