ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევებმა

თენგიზ ცერცვაძე "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევებმა

თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებულებშო "რემდესივირის“ ეფექტიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, უახლესი კვლევები აჩვენებს დამატებით მტკიცებულებებს, რომ ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არა მხოლოდ აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას და ამოკლებს გამოჯანმრთელების პერიოდს, არამედ სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობის რისკებს.

"ასე მაგალითად, ამერიკელი ავტორების მიერ 40 ათასზე მეტ COVID ავადმყოფზე ჩატარებული ძალიან სერიოზული დიდი მულტიცენტრული კვლევის მიხედვით რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებდა სიკვდილობას - 24%-ით დაავადების მე-14 დღისთვის და 11%-ით - 28-ე დღისთვის.

რიგი სხვა უახლესი კვლევების მიხედვით "რემდესივირი" აგრეთვე ამცირებდა სიკვდილობის ალბათობას COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 21%-დან 61%-მდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

რიგი სერიოზული კვლევების თანახმად COVID-19-ის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის - იანუს კინაზას ინჰიბიტორის ბარიციტინიბის გამოყენება რემდესივირთან კომბინაციაში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ზრდიდა ეფექტიანობას და სარწმუნოდ ამცირებდა გამოჯანმრთელების დროს, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის ბლოკში მოხვედრის სიხშირეს და სიკვდილობის რისკს.

საქართველოში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირს ვიყენებთ 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო ა.წ. ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ ბარიციტინიბის გამოყენება რემდესივირთან და/ან სტეროიდებთან კომბინაციაში, რაც ვფიქრობთ დიდად შეუწყობს ხელს გამოსავლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციით დაბალი მოცვის, პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლისა და ხალმხრავალი შეკრებებების სიმრავლის პირობებში ძალიან მაღალია COVID-19-ის ახალი შემთხვევების და COVID აქტიური პაციენტების რაოდენობა.

ზემოთაღნიშნული კვლევების შედეგები და უკვე საქართველოს გამოცდილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობას (ბარიციტინიბთან კომბინაციაში ან მის გარეშე) COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის იმ COVID კლინიკებმა, რომლებიც გაუგებარი მიზეზით დღემდე არ იყენებენ რემდესივირს და შესაბამისად, ხელიდან უშვებენ COVID პაციენტების მკურნალობის ეფექტიანობის ამაღლების და გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

კიდევ ერთი სიახლე:

ა.წ. 22 სექტემბერს კომპანია "Gilead“-მა გამოაცხადა, რომ მედიკამენტმა რემდესივირმა დადებითი შედეგი აჩვენა მე-3 ფაზის რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (კვლევა ჩატარდა 105 ლოკაციაზე) დაავადების დამძიმების რისკის მქონე COVID-19-ით არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც COVID დამადასტურებელი ტესტი მიიღეს კვლევაში ჩართვამდე მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში, რემდესივირის 3-დღიანმა კურსმა სტატისტიკურად სარწმუნოდ - 87% შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და აგრეთვე შეამცირა სიკვდილობის რისკი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ რემდესივირის გამოყენება არაჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერ-ჯერობით არის საცდელი და მის პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები (https://www.medscape.com/viewarticle/959284_print)“, - აღნიშნულია ცერცვაძის განცხადებაში.