ავტორი:

"დასრულდა ერთწლიანი რთული პოლიტიკური პროცესი, არაერთი სირთულე გამოვიარეთ, პოლიტიკური შანტაჟი, საბოტაჟი, ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე..." - ირაკლი კობახიძე

"დასრულდა ერთწლიანი რთული პოლიტიკური პროცესი, არაერთი სირთულე გამოვიარეთ, პოლიტიკური შანტაჟი, საბოტაჟი, ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე..." - ირაკლი კობახიძე

"მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, სარჩევნო პროგრამების გარშემო აგებული, ჯანსაღი დებატების ფონზე ჩატარდება," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც.

"დღეს არჩევნების დასრულების შემდეგ პირველი სხდომაა და მინდა მოკლედ შევაფასო არჩევნები. პირველ რიგში, 30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენ არაერთი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, ეს იყო 6-თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი, ქვეყნისთვისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო მის მიერ პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმიც და 47%-იანი მაჩვენებლით პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამ შედეგმა არამხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურდა „ქართული ოცნებისადმი“ ქართველი ხალხის ნდობა, არამედ დაამტკიცა, რომ 6-თვიანი საუბარი საპარლამენტო არევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო.

მადლობას ვუხდი საერთაშორისო დამკვირვებლებს განსაკურებით ეუთო/ოდირის მისიას არჩევნებზე დაკვირვებისა და დადებითი შეფასებისთვის. ამ არჩევნების ყველაზე პრობლემური მხარე, რასაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავდა, პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემო იყო. ჩვენი ვალია მომდევნო არჩევნებამდე ეს ვითარება თვისობრივად შევცვალოთ.

მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, სარჩევნო პროგრამების გარშემო აგებული, ჯანსაღი დებატების ფონზე ჩატარდება. ახლა რაც არჩევნები დასრულდა, ჩვენი ვალია სრულად გადავერთოთ იმ საკითხებზე მსჯელობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს არის ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის საკითხები, საგარეო პოლიტიკა. შემდეგ სამ წელიწადს ექნება საკვაძო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტარს, რომელიც არ მოქმედებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების კარნახით, ვთავაზობთ აქტიურდ ჩაერთონ საპრლამენტო დებატებში, სახელმწიფოებრივად ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო.

კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველა ამომრჩეველს, რომელმაც გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გავამართლოთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.