„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო ბოიკოტი პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებაა.
მისივე თქმით, ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია.
"სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ჩვენ ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ - სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მანდატების დატოვება იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც სხდომებზე არ გვინახავს და ამ თვეების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, პარლამენტის მუშაობას ვერ შეაფერხებს.
"პარლამენტში ის ოპოზიცია დარჩება, ვისაც მართლა სურს ოპონირება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პატივს სცემს საკუთარი ამომრჩევლის ნებას. როგორც კი მანდატების დატოვების თაობაზე პარლამენტში შესაბამისი განცხადებები შემოვა, ჩვენ ვალდებული ვართ განვიხილოთ. ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ, სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადებები გააკეთეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგივეს აპირებს ზურაბ ჯაფარიძე.
"ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ საკუთარ ამომრჩევლებს სიმართლე უთხრან, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ არჩევნებში წაგება ისეთი მოუმწიფებელი განცხადებებით გადაფარონ, როგორიც ბოიკოტი გახლავთ. საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, ვინც პარლამენტში რჩება, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან. პოლიტიკა პარლამენტიდან გასვლა და საკუთარ როლზე უარის თქმა არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.