ავტორი:

ახალგაზრდა ევროპელი ელჩი - მეგი ტარუღიშვილი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩი - მეგი ტარუღიშვილი

მეგი ტარუღიშვილი KIU-ს კიდევ ერთი წარმატებული სტუდენტია. სკოლა ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამაზე აგრძელებს. სკოლის პერიოდში, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულებით, მისი მიღწევები შთამბეჭდავია. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადისა და LSE-ის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მან, ასევე, 2018 წელს ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში (ნატოსა და ევროკავშირის თემატიკა) გაიმარჯვა. შედეგად, მონაწილეობა მიიღო ბაზალეთის სასწავლო ცენტრში გამართულ ტრენინგ-კურსში, რომელიც ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებს ეხებოდა.

მეგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა თემატიკის დებატებსა და იმიტირებულ სასამართლოში.

2019 წელს, საქართველოს მასშტაბით, 28 მოსწავლეთა შორის შეარჩიეს მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებული ამერიკული, სამეცნიერო METS ბანაკის წევრად, რომლის აქცენტიც STEM განათლება პრაქტიკულ გამოცდილებასთან, ექსპერიმენტებთან ერთად, და ძლიერი ჯგუფური დინამიკა იყო.

2021 წელს მეგი ჟან მონეს ზამთრის სკოლის წევრი გახდა. სკოლა ერასმუს+ -ის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ზამთრის სკოლის განმავლობაში, თანატოლებთან ერთად, განიხილავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია, საქართველო და ევროკავშირი.

ასევე, შერჩეული იყო ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკში აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი 9 ქვეყნის 120 მონაწილეს შორის, რომელიც იმართებოდა 2021 წლის 23-30 აგვისტოს ონლაინ ფორმატში. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების 8 ძირითად კომპეტენციას.

მეგის მონაწილეობა უნდა მიეღო Erarsmus+ -ის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ პროგრამაში, რომელშიც ერთვებოდნენ ახალგაზრდები გაერთიანებული სამეფოდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. პროგრამა ეხებოდა თანასწორობის უფლებისა და არაფორმალური განათლების წახალისებას. სამწუხაროდ, არსებული პანდემიის გამო, ვერ შეძლო აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება.

„ადრეულ ასაკში განსაკუთრებით დავინტერესდი სამოქალაქო განათლებით და დღემდე ვცდილობ გავიფართოვო თვალსაწიერი ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, უფლებებისა და უფრო მასშტაბური, ასე ვთქვათ, შედარებით კოსმოპოლიტური კუთხით. გარდა ამისა, ყოველთვის მიზიდავდა STEM საგნები, ვცდილობდი ამ სფეროშიც მაქსიმალურად აქტიური ვყოფილიყავი. მოგვიანებით კი შევძელი ჩემი ამ ორი ინტერესის სფეროს ერთგვარად გაერთიანება და ორგანიზება გავუწიე პროექტს გენდერული უთანასწორობის შესახებ STEM სფეროში, რაც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით პრობლემატურია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. KIU კი სწორედ ის ადგილია, სადაც იმსხვრევა დღემდე გაბატონებული გენდერული სტერეოტიპები ქალთა სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის შესახებ“, - აღნიშნავს სტუდენტი

მეგი აქტიურად ერთვება მოხალისეობრივ საქმიანობაშიც. 2018 წელს, 20 მილიონზე მეტ მსოფლიო მოხალისესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო დასუფთავებისადმი მიძღვნილ კამპანიაში. 2019 წლიდან არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე. განხორციელებული აქვს არაერთი მოხალისეობრივი საქმიანობა.

„პატივი მერგო, გავმხდარიყავი Young European Ambassadors’ Initiative-ის წევრი - ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, რომლის ძირითადი მიზნებია ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე რეგიონში, ახალგაზრდობის პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკეთესი მომავლისათვის. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე რეგიონულ ტრენინგ-კურსში, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ამჟამად, ვახორციელებ პროექტს კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აქტივობის ფარგლებში ვაწარმოებ გამოკითხვას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით, რომლის მიზანიც გამოკითხვაში მონაწილეთა კიბერ-უსაფრთხოების ცნობიერების შემოწმება და ამაღლებაა“, - აცხადებს მეგი ტარუღიშვილი

მეგი მიმდინარე წლის სექტემბერში Language Speaking Club-ის ინგლისური ენის მენტორი გახდა. ის უსასყიდლოდ ატარებს ინგლისური ენის გაკვეთილებს ახალგაზრდებისთვის.

მენეჯმენტის სფეროს ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვნ დარგად მიიჩნევს, ამიტომაც გადაწყვიტა KIU-ს მენეჯმენტის პროგრამაზე ჩაბარება. თვლის, რომ KIU-ში მიღებული ცოდნით შეძლებს, დასაქმების ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ თანატოლებს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება არაერთი მიზეზის გამო გადავწყვიტე. KIU სტუდენტებს გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ საერთაშორისო ხარისხის ცოდნა და წარმატებით დავიმკვიდროთ თავი ტექნოლოგიურ გარემოში. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც ოფიციალურად დავიწყეთ სწავლა და უკვე სავსებით დარწმუნებული ვარ ჩემი არჩევანის სისწორეში.

მსურს, მომდევნო 4 წელი მაქსიმალურად გამოვიყენო არჩეული პროფესიის დასაუფლებლად. ამასთან ერთად, თავისუფალ დროს კვლავ გავაგრძელებ მოხალისეობრივ საქმიანობას“, - აცხადებს სტუდენტი

NS