ავტორი:

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართა

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, 2 ნოემბერს, მორიგი მასტერკლასი გაიმართა, სადაც მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (18-25), ააიპ „კავშირი მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებს კოლაჟის ტექნიკა შეასწავლა.

როგორც ფესტივალ „ღამის სერენადების“ დირექტორმა ნინა ცაგარელმა აღნიშნა, მასტერკლასი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. „ვატარებთ მრავალფეროვან დარგობრივ მასტერკლასებს. დღეს „კავშირი მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებთან ემოციური შეხვედრა გავმართეთ. ეს არის დიდი სიამოვნება და სიხარული, თითოეული ბავშვი ხომ უნიკალურია. მადლობა ნინო მირიანაშვილს, რომელმაც დაუვიწყარი დღე აჩუქა ახალგაზრდებს“.

ართ თერაპევტმა მარიკა ცაგარეიშვილმა აღნიშნა: „დღეს მოგვეცა საშუალება ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში მიგვეღო ასეთი საინტერესო მასტერკლასი. შევისწავლეთ ახალი ტექნოლოგიები, ვიმუშავეთ განსხვავებული მასალით. მართლაც საოცარი ბავშვები არიან“.

მხატვარ-დიზაინერი ნინო მირიანაშვილი:„ძალიან მიხარია, რომ ამ პატარების გახარება შევძელით და თავადაც დადებითი ემოცია მივიღე. მადლობა ფესტივალის დირექტორ ნინა ცაგარელს და ორგანიზატორებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ღამის სერენადების“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; იტალიისა და გერმანიის საელჩოები.

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების ჩატარების ტრადიციას XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. მის სათავეებთან გამოჩენილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე იდგა. მან პირველმა 1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დააარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უამრავი სახელგანთქმული მუსიკოსი სტუმრობს. სხვადასხვა დროს ფესტივალში ლიანა ისაკაძესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი, აიმან მუსახაჯაევა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, მუჰაი ტანგი, ლავარდ სკოუ ლარსენი, ჟან პასკალ ტორტელიე, გეზა ჰოსუ ლეგოცკი, დენის შაპოვალოვი, კატია სკანავი, ლისა ბეზროდნი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და მრავალი სხვა.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე - მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტატისა და მიუნხენის ცეკვისა და მუსიკის აკადემიების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია მსოფლიოში სახელგანთქმული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

ფესტვალის ორგანიზატორი კომპანია – „არტ-ალიანსი“

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი: კომპანია “არდი”.