ავტორი:

არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი  უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი  უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

ყოველი ზამთრის მოახლოებისას ევროპისათვის დღის წესრიგში დგება მთავარი საკითხი - სითბო, ანუ მოსახლეობისა და ეკონომიკის უზრუნველყოფა ბუნებრივი გაზით და თბოელექტროსადგურებში მისგან წარმოებული ელექტროენერგიით. ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, ადრინდელი პერიოდისაგან ამჟამინდელი სიტუაცია იმით განსხვავდება, რომ თუ ადრე ბუნებრიივ გაზით უზრუნველყოფის საკითხით უმეტესად ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ დაინტერესებულნი, მათ ბოლო ხანებში აღმოსავლეთიც დაემატა - უკრაინა, მოლდოვა, ნაწილობრივ ბელარუსიც.

  • ზამთარია, არ გვაქვს გაზი...

მოსწონთ თუ არ მოსწონთ ევროპელებს, ფაქტი ისაა, რომ ევროპის ქვეყნების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის სფეროში ლომის წილი რუსეთს მიუძღვის. ადგილობრივი (ევროპული) გაზით, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ფსკერიდან იღებენ, ძირითადად მხოლოდ ნორვეგია და დიდი ბრიტანეთია უზრუნველყოფილი, დანარჩენები კი იმპორტზე არიან დამოკიდებულნი - ციმბირული გაზით საზრდოობენ. ცხადია, ევროპელები გაზის იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემას ვერ შველის ვერც კასპიის გაზის და ვერც ამერიკული თხევადი გაზის იმპორტი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და რომლის გადმოტვირთვა - გაშვებას ევროპის მილსადენების სისტემაში სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა სჭირდება. რუსული გაზი შედარებით იაფია და მისი იმპორტი შედარებით იაფი ჯდება, ციმბირიდან პირდაპირი მილებით მიდის გერმანიაში, საიდანაც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ნაწილდება, ასევე ცნობილია "თურქული ნაკადის“ გაზი (უზრუნველყოფს სამხრეთ ევროპის ქვეყნებს), რომელსაც მალე "ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე რიგის მილსადენები დაემატა.

ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი დონე გაზით უზრუნველყოფის საკითხში ახლახანაც დადასტურდა, როცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როგორც გერმანული გაზეთი "დი ველტი“ წერს, მხოლოდ ერთი ფრაზით განმუხტა ოქტომბერში შექმნილი კრიზისული სიტუაცია გაზით მომარაგებისა და ბუნებრივი საწვავის კატასტროფულად გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით: "ვთხოვ "გაზპრომს“ ევროპის გაზაცავები შეავსოს“ - ვლადიმერ პუტინის ამ თითქოსდა შემთხვევით ნათქვამის შედეგად ევროპის გაზის ბაზარმა შვებით ამოისუნთქა... კრიზისმა გვაჩვენა, რომ ევროპის ბაზარზე რუსეთი დომინირებს“, - აღნიშნავს გაზეთი.

უკრაინა ბოლო დრომდე ცენტრალურ ადგილს იკავებდა რუსული გაზის ტრანზიტში ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უზრუნველსაყოფად. ალბათ, ბევრს ახსოვს ევროპული ენერგეტიკის ისტორიაში შესული პროექტები "გაზი-მილების“ («Газ-трубы») და "ურენგოი-უჟგოროდის“ გაზსადენი სახელწოდებით 1970-იან წლებში, ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური აჟიოტაჟი. რაც შეეხება თვითონ უკრაინას, 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კიევს მოსკოვი ტრანზიტის ფულს უხდიდა და გაზს ნატურითაც აძლევდა დაბალი ფასით.

მოსკოვ-კიევის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ კრემლმა ციმბირული გაზის ექსპორტის უზრუნველსაყოფად უკრაინის ტერიტორიისათვის თავის არიდება გადაწყვიტა - აქცენტი გადაიტანა სამოკავშირეო სახელმწიფოზე - ბელარუსზე, რომლის ტერიტორიაზეც "იამალ-ევროპის“ გაზსადენი გადის, აგრეთვე ხელი მიჰყო ახალი მილსადენების - უკვე ნახსენებ "თურქული“ და "ჩრდილოეთის ნაკადების“ მშენებლობასა და მათ ექსპლოატაციას (მთავარ კლიენტთან - გერმანიასთან შეთანხმებით). უკრაინა თანდათან ამოვარდა გაზგამანაწილებელ და სატრანზიტო სისტემიდან, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად ნეგატიური შედეგები მოიტანა. კიევს ბუნებრივი გაზის წყაროს ძიება უხდებოდა - ხან ევროპიდან რევერსით (ევროკავშირის მიერ ნაყიდი რუსული გაზი რევერსის პრინციპით - სლოვაკეთიდან უნგრეთიდან და პოლონეთიდან), ხან კასპიის გაზის იმედით, მაგრამ ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე განუხორციელებელი რჩება. მართალია, საკუთარი გაზი უკრაინას აქვს, მაგრამ არასაკმარისად - ქვეყნის მოთხოვნილებას ხარკოვის, პოლტავისა და ლვოვის საბადოებიდან ამოღებული გაზი მხოლოდ 30%-მდე აკმაყოფილებს, დანარჩენი მოცულობა იმპორტით იფარება (უკრაინას ყოველწლიურად 30 მილიარდ კუბმეტრამდე ბუნებრივი გაზი სჭირდება).

დღეისათვის უკრაინა, რომელიც რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაშია, ცდილობს კვლავ მიაღწიოს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტს, რათა ესოდენ საჭირო ფინანსური შემოსავლები მიიღოს. ამ მიზნით კიევი ყველა გზას იყენებს - ითხოვს დახმარებას აშშ-სგან, ევროკავშირისგან, რომ ვაშინგტონ-ბრიუსელმა მოსკოვი აიძულონ ციმბირული გაზი კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე გაატაროს. უნდა ითქვას, რომ კიევმა ამ მიზნით გარკვეულ წარმატებას მიაღწია - აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჟენევის სამიტზე (2021 წლის ივნისში) გადაწყდა, რომ კრემლი გაზის გარკვეულ რაოდენობის ექსპორტისათვის კვლავ უკრაინის ტერიტორიით ისარგებლებს ("ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების სანაცვლოდ), მაგრამ ზამთარი ახლოვდება, "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაც დასრულდა, ჯერჯერობით კი უკრაინის მილსადენები ცარიელია, რუსული გაზი აგვიანებს. რა თქმა უნდა, ასეთი გაურკვეველი სიტუაცია უკრაინის ხელმძღვანელობას ძალიან აშფოთებს. ეს კიდევ არაფერი - პირველ ნოემბერს უკრაინის ენერგეტიკამ რუსეთისაგან კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო: მოსკოვმა კიევს ელექტროენერგიისა და ქვანახშირის მიწოდება შეუწყვიტა.

  • ..არც ნახშირი და არც დენი

პარადოქსული ფაქტი: სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ბოლო დღეებამდე რუსეთი უკრაინისათვის ქვანახშირის ძირითად მიმწოდებლად რჩებოდა (დონბასის კიევის კონტროლიდან გასვლის შემდეგ). ერთი შეხედვით, მართლაც პარადოქსული სიტუაციაა - მტერი და ოკუპანტი რუსეთი უკრაინას პროდუქციით ამარაგებს... შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ რუსული ქვანახშირის წილმა უკრაინის უზრუნველყოფაში 2021 წლისათვის 68%-ს მიაღწია - ნატურალური გამოხატულებით - 10,3 მილიონ ტონას. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ქვანახშირის მიწოდების შეწყვეტა არ შეეხება კოქსვად ნახშირს (ანტრაციტს), რითაც მეტალურგიული ქარხნები მარაგდება.

მოკლედ, უკრაინის თბოელექტროსადგურები (თეს) ქვანახშირის გარეშე დარჩნენ. თუ არ არის ქვანახშირი, არ მოხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. სლავიანსკის თეს-ი უკვე გაჩერდა, ხოლო ტრიპოლის, ზმიევის, კრივოი როგის, ზაპოროჟიეს და სხვა ქალაქების თბოელექტროსადგურების საწყობებში მხოლოდ ათი დღის სამყოფი ქვანახშირი რჩება. რუსეთისათვის უმჯობესია ქვანახშირი ჩინეთს მიაწოდოს, უფრო ძვირად და მისთვის მომგებიანად.

რუსი ექსპერტების აზრით, უკრაინა უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას - კიევს არსებული რესურსები არ ეყოფა და დიდი რისკია, რომ ქვეყანამ ზამთრის გასათბობი სეზონი ვერ გადაიტანოს. თეს-ებში ქვანახშირის უკმარისობის საკომპენსაციოდ, როგორც ჩანს, უკრაინას ელექტროენერგიის იმპორტი მოუწევს, მაგრამ საიდან? ადრე კიევს ელექტროენერგია იმავე რუსეთიდან და ბელარუსიდან შეჰქონდა, ახლა კი... ელექტროენერგიის მიღებაც პირველი ნოემბრიდან წყდება... ძველი კონტრაქტი დასრულდა, ახალი ჯერ არ დადებულა... ახალი კონტრაქტისათვის აუცილებელია აუქციონის ჩატარება, რუსული მხარე არ ჩქარობს, ზამთარი კი კარზეა მომდგარი.

რამდენად შეუძლია უკრაინას საზღვარგარეთ ქვანახშირისა და ელექტროენერგიის ყიდვა? ამ საკითხის გადაჭრა საკმაოდ რთულია. ევროპას თავისი გასაჭირი აქვს, უშუალო მეზობელთან - ბელარუსთან კი უკრაინას ასევე პოლიტიკური პრობლემები აქვს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მწვავე კრიტიკის გამო. რუსულ ქვანახშირსაც ვერ ჩაანაცვლებს - საიდან, პოლონეთიდან? ვარშავა თვითონაც რუსული ქვანახშირით საზრდოობს. მეტალურგიული ქარხნებისათვის საჭირო ანტრაციტი კი საერთოდ ცოტაა, მას ევროპის ქვეყნებში, სანთლითაც რომ ეძებო, ვერ იყიდი.

უკრაინელი ექსპერტები ქვეყნის ენერგეტიკაში შექმნილ სიძნელეებს პოლიტიკური მიზეზებით ხსნიან - რუსეთი ცდილობს უკრაინა ბოლომდე დაწნეხოს, ვიდრე კიევი თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირებას არ მოახდენს ან ვიდრე კიევში ხელისუფლება არ შეიცვლება. "ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნამდვილ პოლიტიკურ დემარშთან რუსეთის მხრიდან. კრემლი განსაკუთრებით გამწარებულია იმით, რომ უკრაინამ დონბასელ სეპარატისტებს დრონით (უპილოტო საფრენი აპარატით) - თურქული "ბაირახტრით“ დაარტყა. რუსეთი უკრაინას ელექტროენერგიას და ქვანახშირს აღარ მიაწვდის“, - დარწმუნებულნი არიან უკრაინელი პოლიტოლოგები.

  • სად არის უკრაინული ელექტროენერგია?

ჩვენი მკითხველების დიდ ნაწილს, ალბათ, ახსოვთ 1987 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარია უკრაინაში (სხვათა შორის, მის ლიკვიდაციაში ქართველებიც მონაწილეობდნენ), მაგრამ ჩერნობილის გარდა, უკრაინაში კიდევ რამდენიმე ატომური ელექტროსადგური არსებობს - ზაპოროჟიეს აეს - ი (ევროპაში უდიდესი), როვნოს აეს - ი, სამხრეთ უკრაინის აეს - ი. კიდევ ერთის - ხმელნიცკის აეს-ის მშენებლობა გაყინულია. და მაინც, ამის მიუხედავად, ატომური ელექტროსადგურების წილი უკრაინის ენერგეტიკაში მხოლოდ დაახლოებით 60%-ს აღწევს, ანუ ქვეყნის მოთხოვნილებებს მთლიანად ვერ ფარავს.

არადა, ექსპერტების აზრით, უცნაური სიტუაცია იქმნება - ატომურ ელსადგურებს დიდი სიმძლავრის რეზერვები აქვთ გენერაციის სფეროში. რატომ არ შეიძლება მათი სრული სიმძლავრით ამოქმედება და ქვეყნის "ელექტროენერგიით გაბრწყინება“? თანაც იაფი ელექტროენერგიით, თბოლელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულთან შედარებით.

თურმე მოძველებული აეს-ების სრული დატვირთვით ჩართვა არ შეიძლება - ასეთ რეჟიმში მუშაობისას მოსალოდნელია მათი ავარიული გამორთვა, რაც მძიმე შედეგების მომტანია. "ვთქვათ და ერთი ბლოკი გამოირთო - ეს ნიშნავს მინუს 1000 მეგავატს, რომელიც სასწრაფოდ უნდა იქნეს კომპენსირებული, მაგრამ საიდან? ბლოკის გამორთვა დომინოს პრინციპის შედეგს გამოიწვევს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ელექტროენერგიის იმპორტი“, - განმარტავს წყარო უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროდან.

მაგრამ არის სხვა მიზეზებიც, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინის აეს-ებს გენერაციის მკვეთრი გაზრდა. ისინი მუდმივად ერთი სიმძლავრით მუშაობენ - დღისით და ღამით, მაგრამ დენის მოხმარება დღისით სხვაა, ღამით სხვა. სად წაიღოს "ზედმეტი“ ელექტროენერგია ატომურმა სადგურმა? ვერსად ვერ წაიღებს, ვერც გაყიდის, რადგან ახლო-მახლო მეზობლებში არავის ჭირდება. ასეთ სიტუაციებში უმჯობესია ისევ თბოლექტროსადგურები დაიტვირთოს ცვალებადი გენერაციით, მაგრამ მათთვის ქვანახშირი არ არის... მოკლედ, "მოჯადოებული წრე“ იქმნება.

უკრაინის ატომური ენერგეტიკისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ბირთვული საწვავით უზრუნველყოფაც - ელსადგურების სრული დატვირთვით ამუშავება მეტი რაოდენობის ძვირადღირებული ურანის შეძენას საჭიროებს. "ბირთვული საწვავის მოწოდება ძალიან რთულ პროცესს წარმოადგენს. ამისთვის დიდი ხნით ადრე უნდა მოემზადო. ამიტომაც უკრაინის "ენერგოატომს“ არ შეუძლია დახმარებისთვის ამერიკას ან რუსეთს, ან სხვა დასავლელ პარტნიორს მიმართოს - იქნებ ამ ზამთრისთვის ცოტა მეტი მომცე, ვიდრე კონტრაქტშია ჩაწერილიო“.

ექსპერტების აზრით, თუ უახლოეს ხანში უკრაინის თბოელექტროსადგურებისთვის რუსული ქვანახშირის მოწოდების საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ან იმავე რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ მოხდება, უკრაინის ენერგეტიკას წინ ძალიან რთული ზამთარი ელოდება, ხოლო უკრაინელ მომხმარებლებს - ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვების საფრთხე ემუქრებათ.

ავტორი: სიმონ კილაძე