ავტორი:

"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას" - რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე?

"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას" - რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე?

"ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება, განურჩევლად ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებებისა. კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

"რამდენჯერმე კონკრეტულ ტელეეთერებში განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად, ეს მიდგომა 2017 წლიდან მოყოლებული არ არსებობდა და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, ყველაზე კომფორტულ, ყველაზე მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო, მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგან ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად ვაქციოთ ეს ქალაქი ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის. ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. მე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად, აბსოლუტურად გახსნილები ვართ კომუნიკაციისთვის. მზად ვართ ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინოთ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაკომპლექტებულია პატიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანებით.

"ძალიან აქტიურები ვიქნებით, ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი და საზოგადოება სულ მალე დაინახავს იმას, რაზეც ვსაუბრობდით. უკვე დაინახავს კონკრეტული პროექტებით რაიონების, ქუჩების, უბნების მიხედვით იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“,-განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ იქმნება საჯარო ხელოვნების ფონდი, რომლის ფარგლებშიც თბილისის საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.

მისი თქმით, არტისტები, რომელთა ნამუშევრებიც თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება, მთელი წლის განმავლობაში კონკურსის საფუძველზე აირჩევიან.

"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას - საჯარო ხელოვნების ფონდს, რომლის მიზანიც არის, რომ თანამედროვე ხელოვნება ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით. ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკი და ყველა ის სივრცე, რომელიც მოწესრიგებულია. წლის განმავლობაში კონკურსის საფუძველზე აირჩევიან არტისტები და იქნება გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც მათი ნამუშევრები იქნება განთავსებული. ეს ძალიან კარგია. ეს ამ დარგისთვის ხელშეწყობა იქნება, რომ ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნამუშევრები განათავსონ პარკებში“, - განაცხადა კალაძემ.