ავტორი:

"სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს... " - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ციხეში მისი მონახულების შემდეგ?

"სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს... " - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ციხეში მისი მონახულების შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და გიორგი გელხაურმა, მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც მასთან შევა, აიღებენ ანალიზებს და გაარკვევენ რომელიმე სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის.

"დღეს ელოდება მათ. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები დღემდე ექიმებს მედიკამენტოზური ჩარევით ეკავათ, ხოლო ამის შემდგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ, ჩვენთვის უცნობია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ისევ აგრძელებს შიმშილობას, არ აპირებს საკვების მიღებას და ელოდება ექიმებთან შეხვედრას. მისი სისუსტე ძლიერდება, თუმცა, მორალურად მხნედ არის და აპირებს ასე გააგრძელოს. სისუსტე გამოიხატება ფიზიკურ გადაადგილებაში, კიდურების შეშუპებაში. მას ამ ეტაპზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლია. თუმცა, საკითხის დაყენება რომ აუცილებლად უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ვინაიდან გაგრძელდეს მისი მკურნალობა სამოქალაქო კლინიკაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ყოველ ჯერზე ვითხოვთ. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ხდება, ის ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომ აიღონ ანალიზები და გვითხრან ექიმებმა როგორია მისი ჯანმრთლების მდგომარება, რაიმე მონაცემი ხომ არაა სასიცოცხლო ნიშნულს ხელოვნურად ჩამოცდენილი“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს იურიდიული ხერხები და ამ ხერხების მექანიზმად ამუშავება ხელისუფლების ხელშია.

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის არა მხოლოდ მისი ადვოკატების, ჩვენს ინტერესებში, არამედ ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს ინტერესში. არ შეიძლება პოლიტიკური მძევლობის ქვეშ იმყოფებოდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის ისტორიის მთავარი რეფორმატორი. აქედან გამომდინარე, არსებობს იურიდიული ხერხები და ამ იურიდიული ხერხების მექანიზმად ამუშავება ხელისუფლების ხელშია და თუ შესაბამისი პოლიტიკური მოთხოვნები და საზოგადოების აქტიურობა იქნება, ეს მიიღწევა“, - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება 10 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, შესაძლოა, სასამართლომ მისი დისტანციურად ჩატარება მოითხოვოს, ან პროცესი საერთოდ არ ჩატარდეს.

"პიჯაკების საქმესთან“ დაკავშირებით მოსამართლე საერთოდ დაიმალა და არც კი გვეუბნება, როდის ჩანიშნავს პროცესს მაშინ, როდესაც აგვისტოში ძალიან განრისხებული იყო, პროცესი დროულად გვაქვს დასასრულებელიო. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავიწყდა, რომ დროულად აქვს ეს პროცესი დასასრულებელი. რაც შეეხება კოლეგიის მიერ განსახილველ საქმეს, ის 10 ნოემბრამდე უნდა გამართულიყო, რადგან მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული; ეს ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო. თვენახევარია ეს მოსამართლეები გვაყურყუტებენ და ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად, სასამართლო გაუქმებულია. შედგება თუ არა პროცესი? - მე არ გამიკვირდება, რომ მაგ ნაწილშიც აიღონ ნამუსზე ხელი და 10-შიც არ ჩაატარონ პროცესი, ან მისი დისტანციურად ჩატარება მოითხოვონ. გამოსავალი არის ერთი - ხალხის აქტიურობა! კანონის ხმა ამ ხელისუფლებას აღარ ესმის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

მისი თქმით, სააკაშვილმა წონაში ძალიან დაიკლო და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც კი, უკვე გართულდება.

"მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკნიდან, ისე, რომ სასამართლოში საზოგადოების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა და არც სატელეფონო ზარების განხორციელების. მოუგო "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნები. დღეს არის მთავარი ამოცანა, ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ოფიციალურად გაიფორმოს. შესაბამისად, ყველა პროტესტი, ყველა მიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიტინგების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელი და საჭიროა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თუ ხალხი აქტიური იქნება, თუ ხალხი ამ მოთხოვნებს ბოლომდე მიყვება და ქართველი ხალხი არ დაიღლება, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება. უკვე დიდი ხანია ეს უნდა განხორციელებულიყო- მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, მან უკვე ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება. ის საჭიროებს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაყვანას“,-განაცხადა ბასილაიამ.