ავტორი:

"აქციები მობილობას ძალიან ზრდის, აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და რისკი დარჩება“ - თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა

"აქციები მობილობას ძალიან ზრდის, აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და რისკი დარჩება“ - თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული კლინიკური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება მიმოიხილა. გაბუნიას შეფასებით, ვითარება მძიმეა, თუმცა ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი.

"ჯერჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა - 330-ს გადააჭარბა ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები. თუმცა, ბუნებრივია, ეს უსასრულო ვერ იქნება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება, რადგან რეალურად, ამ სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია“,- განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა კოვიდ პასპორტების საკითხზეც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს აღნიშნულ საკითხს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში კოვიდ პასპორტი.

"ჯერჯერობით "მწვანე საშვის“ მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში დიდი კონფერენციებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში და ევროპის ქვეყნებში.

ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. "მწვანე საშვის“ მექანიზმს ახლავს მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, თავისი ტექნიკური აღსრულების ნაწილი, რაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანებში უკვე ყველანაირად მზად იქნება. ახლა მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო - ეს არის ვაქცინაციის არჩევანი, ტესტირების საკითხი.

არსებული მოდელით კოვიდ პასპორტი გამოიყენება იქ, სადაც საქმე ეხება გართობის ღონისძიებებს, ასევე სარესტორნო ბიზნესში, სასტუმროების უსაფრთხოება, მაგრამ კოვიდ პასპორტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროებების შემთხვევაში, მაგალითად - სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საპროტესტო აქციების თემასაც შეეხო. მისი თქმით, მსგავსი ხალხმრავალი შეკრებები ძალიან ზრდის მობილობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს.

"დღეს მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც უკვე დაწესებულია. რაც არ უნდა დაწესდეს დამატებით, თუ არ აღსრულდა, რა თქმა უნდა, შედეგს არ მოგცემს.

რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინაციის მარათონი მომავალშიც გაგრძელდება.

"მარათონი უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, რომელიც მარათონის შედეგად სოფლებში აიცრა. მარათონი გაგრძელდება დიდ ქალაქებშიც და თავის შედეგს აუცილებლად მოგვცემს. ყველა ინტერვენცია, რომელიც ამ მიმართულებითაა, ერთმანეთს ემატება და აძლიერებს პროცესს“,- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ, ასევე, განმარტა, რა შემთხვევაში შეუძლიათ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 50 წლის ზემოთ, ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ აიცრან, თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე.

"ბუსტერთან“ დაკავშირებით ახლა ასეთი რეგულაცია არსებობს- 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და მომატებული რისკი, თუ ისინი დაინფიცირდებიან კოვიდ ინფექციით, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში, თუ მათი მეორე აცრიდან უკვე 6 თვეა გასული.

ანუ, 6 თვის თავზე შეუძლიათ მივიდნენ და გაიკეთონ აცრა იმ ვაქცინით, რომლითაც პირველი, ორი აცრა ჩაიტარეს ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად, გაიკეთონ მესამე "ბუსტერ“ დოზა "ფაიზერით“. თუ პირი აცრილია 2 დოზა "ფაიზერით“, მას შეუძლია მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ მესამე "ფაიზერის“ აცრა გაიკეთოს, თუ აცრილია 2 დოზა "სინოფარმით“, 6 თვის შემდეგ შეუძლია გაიკეთოს "სინოფარმის“ მესამე დოზა ან გაიკეთოს "ფაიზერის“ მესამე დოზა, თუკი, მას "ფაიზერის“ დოზის გაკეთება ურჩევნია. "სინოვაკის“ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სქემაა.

ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ხომ არ არის მიზანშეწონილი გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ "ბუსტერ“ დოზის ეფექტურობა მაღალია. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება გავცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს "ბუსტერ“ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირს თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება“-განაცხადა გაბუნიამ.