"მე არ ვიცი, რა სჭარბობს, სკეპტიციზმი და ანტივაქსერობა, თუ ინერტულობა - უნდა იპოვოს მოსახლეობამ თავის თავში ძალა, რომ 40-50 ათასი კაცი მივიდეს ასაცრელად" - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაცით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 45%-ს შეადგენს, ამასთან, მოსახლეობის 25% არის სრულად ვაქცინირებული. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, აქციების, დაბალი ვაქცინაციის და პირბედის ტარების მაჩვენებლის გამო, საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა.
"მე არ ვიცი, რა სჭარბობს, სკეპტიციზმი და ანტივაქსერობა, თუ ინერტულობა, უბრალოდ არ თვლიან ვაქცინის გაკეთებას საჭიროდ. დღეს, არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს. ნუ ვისაუბრებთ საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე. ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოში კეთდება შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა და შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. ამას მხოლოდ ერთი რამ უშველის. მოსახლეობამ გააცნობიეროს რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც მას ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობა სთავაზობს. პირველ რიგში, 40- 50 ათასამდე კაცი მივიდეს ვაქცინაზე და არა 3-4 ათასი. ამას ხომ არაფერი უნდა? ეს ხომ არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობასთან? მიტინგთან? უნდა იპოვოს მოსახლეობამ თავის თავში ძალა, რომ 40-50 ათასი კაცი მივიდეს ასაცრელად. თბილისში პირბადეებს ასე თუ ისე ატარებენ, რეგიონებში თითქმის არ ატარებენ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.