ავტორი:

"ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, მაგრამ ადამიანები ვითარდებიან" - გაიცნაით 25 წლის ბიჭი, რომელიც სახლში იების 500 ჯიშს ახარებს

"ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, მაგრამ ადამიანები ვითარდებიან" - გაიცნაით 25 წლის ბიჭი, რომელიც სახლში იების 500 ჯიშს ახარებს

ბექა ბოკუჩავა 25 წლისაა, დამთავრებული აქვს ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ამასთან, ფლორისტია და იების კოლექციონერი. ამბობს, როცა მცენარეების სფეროში რაღაც ეტაპს დაასრულებს, მაგისტრატურის კურსს ფილოსოფიის კუთხით აუცილებლად გააგრძელებს... იებით სტუდენტობისას დაინტერესდა, თუმცა მისი ზოგადად მცენარეებით დაინტერესება მშობლიურ აბაშას უკავშირდება. სამეგრელო ხომ ის მხარეა, სადაც ადამიანები ბუნებას პატივს სცემენ და მწვანე გარემოს შექმნის გამორჩეული კულტურაც აქვთ.

"ჩვენს ოჯახში მუდმივად უამრავი მცენარე ხარობდა, მათი მოვლის საქმეში მეც ჩართული ვიყავი. ერთადერთი, რასაც ვერ ვამრავლებდი, ია იყო, თუმცა ბაბუა ყიდულობდა ამ მცენარეს და უვლიდა. მისი დამსახურებით იის არაერთი იშვიათი ჯიში მინახავს... ბებიის მეზობელ აზასთან ხუთი ფერის ია ხარობდა და ჩემს ყურადღებას ესეც იქცევდა..."

- ე.ი. ეს ინტერესი დასავლეთში და საკუთარ ოჯახში გაგიჩნდათ...

- კი... ხან დედა ყიდულობდა ამა თუ იმ ყვავილს, ხან - მე, მაგრამ მაშინ თუ ათასობით ჯიშის ია არსებობდა, არ ვიცოდი. ახლა ჩემს მიერ თითოეული სახელით და გვარითაა შესწავლილი. მოკლედ, იმის გამო, რომ იებთან მეგობრობა ვერაფრით ავაწყვე, მერე მეყვავილეთა გვერდზე სრულიად შემთხვევით დავწერე, - იას სიამოვნებით ვიჩუქებ-მეთქი. იმის გამო, რომ იქ ერთადერთი ბიჭი ვიყავი, ერთმა გოგონამ მინიატიურული ია მაჩუქა. შემდეგ იების კოლექციონერი ქალბატონებიც გავიცანი, მათგან საჭირო ინფორმაცია მივიღე, რომელთა მადლიერი ვარ და იების მიმართ ინტერესიც მეტად გაიზარდა.

- მცენარეებმა ბავშვობიდანვე ასე რატომ მიგიზიდათ?

- სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა - შვილებივით, მეგობრებივით არიან, რომლებსაც დიდი ყურადღება სჭირდებათ. ამასთან, ეს ყველაფერი პასუხისმგებლობაცაა, რადგანაც ისინი არ ლაპარაკობენ და არ შეუძლიათ იმის თქმა - შიათ თუ სწყურიათ, რაზე წუხან, როცა რაღაც ისე ვერ არის, უბრალოდ ჩუმად ჩამოწევენ ფოთლებს და ეს არის. თუ ფოთლები დახარეს, ეს უკვე საგანგაშო სიტუაციაა... მათზე ზრუნვა და ფიქრი კი ერთგვარად არსებული სიტუაციიდან, ყოველდღიურობიდან გაქცევა, გულის გადაყოლება, რაღაც სხვა სამყაროში გადასვლაა.

- ბევრი მემცენარე ამბობს, რომ იას მაგნიტური მიზიდულობა აქვს...

- ვინც იას იჩუქებს, თუ იყიდის და მასთან მეგობრობას დაიწყებს, ყველას ვეუბნები - სჭირდება განათებული ადგილი, თუ ასეთი ადგილი არ აქვს, მაშინ სჯობს, ამ მცენარეს შეეშვას. თუ სახლში ჩრდილოეთის ფანჯარა არსებობს, მაშინ შეგვიძლია, რაღაც დონეზე იების შეგროვება დავიწყოთ, თუ ეს არაა, მაშინ კარგი ხელოვნური განათება და თაროებია საჭირო. მათი სხვაგან განთავსება არ გამოვა. განათება ისეთი უნდა იყოს, სადაც მწველი მზე და ორპირი არ იქნება, რადგანც იებისთვის ორივე დამღუპველია. მაგრამ ისიც არის, რაც არ უნდა სასუქი ვასხათ, განათების გარეშე ფაქტობრივად, ვერ ყვავილობენ. თუ ია ჯანმრთელი არ არის, მით უმეტეს, საკოლექციო, მარტივად ავადდება.

- ალბათ ტემპერატურაც მნიშვნელოვანია, ხომ?

- თუ ზამთარ-ზაფხულ +20-25 გრადუსი იქნება, ეს არის საუკეთესო, რადგან ისინი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად ყვავილობენ. მთავარია, ტემპერატურა +18-ზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს, რადგანაც +16 გრადუსი იისთვის უკვე კრიტიკულია.

- კოლექციაში რამდენი ია გაქვთ?

- სხვადასხვა დროს 1000-ზე მეტი ჯიში მქონია. უადგილობის გამო კი იქამდე მივდივარ, რომ რაც ჩემს გემოვნებაშია, ჯანმრთელი და მოვლილია, იმას ვიტოვებ. უფრო ლამაზი მინიატიურული იებია. კარგ ჯიშებს ბუნებრივად უხვად ყვავილობა ახასიათებთ და საოცარ სილამაზეს ქმნიან. თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ დიდი ზომის იები მოსწონთ. ამჟამად სახლში 500 ჯიშის იას ვუვლი. ყოველ წელს კი მინიმუმ 2000-ს მოვლა მაინც მიწევს.

- მორწყვის პროცესზე დაახლოებით 4-5 საათს ხარჯავთ, ხომ?

- კი, მაგრამ ყოველდღე არ სჭირდება. მორწყვიდან მორწყვამდე აუცილებელია, ნიადაგი მშრალი იყოს. ჩემი მინიატურული იები პატარა-პატარა ჭიქებში ხარობს, რომელთაც მილიგრამობით ვრწყავ - ზოგს 10, ზოგს 15, ზოგს კი 20 მილიგრამი უნდა. ისე, ეს პროცესი მაინც ინდივიდუალურია. მოკლედ, ყველაფერი ცოდნას, ენერგიას მოითხოვს და ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.

- ზოგიერთს ალბათ უკვირს, როდესაც იგებს, რომ იებს ბიჭი უვლის. თუმცა ბევრი ქალი ვიცი, ვინც მცენარეს საერთოდ არ ეკარება, რადგან ეს სამყარო მათ არ იზიდავთ...

- ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, ეს სტერეოტიპი დღემდე არსებობს. ამის გამო პატარაობაში დაცინვის ობიექტიც ვყოფილვარ, მაგრამ საბედნიეროდ ადამიანები ვითარდებიან, წინ მივდივართ და ასეთი რამეს ახლა ნაკლებად ვაწყდები...

მთავარია, ადამიანს აინტერესებდეს, უყვარდეს თავის საქმე, გინდ ბიჭი იყოს და გინდ - გოგო, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! იებით დაინტერესებული ბიჭები ცოტანი არიან, უფრო ქალბატონები ჭარბობენ, თუმცა კაქტუსებს, სუკულენტებს მეტად ბიჭები აგროვებენ. ისე, ვისაც სურვილი აქვს, - 5 იის მოვლა მაინც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ყველაფერი კი დიდი პასუხისმგებლობაა.