"შეწყალების ინსტიტუტი მოგონილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მიაჩნიათ დამნაშავედ" - ასე პასუხობს "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს და მას არც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და არც "უდანაშაულობის მსხვერპლად".
ნაცვლიშვილის თქმით, ის განცხადებები, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ერთმანეთთან შეუთავსებელია.
"ერთი მხრივ ის აღიარებს სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებს, მეორე მხრივ ამბობს, რომ ამ სისტემური პრობლემების მქონე სასამართლომ უნდა გაასამართლოს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან არის კონკრეტული პარტიულ პოლიტიკური ინტერესი, სად არის აქ ლოგიკა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის მძიმე იყო ასევე, რომ გარკვევით და ცხადად პრეზიდენტმა ისიც არ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში.
"ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ არაერთი ადამიანი, რომელიც მწვავე კრიტიკოსი იყო სააკაშვილის მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჰქონდა პირადი თუ სხვა ტიპის მიუღებლობა ბევრ საკითხზე, მაგრამ ამ ადამიანებმა და მე ჩემს თავსაც მივაკუთვნებ ამ კატეგორიას, ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგომი კრიტიკული საფრთხე დაგვენახა და ყველაზე წინ დაგვეყენებინა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევა. ვინ თუ არა სახელმწიფოს მეთაური უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ყველა რაკურსით ხედავს კრიზისს და ყველაზე წინ აყენებს სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევას, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ გარკვევით და ცხადად ისიც არ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში, როცა ამას საფუძვლად უდევს პროფესიული დამოუკიდებელი აქტორების მოთხოვნა,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.