ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კი, უკიდურესად საყურადღებო. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რამდენიმე დიდი ქალაქი 10 -15%-ით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს, მათ შორის არის თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.
"ეპიდემიური მდგომარეობა რთულია. 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის, 1640 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამასთან, ფუნქციონირებს კოვიდსასტუმროები და 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა გაბუნიამ.
საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ აუცილებელია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში, რადგან რამდენიმე დიდი ქალაქი ჩამორჩება 10 ან 15%-ით სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს და მნიშვნელოვანია ამ ქალაქებში სრულად მოხდეს ვაქცინაციის პროგრამის მოცვა. მათ შორის არის თბილისი, ბათუმი, შედარებით უკვე ნაკლები აცრილია ქუთაისში. მნიშვნელოვანია ამ ქალაქებში ვაქცინაციის მაჩვენებლის და პროგრამების გააქტიურება“, - განაცხადა გაბუნიამ.