ბრიტანეთში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ისტორიულ მოვლენასთან, რადგანაც კვლევის თანახმად, პაპილომა ვირუსების (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტიანია და მას უკვე იხსნა ბევრი ადამიანი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან.
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში 2008 წლიდან დაიწყეს პაპილომა ვირუსზე 11-13 წლამდე გოგონების ვაქცინაცია. ის მოსწავლეები, რომლებიც ამ პერიოდში აიცრნენ, ახლა უკვე 20 წელს არიან გადაცილებულნი. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებში 87%-ით შემცირდა საშვილოსნოს ყელის კიბოს გაჩენის შანსი.
აცრამ შედარებით ნაკლებეფექტიანობა აჩვენა 13 წელს ზემოთ უფროსი ასაკის მოზარდებში. ამის მიზეზად მედიკოსები იმას ასახელებენ, რომ აცრა მაშინ უნდა გაკეთდეს, სანამ ადამიანი აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებს.
კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში, პაპილომა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინამ სიმსივნის განვითარებისგან იხსნა 450 ადამინი, ხოლო სიმსივნური უჯრედების ჩამოყალიბებისგან - 17 200.
პაპილომა ვირუსების სკრინინგისთვის დღესდღეობით რეკომენდებულია ნაცხის ანალიზი 3-5 წელში ერთხელ რათა საშვილოსნოს კიბოსგან თავი დაიზღვიონ, მაგრამ პროფესორ სასიენის თქით, ვაქცინამ აჩვენა ისეთი შედეგი, რომ შესაძლოა, აღნიშნული საჭირო აღარ გახდეს.
მისივე თქმით, HPV ვაქცინაზე კვლავ ბევრი რამაა გასარკვევი, მაგალითად, რამდენ ხანს გასტანს მისი დამცველობა და იქნება თუ არა შუახნის ასაკში ე.წ. ბუსტერის გაკეთება საჭირო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაპილომა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაიწყეს მსოფლიოს 100 ქვეყანაში. პროგრამის მიზანია, რომ ჯანმომ უზრუნველყოს და მიაღწიოს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების მინიმალურ ნიშნულმდე დაყვანას.
მოამზადა ანა სიბოშვილმა