ავტორი:

პოლონეთის მთავრობა საქართველოს "ფაიზერის“ ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს

პოლონეთის მთავრობა საქართველოს "ფაიზერის“ ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს

პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა "ფაიზერის“ ვაქცინას გადმოსცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი საქართველოში უკვე შემოვიდა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.

"მოხარული ვარ, რომ პოლონეთმა, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება შეძლო. იმედი მაქვს მოსახლეობა აღნიშნულ ვაქცინებს აქტიურად გამოიყენებს და საბოლოოდ ვაქცინაციის დახმარებით დავასრულებთ მიმდინარე მეხუთე ტალღასაც და პანდემიასაც. საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება“, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიმ.

სამინისტროს ინფორმაციით, ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

უწყების ცნობით, pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer -ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:

12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს;

12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

"პოლონეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინა გადმოეცემა. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით ("სინოვაკი“, "სინოფარმი“) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: - ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!.