ის არაერთი სარეკლამო თუ მუსიკალური რგოლის, ფილმის, ავტორია. ბევრ ცნობილ ბრენდთან თუ კომპანიასთან უთანამშრომლია. წარსულში ტელეკომპანია "მეორე არხის“ დამფუძნებელიც გახლდათ, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ძირითადი პროფესიით კი ტელე-კინორეჟისორია და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ტიტული სწორედ რეჟისორობაა. დიახ, გიორგი ებრალიძეს ჩვენში რამდენიმე ათეული სარეკლამო რგოლი აქვს გადაღებული და უმრავლესობას მაყურებელი კარგად იცნობს... რესპონდენტი წუხს იმაზე, რომ ქართული რეკლამა გადაშენების პირასაა, რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს, როგორი უნდა იყოს რეკლამა მაყურებლის ყურადღება რომ მიიქციოს და როგორ იღებდა წლების წინ თავის ყველაზე ცნობილ რგოლს "გადმორეკე“, ამაზე ambebi.ge - ს თავად უამბობს.
- რეკლამა, რომელიც პროდუქტს ყიდის, უკვე კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კრეატიულადაც კარგია. ცუდი უფრო ყიდის, ძალიან ცუდიც იქცევს ყურადღებას - თუ მარკეტინგულად მივუდგებით, ასეა, მარკეტინგი, ძალიან უცნაური სფეროა. თუმცა არამარკეტინგულად რომ ვთქვათ, რეკლამის მამოძრავებელი კრეატივია! რეკლამა რაც უფრო კრეატიულია, მეტად გამახსოვრდება და როცა საჭიროა, მაშინ გახსენდება.
მე, როგორც არა მარკეტოლოგი, ასეთი რეკლამის მომხრე ვარ, რადგანაც ეს ჩემი პროფესიაა, მარკეტოლოგებს კი თავის საქმე აქვთ. თუ ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ შედეგი, ფაქტობრივად, მიღწეულია, მაგრამ ხშირად ვერ ემთხვევა...
- და მუშაობას აღარ აგრძელებთ?
- ყველასთან არ ვმუშაობ, თუმცა მქონია ასეთი გამოცდილებაც, დავთანხმებივარ, მაგრამ პროდუქტი ცუდი გამოსულა. საერთოდ, ნამუშევარი კარგი გამოვა თუ ცუდი, ეს შემდგომში ჩემს საქმიანობაზე აისახება. ამიტომ ვცდილობ, ხელი მოვაწერო ისეთ კონტრაქტს, როცა ვხვდები, რომ ცუდი შედეგი არ ექნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი რეკლამები არ გამიკეთებია. მოკლედ, ჩემი მიზანია, სარეკლამო რგოლი იყო კრეატიული, ქართული, ეს უკვე თავისთავად საინტერესოს და კარგს გულისხმობს.
- რა არის რეკლამისთვის მთავარი?
- ჩვენს სფეროში მაგ მთავარს "ფიშკას“ ვუწოდებთ. ყველა რგოლში მაყურებლისთვის რაღაც მომხიბლავი უნდა იყოს - ამბის უეცარი შემოტრიალება, თუ არაჩვეულებრივი ეპიზოდი, რომელიც ნამუშევარს სხვებისგან გამოარჩევს. ჩემი "ფიშკა“ ის არის, რომ ვცდილობ, ყველა რგოლში რაღაც ამბავი ხდებოდეს და იყოს ქართული. რეკლამას ქართველებისთვის ვიღებ, თუმცა უცხოელებისთვისაც მიმუშავია. ქართველ მომხმარებელზე ძირითადად ქართული რეკლამა "მუშაობს,“ რაც უფრო ქართულია და მისთვის ორგანული, მეტად გასაგებია. ამიტომ, ჩემთან ის დამკვეთები მოდიან, რომლებმაც ჩემი ხელწერა და რგოლები იციან...
- რეკლამის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია?
- შეიძლება იყოს 10 წამი და 5 წუთიც. გააჩნია მოცემულობას, იდეას და რგოლს რისთვის იყენებ. ინტერნეტსივრცეში უფრო გრძელი რეკლამებიც "მოსულა,“ რადგან იქ ტელევიზიისგან განსხვავებით, რეკლამის განთავსება ძვირი სიამოვნება არ არის. იმის გამო, რომ სპეციფიკურად სიუჟეტურ რგოლებს ვაკეთებ, სადაც რაღაც ამბავი ხდება, რასაც 10-15 წამში ვერ მოჰყვები, ამიტომ ჩემი რეკლამა ერთ წუთამდეა.
- მოკლედ, ქართულ ბაზარზე სიუჟეტური ამბით და იუმორით გაჯერებული რეკლამა კარგად მუშაობს, რაც როგორც აღნიშნეთ, გამოცდილებამ აჩვენა...
- კი, ასეა... საერთოდ ისეთ არეულ პერიოდში მომიწია ცხოვრებამ, რომ კინოში შემოქმედებითი კუთხით რეალიზაციის საშუალება ვერ მომეცა. ამის კომპენსაცია კი რეკლამაში მოხდა. ამიტომაც დავიწყე ასეთი სიუჟეტური რგოლები. ამასთანავე, ქართულ კინოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების დიდი გამოცდილებაც არსებობდა, რომლის უმეტესობა იუმორითაა გაჯერებული, ჩავთვალე, ისეთივე ხასიათი, როგორც ფილმებში მუშაობდა, რეკლამაშიც გამომეყენებინა...
- საუბრის დაწყებამდე მითხარით, რომ ქართული რეკლამა დღეს გადაშენების გზაზეაო. რას გულისხმობთ?
- ქართულია რეკლამა, რომელშიც არის ქართული ხასიათი. მე ამ კუთხით პირველი ნამუშევარი მაშინ გამომივიდა, როცა კახეთის რეგიონზე გათვლილი რეკლამა გადავიღე - "აქაცა რეკავს“... ამ რგოლმა ბევრ ფესტივალზე გაიმარჯვა, ჟიური მუდმივად აღნიშნავდა, რომ ამ რგოლს აქვს ნაციონალური შტრიხები, მასში არის კოლორიტი, რაც ევროპულ რეკლამას არ აქვს და შესაბამისად, ყველა ერთნაირია. მართლაც რეკლამას გარკვეულწილად ეროვნული თვისება უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც აღნიშნული რგოლი ევროპის საუკეთესო კატალოგშია შესული, პრიზებიც აიღო და განსაზღვრა ჩემი დანარჩენი ნამუშევრების ბედიც. ჩვენ იმდენი კარგი რამ გვაქვს, რომ სხვისგან გადმოსაღები და მოსაპარი არაფერი გვჭირს. ხოლო თუ რატომ არის ქართული რეკლამა გადაშენების გზაზე, გეტყვით, რომ ამის მიზეზი ტექნოლოგიებია, რომელიც ისე განვითარდა, რომ ვისაც ამ სფეროში გამოცდილება აქვს, ნიჭიერები არიან, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უმეტესად უცხოური რეკლამების კოპირებას ახდენენ. ასეთ დროს კრეატიული მიდგომა უკანა პლანზე გადადის.
სხვათა შორის, ეს დეფიციტი მსოფლიოშიც შეიმჩნევა. წინა წლებში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალების ჟიურიში ვიყავი ხოლმე. მსოფლიოს მასშტაბით ბევრი რამ მინახავს და კრეატიული "ფიშკები“ რეკლამებს აღარ აქვთ... თუმცა ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, ამას მაინც დაუბრუნდებიან.
- დაუვიწყარია თქვენი შექმნილი რეკლამა "გადმორეკე,“ რომელიც მაყურებელს ბევრი წლის შემდეგაც ახსოვს...
- იმ სტუდიაში, სადაც მისი წარმოება შედგა, რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ფრაზის "გადმორეკე“ რეკლამაში გამოყენების იდეა. ერთხელაც შემომთავაზეს, იქნებ ამაზე იმუშაოო. ოღონდ, იდეა ძალიან ნედლი იყო და ამბავი სულ სხვაგან მიდიოდა. დავჯექი, დავამუშავე - შევქმენი ამბავი და ის როგორ უნდა განვითარებულიყო. თემა კი სიყვარული იყო. მოკლედ, კონკრეტულ სცენად გადავაქციე.
- ამ რგოლში ვფიქრობ, მუსიკამ, იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობს, გარემომ, თუშეთის კადრებმაც ითამაშა როლი...
- კი, ასე იყო. დამკვეთებმა ხელი შეგვიწყეს, რომ კადრები თუშეთში გადაგვეღო და წავედით, მაგრამ უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა და ორი კვირით ჩავრჩით, ვეღარ მოვდიოდით... მანამდე კი ყველას უკვირდა, როცა ვამბობდი, - "იაშკა“ (მსახიობი დათო იაშვილი) მეცხვარე იქნება-მეთქი. არ გამოვაო, მაგრამ გამოვიდა... მანამდე მონაწილეების შესარჩევად კასტინგი ჩავატარე, რასაც ასევე არასერიოზულად უყურებდნენ. კასტინგის მერე "იაშკას“ წვერი მოვაშვებინე, თმა ავუჩეჩე და მისგან მეცხვარეც გამოიძერწა.
მთავარი ის არის, რომ უნიჭიერესი ადამიანი იყო და დაიჭირა ის მარცვალი, როგორი ტიპი უნდა ყოფილიყო მეცხვარე, რომელიც უნდა ეთამაშა და რა უნდა გაეკეთებინა. ასე რომ, სიამოვნებით დამთანხმდა სამუშაოზე, რეკლამის გარდა, ჩვენ ვმეგობრობდით, მასთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა, პირიქით, დიდი სიხარულით დამთანხმდა და იმუშავა.
კარგად იმუშავა ასევე ჟურნალისტმა ნინო კურატაშვილმა, გოგოებმა - ანი მაღლაკელიძემ, შორენა მაისურაძემ, საერთოდ, იმ გარემომ, სადაც ორი კვირა ვიყავით და გამოდარებას ველოდებოდით. დღის განმავლობაში საათ-ნახევარი იდარებდა, გავრბოდით და ვიღებდით. იმ სიტუაციაში იმდენ ხანს ვიყავით, რომ ამანაც თავისი გავლენა იქონია, თუშნი (სოფელი დართლო) გავითავისეთ და ამანაც იმუშავა. მყავდა ასევე არაჩვეულებრივი ოპერატორი ცხონებული გიორგი ბერიძე, რომელმაც ხელი დიდად შემიწყო. რგოლზე საერთოდ ძალიან კარგი ჯგუფი მუშაობდა. ნიკა მემანიშვილმაც არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში ეს პროდუქტი "დადო“.
- რეალურად რამდენი ცხვარი იყო ვაკის პარკთან მიყვანილი, როცა მეცხვარე საფინალო ფრაზას ამბობს - "ხო გადმოვრეკე, აი“?
- დაახლოებით 30-მდე, რომლებიც შემდგომ კომპიუტერით გავამრავლეთ...
- ეს ნამუშევარი ჩემთვის წუთში ჩატეული ფილმია.
- ბევრ ფესტივალზე გასულა და ყველგან მოწონება ჰქონდა. ამ რეკლამასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ის ემოცია დღემდე მომყვება, როცა ამ რგოლს სადმე გადავაწყდები ხოლმე, ისევე ემოციურად ვუყურებ, როგორც ადრე და არა იმიტომ, რომ მახსენდება ის პერიოდი, ვფიქრობ, რგოლს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ბევრი აღნიშნავს, რომ ისევ ის სათქმელი, სიკეთე და სითბო მოაქვს. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.